“არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს დასდევდა და “მიშა მაგარიას” ხმის ჩახლეჩვამდე უმღეროდა”

"არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს დასდევდა და "მიშა მაგარიას" ხმის ჩახლეჩვამდე უმღეროდა"სად მღეროდნენ მეოცნებეები მიშას სადიდებელ სიმღერებს, რა სკანდალი აგორდება 9 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეზე, რატომ გახიზნეს დმანისიდან და ბოლნისიდან ბავშვები? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.
– თქვენ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე საინტერესო ინფორმაცია დაწერეთ. ამბობთ, რომ ის სააკაშვილის მგზნებარე მხარდამჭერი იყო და “მიშა მაგარიას” მღეროდა.
– მოდი, დავაკონკრეტებ, არჩილ თალაკვაძე უბრალოდ კი არ მღეროდა “მიშა მაგარიას”, არამედ ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდა ამ სიტყვებს.
2012 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით ის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო. სტუდენტებთან მიშას შეხვედრებს სულ თალაკვაძე უკეთებდა ორგანიზებას. გადარეული იყო სააკაშვილზე, ცდილობდა, რამენაირად მის გვერდით ყოფილიყო.
– ნაციონალებზე ასეთი გადარეული თუ იყო, როგორ მოახერხა ისეთი ხარისხით გაქოცება, რომ ახლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია?
– მიშამ არჩევნებში დამარცხება 2012 წლის 1 ოქტომბრის გვიან საღამოს აღიარა. როგორც კი ეს განცხადება გაკეთდა, თალაკვაძემ ნაციონალების დროშა გადააგდო, “ოცნების” დროშა დაიჭირა და მოზეიმე ქოცებს შეუერთდა.
შეუერთდა თუ არა მათ, ეგრევე სისხლიან 9 წელზე დაიწყო საუბარი. ეტყობა, იმ 9 წლის მანძილზე სისხლიანი ჯამიდან მე ვსვამდი მარტო სისხლს და თალაკვაძეს არ ვასმევდი.
– თალაკვაძის გარდა “ოცნებაში” ძალიან ბევრი ყოფილი ნაციონალია დაწინაურებული. ეს რა ტენდენციაა?
– რა ტენდენციაა და არაკაცობის ტენდენციაა. ნაციონალები რომ არა, 2012 წელს ივანიშვილს პარლამენტში უმრავლესობა არ ეყოლებოდა. იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწიათ, “ოცნებამ” ყველაფერი იკადრა. გახსოვთ ალბათ ცოცხების სცენები, ამან საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ოლიგარქი სასურველ შედეგამდე მაინც ვერ მივიდა.
დადგება დრო და აუცილებლად აგებენ იმაზე პასუხს, რაც არჩევნების წინა ღამეს იკადრეს. გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 9 თვის ბავშვი დაახრჩვეს, რომ ეს ნაციონალებისთვის დაებრალებინათ.
ბარბარე რაფალიანცის ამბავმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. მაგრამ ქოცებმა ის სოფელიც კი წააგეს, სადაც ეს რიტუალური მკვლელობა ჩაიდინეს.
– რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო?
– მალე მთელი საქართველო გაიგებს, რა მოხდა იმ ღამეს კოლაგში. გავიგებთ, რანაირად აღმოჩნდა არჩევნების ღამეს ირაკლი ალასანია გურჯაანში, რომელიც წესით ზუგდიდში უნდა ყოფილიყო. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ის ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
ძალიან მალე ყველაფერი აშკარა გახდება. როცა “ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, პირადად ირაკლი ღარიბაშვილი და მანანა ბერიკაშვილი ილაპარაკებენ, ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა და სინამდვილეში რა მოხდა.
დავუბრუნდები ისევ საპარლამენტო უმრავლესობის თემას და გავიმეორებ, რომ ივანიშვილმა პარლამენტში ჩვეულებრივი უმრავლესობაც კი ვერ შეიყვანა, აღარაფერს ვამბობ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. სასურველ მიზანს მან მოღალატეების დახმარებით მიაღწია.
ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაციონალური მოძრაობის უდიდესი შეცდომა იყო, როცა 2003 წლის არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაუქმდა – პროპორციული თავიდან ჩაატარეს, მაჟორიტარულის შედეგები დარჩა. ეს იყო გაუგონარი სიბეცე. როგორ შეიძლებოდა, პროპორციული გაყალბებულიყო და მაჟორიტარული არა.
