ზაალ ანჯაფარიძე – „ნაციონალები 40-42%-ს მიიღებენ”

ზაალ ანჯაფარიძე - „ნაციონალები 40-42%-ს მიიღებენ”მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა და შესაძლო ვერსიებზე „ახალ თაობასთან“ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

– ბატონო ზაალ, ვხედავთ, რომ უკიდურესად დაძაბული საარჩევნო გარემოა. გრძელდება ჩანაწერების ომი. რევოლუციურ სცენარებზე ვრცელდება ჩანაწერები. სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები?

– პროცესი იმდენად შეიძლება შორს წავიდეს, რამდენადაც ადამიანების შინაგანი მორალი და პოლიტიკური კონიუნქტურა უკარნახებთ მათ, რომ დროა გაჩერდნენ. თუ მათ აღვირმა ან მუხრუჭმა არ უთხრა, რომ დროა ისინი გაჩერდნენ, მაშინ ისინი გააგრძელებენ ამ ყველაფერს.

– ვინ უნდა უთხრას, რომ დაამუხრუჭონ?

– უპირველეს ყოვლისა თვითშენახვის ინსტიქტი რასაც ჰქვია. ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ, ხალხი გვიყურებს, გვისმენს. თითოეულ ჩვენს სიტყვას აფასებს. შესაბამისად, არჩევნებით არ იწყება და არ მთავრდება ცხოვრება.

როგორც ჩანს, მათ მიცემული აქვთ გარკვეული დავალება, რომ ისე იმოქმედონ, როგორც მოქმედებენ. მათ აქვთ სტრატეგია დასახული, რომ გააკეთონ ისე, რასაც აკეთებენ.

– ორივე მხარეს გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა. ყველა მხარეს თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს და იმის მიხედვით მოქმედებენ. ის ბინძური მეთოდები, რაც გამოიყენება, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ თავსდება. აქ უკვე ადამიანის ზნეობრივ და შინაგან კატეგორიებთან გვაქვს საქმე.

– ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილი-ვაშაძეს შორის გავრცელდა, რამდენად დამაჯერებელია? მიშამ თქვა, რომ იმდენად სულელი გგონივართ, რომ ტელეფონზე განვიხილავ და სუს-ს ჩავუგდებ ხელშიო?

– სატელეფონო ჩანაწერიც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ცხადია მათი განზრახვა, რომ ისინი ამზადებენ საპროტესტო გამოსვლებს. გადაიზრდება თუ არა რევოლუციაში, ეს მეორე საკითხია. რამდენად შეძლებენ ისინი ხალხის დიდი ნაწილის გამოყვანას, რამდენად მოისურვებს ხალხი ამას. ექნებათ თუ არა მათ მხარდაჭერა დასავლეთიდან.

რევოლუცია რომ მოახდინო, ამას გარკვეული ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს. 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, მას ჰქონდა ის ლეგიტიმაცია. იმ დროისთვის უკვე დადებული იყო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი დასკვნები, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული. პარალელური დათვლის შედეგები იყო ცნობილი, ეუთოს წინასწარი დასკვნა იყო ცნობილი, რომ არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით, არ ასახავდა ამომრჩევლის ნებას და ა. შ. ანუ ამ გამოსვლებს ამან დაუდო ერთგვარი ლეგიტიმური საფუძველი.

თუ ამ არჩევნებზე არავის მიეცემა იმის საფუძველი, რომ ამტკიცოს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდაო, დასავლეთი მხარს არ დაუჭერს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს.

წარმოიდგინეთ, აწყობს მას საქართველოში კიდევ ერთი გადატრიალება, როგორიც არ უნდა იყოს ის შეფუთული? იმიტომ, რომ ამას ქვეყანაში მოჰყვება სერიოზული დესტაბილიზაცია და არეულობა. ანუ ამ ყველა ფაქტორის აწონ-დაწონით მოხდება ეს. მე არ მგონია, რომ რევოლუციურ სცენარს რამე წარმატება ჰქონდეს, თუ ხელისუფლებამ რაღაც ფატალური შეცდომა არ დაუშვა, რაც გამოიწვევს ხალხის ქუჩაში გამოსვლას.

– ანუ მაინც ყველაფერი ხელისუფლების თამაშის წესებზეა დამოკიდებული, იმაზე ,თუ რამდენად სამართლიანი წესებით ითამაშებს?

– რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები და რამდენად შენარჩუნდება ქვეყანაში სტაბილურობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ არ მოხდეს არეულობა და ა. შ.

როდესაც ხელისუფლება ხარ, შენ ხარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.

– დიდი ხანია ასეთი დაძაბული გარემო არ გვინახავს. ამას რითი ხსნით?

– ასეთი ბინძური საარჩევნო კამპანია საერთოდ არ მინახავს. 2012 წელსაც კი, როდესაც მომსწრე გავხდით საზოგადოების პოლარიზების, მაშინაც კი არ ყოფილა ასეთი ბინძური საარჩევნო კამპანია.

– რას უკავშირებთ ამას?

– ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთან. ერთი შეხედვით ეს რთული ასახსნელია. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ძალიან უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტის არჩევა ხდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ შემოტრიალდა ვითარება, როდესაც პრეზიდენტის არჩევამ შექმნა ისეთი საფრთხეები, რაც შეიძლება გახდეს მისი დემონტაჟის დასაწყისი. იგივე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.

გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ იქნებ საერთოდ ოპოზიციას მივცეთ ეს თანამდებობაო. მაგრამ შემდეგ, როცა გააანალიზეს სიტუაცია, მათ გააცნობიერეს პოტენციური საფრთხეები, რაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევის შემდეგ ელოდათ და ეს არჩევნები მათთვის გახდა პრინციპის საქმე.

აქედან გამომდინარე ჯაჭვური რეაქციის ტიპით წარიმართა მოვლენები და როგორ განვითარდა პროცესები, ეს ყველასთვის ცნობილია. დეტალებში აღარ შევალ. ასეთია პოლიტიკის კანონები, როდესაც ფიქრობ, რომ რაღაც უმნიშვნელოა, შესაძლოა, ის უცებ გადაიქცეს მნიშვნელოვნად.

– რა პროგნოზს გააკეთებთ? რას ელოდებით არჩევნების მეორე ტურისგან?

– მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი შეფასება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა, მაგრამ ჩემი შეფასება ასეთია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატმა მათი მხარდაჭერის რესურსი უკვე ამოწურეს. ის, რაც მიიღო ვაშაძემ და პლუს რამდენიმე პროცენტი, იმ ხმებიდან, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო და მათთან შეერთებული პარტიების ელექტორალური რესურსიც რომ მივუმატოთ, მაქსიმუმ ეს შეიძლება იყოს 40-42%-მდე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო მეტი რესურსია ხმების მობილიზების. ვგულისხმობ იმ ამომრჩეველს, რომელიც სახლში დარჩა, ან ყველა გადახაზა. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი გონივრულად იმოქმედებენ და მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ რესურსებს, რაც მას, როგორც სახელიუფლებო პარტიას აქვს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა