ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი ქართველ სამხედროებზე ნადირობის დაწყებას აპირებს”

ზაალ კასრელიშვილი - "რუსეთი ქართველ სამხედროებზე ნადირობის დაწყებას აპირებს"რა საფრთხე ელოდება საქართველოს ჰააგის სასამართლოდან, რა შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება, რატომ დაიწყეს ზოგიერთებმა საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– 1989 წლის 9 აპრილი ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი თარიღია. ახლა კი ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რუსის ჯარს ნიჩბებით არავინ დაუხოცავს და გასართობად მისული ახალგაზრდები ასფიქსიით გარდაიცვალნენ. ესენი სულ თავს გავიდნენ თუ რაღაც დავალებას ასრულებენ?
– როგორც ამ აქციის მონაწილეს, 1989 წლის 9 აპრილიც კარგად მახსოვს და ამ ტრაგედიის მომდევნო დღეებიც. მაშინდელი საქართველოს კომპარტიის რამოდენიმე ლიდერი და კრემლი იგივეს ამბობდა 9 აპრილზე, რაც ახლა იური მეჩითოვმა თქვა.  ასეთ რამეს ამბობდნენ კომუნისტები: გაზულუქებული ქართველი ახალგაზრდები, რამდენიმე პროვოკატორის წაქეზებით, საბჭოთა საქართველოს ხელს უშლიან ბედნიერ ცხოვრებაში.
დარბევის შემდეგ, როცა რუსთაველის გამზირი დაალაგეს, თურმე დიდი რაოდენობით პრეზერვატივებიც კი მოაგროვეს. დაახლოებით ასეთი იყო კრემლის პროპაგანდა. ეს საქართველოს მაშინდელმა განათლების მინისტრმა ქალბატონმა ვასაძემაც გაიმეორა. ასე რომ, მეჩითოვის განცხადებაში ჩვენთვის ახალი და უცხო არაფერია.
– გასაგებია. რომ ახალი არ არის, მაგრამ კრემლი და რამდენიმე კომუნისტი ამას ამბობდა 29 წლის წინ.
– მერე რა, რომ 29 წლის წინ ამბობდნენ ასე. კრემლი თავის პოზიციას 129 წლის მერეც არ შეიცვლის.
– კრემლის გაკეთილშობილების იმედი არც არავის აქვს, მაგრამ ამ უდიდესი ტრაგედიის 29 წლის თავზე საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს რომ ამბობს, ეს რას ნიშნავს?
– ვერ გავიგე, რატომ გიკვირთ? კრემლის ტრფიალებსაც იგივე მენტალობა დარჩათ, რაც მათ საყვარელ ქვეყანას აქვს.
– კრემლის მიმართ ტრფიალი აქამდეც ექნებოდათ, მაგრამ ახლა რატომ დაიწყო ამ ტრფიალის გასაჯაროება. რატომ მიდის იმის მტკიცება, რომ როდიონოვის ჯალათებს ქართველი ახალგაზრდები ნიჩბებით არ აუჩეხავთ?
– ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ამბები მიდის. კომპრომატების ფრიალი უკვე აღარ არის შედეგის მომტანი და საქმეში პირდაპირ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ჩაერთვნენ.
– ამ განცხადების უკან თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან, ისეთი იდიოტები არიან, რომ ვერ მიხვდნენ, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოში 9 აპრილზე გაკეთებულ ასეთ განცხადებას?
– ჩვენც მანდ ვართ, რომ სპეცსამსახურებს სულ არ აინტერესებთ, რა რეაქციას გამოიწვევს ეს განცხადება.
– აბა რა ჯანდაბა უნდათ? რა მიზანი აქვს ამას?
– მათთვის მთავარია სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება.
– ვის და ვის შორის უნდა მოხდეს ეს დაპირისპირება, 9 აპრილზე ყველა ერთ აზრზე ვართ.
– იმათთან დაიწყება დაპირისპირება, ვისთანაც ასეთი განცხადებების გამკეთებლები არიან გაიგივებული.
– იური მეჩითოვი არის “ოცნების” მხარდამჭერი და გინდათ თქვათ, რომ მას ეს განცხადება იმიტომ გააკეთებინეს, რომ მმართველ პარტიას დაუპირისპირდეს ხალხი?
– რა თქმა უნდა, ასეა. ხალხი, ბუნებრივია, “ქართულ ოცნებაზე” განაწყენდებოდა, იმიტომ, რომ მეჩითოვი თავს ამ პარტიის მამალ მხარდამჭერად აცხადებს. სპეცსამსახურების კვალი აქ აშკარაა, მეჩითოვის განცხადებამ “ოცნება” დააზარალა.
– “ოცნება” რატომ, საკუთარი თავი დააზარალა.
– მაგას რომ საქართველოში აღარ ეცხოვრება, ეგ ფაქტია, მაგრამ მმართველი პარტიაც ხომ დაზარალდა. ბევრი ჩათვლის, რომ აქაც ასე ფიქრობენ 9 აპრილზე.
– “ოცნებაზე” მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ “ოცნება” მეჩითოვის პათოსს იზიარებს.
– არ იზიარებენ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ჩათვლის, რომ ეს ასეა. არჩევნების მეორე ტურის წინ ასეთი რამე მმართველი პარტიისთვის დამაზიანებელია.
თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ “ქართულ ოცნებას” და ვთხოვ, რომ სასწრაფოდ გაემიჯნონ მეჩითოვის ტიპის ადამიანებს და მათ განცხადებებს. ამ განცხადების გაკეთება აუცილებელია ხალხისთვის. თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნებას” ასეთი ტიპებისთვის არ უთხოვია, ჩვენი მხარდამჭერი იყავიო.
– ძალად შეუვარდა “ოცნებას” მეჩითოვი, თქვენთან მინდა ყოფნაო?
– ძალად არ შევარდნია. მან ისარგებლა ხელისუფლებასთან სიახლოვით.
– რატომ სიახლოვით, რაღაც პერიოდი კულტურის მინისტრის მოადგილე იყო.
– მაგას ვამბობ მეც, ისარგებლა ხელისუფლებასთან სიახლოვით და იმ დავალებების შესრულება დაიწყო, რაც 29 წლის წინ მაშინდელმა უფროსებმა მისცეს.
– თქვენ ოდესმე წარმოიდგენდით, რომ 9 აპრილზე, რომელიც არის უდიდესი ტრაგედიის, მაგრამ ამავე დროს ერის გამოღვიძების დღე, ასეთ რამეს იტყოდნენ?
– ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. თან პირველ რიგში იური მეჩითოვისგან ვერ წარმოვიდგენდი.
– რატომ ვერ წარმოიდგენდით?
– იმიტომ, რომ მას, როგორც ქართული კულტურის ნაწილს, ისე ვთვლიდი. 29 წლის მანძილზე ამხელა ბოღმა როგორ დაატია გულში, მიკვირს.
– მან ისიც თქვა, 200 წელი რუსეთის ქვეშ აყვავებულები ვიყავითო. ასე ბევრი ფიქრობს და რატომ არ მიდიან თავიანთ საყვარელ რუსეთში? მის ქვეშ იყვნენ და იყვავილონ.
– საქართველოში მცხოვრები პრორუსული ადამიანები არც რუსული მანქანებით დადიან, არც რუსული საყოფაცხოვრებო ტექნიკა უნდათ და არც რუსული საკვები. არც რუსეთში მიდიან საცხოვრებლად.
რუსი საქართველოში პრივილეგიების მოსაპოვებლად უნდათ, რათა შემდეგ ეს ქვეყანა წველონ. სულ ეს არის აქაური პრორუსულების იდეოლოგია. იციან, რომ ქართველი ხალხი მათ არასდროს მოიყვანს ხელისუფლებაში და რუსეთის დახმარებით სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. აი, ესაა ჩვენი რუსეთუმეების მეტაფიზიკა.
ღალატი მეტი კი არაფერია, ღალატი ლობიო კი არაა, ზედმეტი გაზები გამოაყოფინოს ადამიანს.
– ღალატი ვახსენეთ და არის თუ არა ღალატი საქართველოს დადანაშაულება აგვისტოს ომის დაწყებაში?
– რა თქმა უნდა, ღალატია. 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და ეს ყველამ იცის.
– მართალი ხართ, ეს ყველამ იცის. მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი რატომ ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო?
– ვერ გეტყვით. ეს სპეცსამსახურებმა უნდა შეისწავლონ. ასეთი განცხადებების გაკეთება არის ღალატი.
მოდით, გავხსნათ კარტები და ვთქვათ, რა ხდება. რუსეთში არის სერიოზული კრიზისი. ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. ეს ყველაფერი არის პუტინის წინააღმდეგ მიმართული. საერთაშორისო თანამეგობრობა მისგან ითხოვს, რომ მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს ჯარები.
პუტინს, ბუნებრივია, უნდა, რომ ამ წნეხს თავი დააღწიოს და კაგებეშნიკური მეთოდებით ცდილობს საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების მოგვარებას. ყველაფერს აკეთებს, რომ ურთიერთობების დათბობა წამოვიდეს თბილისიდან, კიევიდან, კიშინიოვიდან.
– ეს რისთვის უნდა?
– ახალ სანქციებს რომ დააღწიოს თავი.
– ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ვის უნდა გაუჩნდეს მაგათთან ჩახუტების სურვილი?
– პრორუსულების და მოღალატეების მეტი რა გვყავს. მათ ათქმევინებს, რომ საქართველოს მოსკოვთან ჩახუტება სურს.
– და ამის დასამტკიმცებლად ყვირის მავანი, ომი საქართველომ დაიწყოო?
– მარტო ამის დასამტკიცებლად არა. რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში სხვა მიმართულებაც აქვს – ჰააგის სასამართლო. ამ სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი და მიმდინარეობს გამოძიება.
ამ პროცესის მიმდინარეობის პარალელურად რუსეთს სურს, შექმნას მოვლენა, რომ არსებობს მეორე სიმართლე. მოსკოვი მოღალატე ქართველების გაკეთებულ განცხადებებს ააფრიალებს და დასვამს კითხვას, სხვებს თუ უსმენთ, ამათი მოსმენა რატომ არ გინდათო.
– მერე ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს? “ოცნების” ზოგიერთი წევრი რომ გაიძახის, ომი საქართველომ დაიწყოო, ხმას ვერ ჩააგდებინებენ?
– წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება “ოცნებაში”. ვერც იმას გეტყვით, რატომ არ სთხოვენ ასეთი განცხადებების ავტორებს პასუხებს. ჩვენ დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ 2019 წელი საქართველოსთვის იქნება ძალიან წარმატებული. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
– ეს პროექტები იმ ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რომელიც თავის მომხრეებს ვერ ამუწინებს პირს, რომ მათ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები არ გააკეთონ?
– ლაგამს ვერავის ამოსდებენ და ვერ ეტყვიან, ამას და ამას ნუ იტვვიო, მაგრამ როდესაც ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გაკეთდება, იმას ან უნდა გაემიჯნო, ან შეუერთდე.
– ჰააგის სასამართლომ რომ გაგვამტყუნოს ამათი განცხადებების გამო, მერე რა უნდა ვქნათ?
– ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი რამე მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჰააგის სასამართლო ჩვენ არ გაგვამტყუნებს.
– და თუ მაინც გაგვამტყუნა?
– ჰააგაში თუ ჩვენი გამტყუნება მოხდა, ეს იქნება სრული კატასტროფა. დასავლეთი აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. იგივე მიზეზით მოხდა კოსოვოს აღიარება.
ამის გარდა, სასამართლოს წინაშე წარსდგება ყველა ის ქართველი სამხედრო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უნიკალური ომი, სადაც 12.000 რუსს 4.000 ქართველმა სამხედრომ ხმელეთზე ომი მოუგო.
– გამოდის, თქვენ არ იზიარებთ ზოგიერთის მოსაზრებას, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალიდან კურდღლებივით გამოიქცნენ.
– კურდღელივით გაიქცა მიშა სააკაშვილი. რაც შეეხება ქართულ არმიას, კაცურად იომეს. კარგი მთავარსარდალი რომ ჰყოლოდათ, როკის გვირაბის იქეთაც გავიდოდნენ.
ომის დაწყებამდე 3 კვირით ადრე მოგვდიოდა ჩრდილოეთ კავკასიიდან ინფორმაციები, რომ საქართველოს მიმართულებით რუსული ჯარი და მძიმე ტექნიკა მოემართებოდა.
– აბა რატომ ჩაიხვია ამ “ოცნებამ”, რომ ომი საქართველომ დაიწყო?
– დარწმუნებული ვარ, რომ ეს “ოცნების” ოფიციალური პოზიცია არ არის. “ოცნება” ასეთ განცხადებებს სასწრაფოდ უნდა გაემიჯნოს. ამას მათგან ყველა ელოდება. ამ საინფორმაციო ომში უპირატესობა ნაციონალების მხარესაა. ამით სარგებლობს რუსი – მას ნაციონალიც ფეხზე კიდია, მეოცნებეც და ლიბერალიც.
მთავარი არ მითქვამს, რა მოჰყვება ასეთ განცხადებებს. ჰააგამ რომც არ გაგვამტყუნოს და რუსეთის მიმართ პოზიცია ოდნავ შეარბილოს, მოსკოვი გააკეთებს იმას, რაც ჩეჩენ საველე მეთაურებთან მიმართენაში გააკეთა.
ვინც არ იცის, იმათ შევახსენებ, რომ რუსეთმა ჩეჩენი საველე მეთაურები რიგ-რიგობით დახოცა.
– ფიქრობთ, რომ რუსეთი ქართველ სამხედროებზე დაიწყებს ნადირობას?
– ჰააგის სასამართლომ ტონი ოდნავ მაინც თუ შეარბილა, რუსეთი აგვისტოს ომის მონაწილე ქართველ სამხედროებზე ნადირობას დაიწყებს.
ამიტომაც მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, სასწრაფოდ გაემიჯნოს ასეთი ტიპის განცხადებებს.
– ამ თემას ნაწილობრივ ეხება “გირჩის” აქცია. მათ საოკუპაციო ხაზთან პროტესტის ნიშნად ჩაიხადეს. ამაზე რას ფიქრობთ?
– ეს არის სამარცხვინო. მთელი ოსები დაგვცინიან. ამბობენ, ქართველებმა ჩაიხადეს, უკანალები მოგვიშვირეს და სექსი შემოგვთავაზესო.
– მაგათ დიდი ხანია რუსებთან არა აქვთ სექსი?
– მაგათ სექსს რას ვდაობ, მე ჩემი ქვეყნის პრესტიჟი მადარდებს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა