თორნიკე შარაშენიძე – “ოცნებისთვის” სალომეს მოგება უარესი იქნება – ის რთული და არაპროგნოზირებადი ფიგურაა”

თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებისთვის" სალომეს მოგება უარესი იქნება - ის რთული და არაპროგნოზირებადი ფიგურაა”“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, ივანიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა უმრავლესობა და სამაცხვინო უწოდა მის მიერ ჩატარებულ კვლევებს. რა მესიჯები ამოიკითხეთ მის განცხადებებში, რა პოლიტიკა აირჩია ივანიშვილმა?
– ნამდვილად არ ვიცი, რა პოლიტიკა აირჩია ივანიშვილმა, თუმცა ერთი ვიცი, რომ თუ არ გამოასწორებს შეცდომებს, საკუთარ გუნდს თუ არ გადაახალისებს და თუ არ გამოასწორებს მისი მთავრობა მუშაობას, ის ყველა ვარიანტში წააგებს, ახლა თუ არა, 2020-ში. ასე რომ თუ ამ ლაპარაკიდან გადავა რეალურ საქმეზე, მისთვის უკეთესი, ასევე უკეთესი მისი გუნდისთვის და, რაც მთავარია, საქმისთვის.
– რამდენად გულწრფელი მოგეჩვენათ ის?
– ბუნებრივია, მას უმუშავებს თვითგადარჩენის ინსტინქტი. მილიარდებს ადამიანი ისე ვერ იშოვის, თუ არ აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. ამიტომაც უნდა ამუშავდეს ახლა ინსტინქტი სერიოზულად და გადაახალისონ თავისი გუნდი.
– ცივი შხაპივით იყო ეს მმართველი გუნდისთვის.
– ვნახოთ, რამდენად შეძლებს, რომ გადაახალისოს. თუ შეძლებს ის, დაარწმუნოს წესიერი ადამიანები, პროფესიონალები, რომ შეუერთდნენ მას. რადგანაც ბევრი ადამიანი ფიქრობს საქართველოში, რომ ივანიშვილი დამთავრებულია რეალურად და ამიტომაც მასთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს.
– პროფესიონალიზმი ახსენეთ და ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთგულების ნიშნით კადრები აღარ შეირჩევა და აქცენტი გაკეთდება პროფესიონალიზმზე.
– თუ პროფესიონალები ჩათვლიან, რომ მასთან მუშაობა ღირს, კი. ჯერ უნდა შეარჩიონ ეს პროფესიონალები, დაუძახონ, თვითონ მარტო ხომ ვერ გააკეთებს ამას, ერთ ადამიანს ამდენი არ შეუძლია.
– ხომ ჰყავს გუნდი?
– საქმეც მაგაშია. მისი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მლიქვნელებით, დაუშვებს იმას, რომ ჭკვიანი ხალხი შევიდეს ამ გუნდში და ისინი დაიჩრდილონ მერე მათ ფონზე?! ეს არის დიდი პრობლემა. ვის უნდა დაავალოს პროფესიონა;ლების მოძიება, გუნდს, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ მისი ფულით? გუნდს, რომელიც მას სიმართლეს არ ეუბნება და არ არის დაინტერესებული იმითი, რომ იქ ჭკვიანი ადამიანები მოხვდნენ?!
ეს რომ მოენდომებინა ორი წლის წინ, გაცილებით იოლი იქნებოდა მისთვის. ახლა გაცილებით რთული იქნება.
– რატომ?
– თვითონ ვერ შეარჩევს კადრებს, ეს მარტივი არ იქნება, როცა ამდენი ხანი იზოლაციაში ხარ. მას არ უყვარს საჯარო ცხოვრება, არ უყვარს პოლიტიკა. ურჩევნია ოჯახში ყოფნა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ქვეყნის მართვა თუ გინდა, ამ ფუფუნების უფლება არ გაქვს. ამით კი ყველაფერია ნათქვამი.
– ივანიშვილმა გაყალბებაზეც ისაუბრა, ხელს მოვაჭრი, თუ ვინმე გაბედავს და არჩევნებს გააყალბებსო. ჩვენი მხრიდან გაყალბება გამორიცხულიაო. ოპოზიცია და არასამთავრობოები კი აქტიურად აპელირებენ გაყალბების მექანიზმებსა და სქემაზე.
– წავიდეს და ხელები დააჭრას მაშინ იმას, ვინც 5-5 კილო კარტოფილს არიგებს. ასე რომ, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. უამრავი ფაქტი გამომზეურდა გაყალბების, მოსყიდვის და დაშინების. რას ქვია ხელებს დააჭრის?! მაშინ ძალიან ბევრი ეყოლება ისეთი, ვისაც ხელები უნდა დააჭრას.
– ანუ წავა “ოცნება” გაყალბებაზე?
– წასულია უკვე, მეტი რაღა წასვლა უნდათ. მაინცდამაინც არჩევნების დღეს კი არ უნდა გააყალბო. აქ მთავარი ის არის, თუ რა ხდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კამპანიის დროს თუ ხდება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, რომ დაუძახებ ბიუჯეტზე მომუშავეებს და ეტყვი, რომ ხმა ჩვენ უნდა მოგვცე. მერე იმათ რომ აიძულებ, გადაუღონ ფოტოები ბიულეტენებს, ვიღაც-ვიღაცეებისგან რომ იქირავებ პირადობის მოწმობებს, ზოგს დააშინებ, აი, ეს არის გაყალბება და შენი თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
ბოლო თვენახევარია, ამას ვუყურებთ და ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილის ინტერვიუს და მუქარის შემდეგ ბოლო ხუთ დღეში რა მოხდება?! ახლა გაახსენდა, რომ ხელებს დააჭრის, აქამდე სად იყო?!
– მან მაქსიმალურად გააკრიტიკა უმრავლესობა და ზედმეტად აქო სალომე ზურაბიშვილი. მის მიმართ არ აქვს პრეტენზიები?
– თუ საკრიტიკო არ არის, მაშინ რატომ წააგო ამ ადამიანმა?! თუ ასეთი მაგარია რატომ წააგო? ეს კითხვა ჩნდება ლოგიკურად. გუნდმა რა დააშავა? მხოლოდ ის, რომ თურმე ვერ გათვალა კარგად არჩევნების შედეგები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა დააშავა ის, რომ წააგო. წააგო საკუთარი მიზეზით.
ის რეალურად ხალხში არ დადის, თუ დადის, ხალხს უყურებს ზემოდან და ხალხი ამას გრძნობს ძალიან კარგად, რომ ზემოდან უყურებს და თან ზიზღით დასცქერის.
აი, ეს არის მთავარი პრობლემა, როგორ შეიძლება საქართველოში ადამიანმა ხმა მისცეს ისეთ კანდიდატს, რომელიც უბრალო ადამიანებს გამუდმებით ზემოდან უყურებს. აი, რა არის ამ ქალის მთავარი პრობლემა, თორემ აბა ვის სჯერა რეალურად, რომ ან ვაშაძეა კაგებეს აგენტი და ან სალომეა კრემლის აგენტი. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროპაგანდაა.
– სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის წინ იშვიათად ჩნდება. რატომ?
– ალბათ მითითება მისცეს შტაბიდან, იმიტომ მისცეს, რომ უვარგისი კანდიდატია, რომ ვარგოდეს, სულ ტელეეკრანებზე იქნებოდა.
– ოპოზიცია და არასამთავრობოები მოსყიდვად აფასებენ ვალების ჩამოწერის საკითხს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– მე არა მგონია, რომ ამან საერთოდ იმუშაოს. როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უარს აცხადებს საერთოდ ამაზე. იმიტომ, რომ ქართუ მათ სთავაზობს, რომ გამოისყიდის ამ ვალებს ღირებულების 10%-დ, რაც ძალიან ცოტაა. მაგალითად, ვივუსს ურჩევნია, რომ დაიცადოს იმ იმედით, რომ ოდესღაც მაინც ამოიღებს ამ ვალის ნაწილს მაინც, ვიდრე 10%-დ მისცეს ქართუს.
არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა და არა – არჩევნებამდე. ჩვენს მოსახლეობას ამ დაპირებების, რომელთაც არჩევნების მერე შეუსრულებენ, მე მგონი, არ სჯერა. მთავრობის მხრიდან ეს არის მოსყიდვის მცდელობა და ეს ძალიან ცუდია.
– რა იქნება მეორე ტურის შემდეგ?
– ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება მეორე ტურის შემდეგ. აქ უფრო საინტერესოა, რა იქნება 2020 წელს. შესაძლოა, “ოცნება” ისე გამოფხიზლდეს, რომ 2020 წლის არჩევნებიც მოიგოს, ან საერთოდ დაიშალოს და 2020 წლამდეც ვეღარ მიაღწიოს.
ახლა პრობლემა არის თავად “ოცნების” შიგნით. მათ კიდევ აქვთ რეალური შანსი, მუშაობა გამოასწორონ, თუ არ გამოასწორებენ ამ მუშაობას, მათთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს.
მე კი ერთი ვიცი ზუსტად, რომ სალომეს მოგება უარესი იქნება მათთვის, ვიდრე ვაშაძის. სალომე რთული და არაპროგნოზირებადი ფიგურაა, მის პირობებში “ოცნებას” გადარჩენა გაუჭირდება. ამიტომ მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა