“ვაშაძე ვერც სააკაშვილს შეიწყალებს და ვერც პარლამენტს დაითხოვს”

"ვაშაძე ვერც სააკაშვილს შეიწყალებს და ვერც პარლამენტს დაითხოვს"კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის ვადებზე და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებზე საუბრობს.
– ბატონო ავთანდილ, მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით ბევრი ინსცინუაციებია. როდის ინიშნება მეორე ტური?
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება.
– სამუშაო დღეს თუ ინიშნება?
– თუ შედეგები ორშაბათს გამოცხადდა, ორი კვირის თავი ნიშნავს, რომ მესამე ორშაბათს უნდა ჩატარდეს. არჩევნების პირველი ტური ინიშნება მხოლოდ კვირა დღეს, ეს გარკვევით არის განსაზღვრული.
– გამოდის, კოდექსში არსებული ჩანაწერი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა.
– დიახ, ინტერპრეტაციის საფუძველზე ნამდვილად იძლევა, მაგალითად, თუ შედეგები არასამუშაო დღეს გამოცხადდა, ათვლა მაინც ორი კვირის თავია. ამიტომ აქ მთავარია, როდის გამოაცხადებს ცესკოს თავმჯდომარე საბოლოო შედეგებს.
– ბატონო ავთანდილ, არჩევნები, რომელიც არ განსაზღვრავს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს, არ განსაზღვრავს, თუ ვინ არის ოპოზიციაში და ვინ ხელისუფლებაში, რატომ გახდა ასეთი დაპირისპირების საფუძველი?
– იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა. საუბარია სახელმწიფოში პირველ პირზე. ამ ტიპის პრეზიდენტს შეუძლია გარკვეული პოლიტიკური კლიმატის შექმნა საზოგადოებაში. მას აქვს უფლება, მიმართოს ხალხს, პარლამენტს, მას აქვს ვეტოს უფლება, ასევე აქვს შეწყალების უფლება. სხვა ექსკლუზივების უფლებაც აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ლეგიტიმურობა. ის არის მთელი ხალხის წარმომადგენელი, ის არის საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.
რაზეც გესაუბრეთ, ეს არის სამართლებრივი მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს: პირველ ტურში ხალხმა ხმა მისცა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ “ქართულ ოცნებას”. სწორედ “ქართულმა ოცნებამ” დადო საპირწონედ თავისი ავტორიტეტი ამ არჩევნებში. ახლა მთლიანად მმართველი ძალის ავტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე, გაიყვანს თუ არა მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს. სწორედ ამით აიხსნება ის სიტუაცია, რომელიც მეორე ტურის წინ არის შექმნილი.
– პოლიტიკურ კლიმატს რამდენად განსაზღვრავს?
– კვირაში ერთხელ რომ ჰქონდეს ხალხთან ურთიერთობა, პირადი შეხვედრები და თავის პოზიციას მოახსენებდეს სახელმწიფო საქმიანობის შესახებ, გეკითხებით, არ შექმნის პოლიტიკურ კლიმატს?! რასაკვირველია, შექმნის! ის აუცილებლად მოახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებაზე გავლენას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი – ვეტო. ეს ხომ იდეაა. იდეათა კრებული. იმიტომ იწუნებს კანონპროექტს, რომ ესა და ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას და ის შემდეგ ამას ასაბუთებს.
ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ქვეყანაში საომარი ვითარებაა, ვინ ხდება რეალურად პირველი პირი, ფორმალურად ისედაც არის პრეზიდენტი, რადგან მასთან იქმნება უსაფრთხოების ეროვნული საბჭო, სადაც შედიან პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და ა.შ. ამ საბჭოს კი თავად პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, რომელიც დეკრეტს გამოსცემს და რომელიც კანონის ძალის მქონეა.
თუ არაფერს წყვეტს ქვეყანაში პრეზიდენტი, მაშინ რატომ მიანდეს ასეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები?!
თანაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება და საპარლამენტო არჩევნების წინ პრეზიდენტს ბევრი რამ შეუძლია.
– პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება შეუძლია?
– არა, არ შეუძლია. პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უუნარო აღმოჩნდება და მთავრობას არ ამტკიცებს, ნდობას არ უცხადებს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ მთავრობის შემადგენლობას. ამ შემთხვევაში ყველაფერი მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, შეიძლება შეიქმნას ისეთი პოლიტიკური კლიმატი, რომ იძულებული იყოს მმართველი გუნდი, ამაზე წავიდეს.
აქვე ვიმეორებ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვერ დაინიშნება.
– თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, შეიძლება შეწყალების უფლება ჩამოართვას “ქართული ოცნების” უმრავლესობამ?
– როგორ?
– მათ ხომ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა?
– კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება?! კონსტიტუციის გადასინჯვას სულ ცოტა 6 თვე სჭირდება. მე არ მგონია, ამაზე “ქართული ოცნება” წავიდეს.
– რატომ?
– მიხეილ სააკაშვილს ისედაც ვერ შეიწყალებს, რადგან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ შეიწყალოს პირი, რომელიც ჯერ არ არის მსჯავრდებული. პრეზიდენტი მხოლოდ მსჯავრდებულ პირებს იწყალებს. მიხეილ სააკშავილთან დაკავშირებული საბრალდებო პროცესი კი შეიძლება 2020 წლამდე გაჭიანურდეს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა