თვითმკვლელობა თუ მკვლელობა – 14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახი მოზარდის დაღუპვის მიზეზის დადგენას ითხოვს

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - 14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახი მოზარდის დაღუპვის მიზეზის დადგენას ითხოვს14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახის წევრები მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვენ.

ოფიციალური ვერსიით, ბიჭმა ბაბუის ორლულიანი თოფით შუა სოფელში თავი მოიკლა. ამ ვერსიას თავიდან ოჯახიც დაეთანხმა, თუმცა, მოგვიანებით გარდაცვლილის ახლობლებმა პოზიცია შეცვალეს. ნათესავები ახლა აცხადებენ, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა და მოზარდი მოკლეს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გარდაცვლილის მამიდას თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეეპარა, გულში გამავალი ჭრილობაა, რომელიც მოზარდს ზემოდან ქვემოთ აქვს მიყენებული.

მათეს მამიდა აცხადებს, რომ ბავშვი სანადირო თოფიდან მსგავსი მიმართულებით სხვისი დახმარების გარეშე ვერ გაისვრიდა.

14 წლის მათე ჯანჯღავა, რომელიც სოფელ ნაგურუში მამასთან, ძმასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, ერთადერთი ტყვიით შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

ჯანჯღავების თანასოფლელების ნაწილი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიას არ იზიარებს.

სოფელ ნაგურუში ამბობენ, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ და არც არაფერი გაუგიათ. ბავშვი იმ დღეს სკოლაში არ ყოფილა, თანასოფლელებმა კი ნასვამი ნახეს.

გარდაცვლილის ნათესავები კი დარწმუნებულები არიან, რომ სოფელი სიმართლეს მალავს და მკვლელი ნაგურუში ცხოვრობს.

მათე ჯანჯღავას მამიდის ინფორმაციით, ინციდენტის დღეს თანასოფლელ მოზარდებს შორის სკოლის ტერიტორიაზე ჩხუბი მოხდა, რაც ტრაგედიით დასრულდა. თუმცა, სკოლის დირექტორი კურიერს ამ ფაქტს არ უდასტურებს. გარდაცვლილთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ოჯახური პრობლემების გამო, მოზარდი გაკვეთილებს ხშირად აცდენდა.

გარდაცვლილი ისე დაკრძალეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩასტარებია. ეს ბავშვის მამის სურვილი იყო, რომელმაც პოლიციელებს ცხედარი არ გაატანა.

რუსთავი 2