ცესკომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა – ”ცესკო ზურაბიშვილის შტაბად გადაიქცა”

ცესკომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა - ”ცესკო ზურაბიშვილის შტაბად გადაიქცა”საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება – რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ ცესკომ ოპოზიციის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, არჩევნები მაინც შუა კვირაში დანიშნა. კენჭისყრა პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც ცესკომ ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება არჩევნების შეჯამებისა და თარიღის დანიშვნის გადადებასთან დაკავშირებით ჩააგდო.

ოპოზიციის პროტესტს წინ უძღოდა მწვავე განცხადებები. ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვდნენ განემარტათ რა მიზეზით ითხოვდა ცესკო არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერს, რომელიც ოთხშაბათი დღეა.

„რამე პრინციპული მნიშვნელობა აქვს თქვენთვის თუ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცა ცესკო. თქვენს ქმედებაშია პოლიტიკა. კანონი არ გვიკრძალავს მაგრამ გვინდა, რომ ოთხშაბათს გააკეთოთ. ესაა თქვენთვის მთავარია. ხელისუფლების მიერ არის  პროცესი მართული და აღიარეთ ხალხო. სალომე ზურაბიშვილი შტაბად ნუ გადაიქცევა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ ინსტიტუტს ნუ ჩამოშლით დღევანდელი გადაწყვეტილებით,“-განაცხადა ცესკოში ენმ-ს წევრმა  დავით კირთაძემ, რაზეც მას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა, რომ არჩევნების თარიღის ჩანიშვნისთანავე ეს დღე უქმედ ცხადდება.

ცესკოს თავმჯდომარემ კი კომისიის წევრებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. თამარ ჟვანიას თქმით, ის რომ ცესკო დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობს არჩევნების პირველმა ტურმა დაამტკიცა.

„ცესკომ, რომ დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობს, ეს ძაან მაგრად და ძაან კარგად დაამტკიცა არჩევნების პირველ ტურში, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩენილა ნეიტრალური არბიტრების მხრიდან შედეგებთან დაკავშირებით,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი თამარ ჟვანიას საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლი შეახსენეს, რომლის მიხედვითაც არჩევნები კვირა დღეს უნდა გაიმართოს. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს დანიშნოს არჩევნები იმ თარიღებში, რომელიც ემთხვევა დავით სარალიძის მკვლელობის და თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეებს.

„ნუ ჩაჰყვებით ივანიშვილს ამ წაგებულ თამაშში. ბიძინა ივანიშვლისთვუის  იმიტომ  არის მიუღებელი ის თარიღები რომელიც იყო ნახსენები , ერთი ემთხვევა დათუნა სარალიძის გარდაცვალების წლის თავს და მეორე  ემთხვევა თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რაზეც თამარ ჟვანიამ მიუთითა მას, რომ დარბაზში მიტინგი არ მიმდინარეობდა.

ოპოზიციის წევრებმა თამარ ჟვანიას ურჩიეს, რომ ადმინისტრაციის შენობაზე ცესკოს ნაცვლად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი დააწეროს.

„შეგიძლიათ რომ ადმინისტრაციას ჩამოხსნათ წარწერა, რაც აწერია ცენტრალური საარჩევნო კომისია და დააწეროთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი. ამ მასკარადებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას,“-განაცხადა დავით კირთაძემ რის შემდეგაც ოპოზიციამ კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციის ის წევრები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ცესკოს შენობის წინ აქცია გამართეს.

რუსთავი 2