– მაჟორიტარულის შედეგები იმიტომ არ გაუქმდა, რომ შევარდნაძის ბლოკიდან გასული მაჟორიტარების უდიდესი ნაწილი ვარდების რევოლუციის დღესვე ნაციონალურ მოძრაობაში გადაბარგდა.
– კი არ გადმობარგდნენ, როგორც კი პარლამენტში შევიჭერით, ეგრევე ხელები ასწიეს და ჩაგვბარდნენ.
– თქვენც დიდი სიამოვნებით ჩაიბარეთ.
– ჩავიბარეთ და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. ჩაბარების შემდეგ, ყველა მათგანმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა დანარჩენ არჩევნებში 5 ნომრით იყარა კენჭი.
ეს ხალხი თავს იკლავდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გაემარჯვა. მათ აქტიურობა არც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ შეუწყვეტიათ.
7 ნოემბრის აქცია გავიხსენე და აუცილებლად უნდა შევეხო ნიკა მელიას. ნიკა მელია იმ დღეს ნაციონალების წინააღმდეგ რუსთაველზე იდგა. ის ჩვენ გვებრძოდა და დღეს მას სისხლიანი რეჟიმის წევრს ის ხალხი ეძახის, რომელიც 7 ნოემბერს და მას შემდეგაც “მიშა მაგარიას” მღეროდა.
ამ ხალხს ვეკითხები, არ გრცხვენიათ, მელიას წარსულზე რომ ლაპარაკობთ? ან გოგიტა ვაშაძეს როგორ ეძახით სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელს. ეს ბიჭი არსად არ გარეულა, თავჩაღუნული საქმეს აკეთებდა. იუსტიციის სახლები მისი მოგონებულია. ამ სისტემის არევაც უნდოდათ ქოცებს, მაგრამ გოგიტას ისე მაგრად ჰქონდა ყველაფერი გაკეთებული, არაფერი გამოუვიდათ.
დარწმუნებული ვარ, “ოცნება” მათ დიდი სიამოვნებით მიიღებდა, მაგრამ მათ იქ გადასვლა არ იკადრეს. სამაგიეროდ, “ოცნებას” ხელებაწეული ჩაბარდნენ ის მაჟორიტარები, რომლებმაც 2003 წელს ჩვენ აგვიწიეს ხელები. მათ შორის იყო ეს ცნობილი ვიწია ჯაფარიძე.
– ვიქტორ ჯაფარიძე გყავთ მხედველობაში?
– ხო, ვიწიაზე ვამბობ. მის გარდა, ხელები კახა ოქრიაშვილმა და ენზელ მკოიანმაც აგვიწიეს. ეს უკანასკნელი კი არ მღეროდა, არამედ ბოლო ხმაზე ღრიალებდა, მიშა მაგარიაო. აბა ვინმეს გაებედა და ნინოწმინდა-ახალქალაქში სააკაშვილზე ცუდი რამე ეთქვა.
– სამაგიეროდ, ახლა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში იმის თქმას ვერავინ ბედავს, რომ მიშა მაგარია.
– იმიტომ, რომ ეს ფეოდალი მკოიანი “ოცნებას” ჩაბარდა და მთელ ხალხს ატერორებს. იგივე ხდება სხვა რეგიონებში, ქვემო ქართლში საერთოდ კატასტროფაა, რაზეც ივანიშვილი და ოქრიაშვილი აუცილებლად აგებენ პასუხს.
ყველამ იცის, რომ გაუმაძღარმა “ქველმოქმედმა” საყდრისი ააფეთქა. იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიეღო ისტორიული მემკვიდრეობა აგვიფეთქა და აგვიოხრა, მაგრამ ესეც არ იკმარა და ახლა ხალხს ანადგურებს.
– ხალხს რანაირად ანადგურებს?
– იცით, რა ხდება ქვემო ქართლში? იცით, რა ხდება იმ ადგილებში, სადაც ოქროს წარმოება მიმდინარეობს?! რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ზაფხულში იქ რამდენჯერმე ჩავედი. გადარეული დავბრუნდი – სადაც ოქროს იღებენ, ახლო-მახლო ბავშვის ჭაჭანება არ იყო. საშინელი სანახავია, როცა ამხელა სოფლებია გაშენებული და ბავშვების ხმა არ ისმის.
– ბავშვები რატომ არ იყვნენ?
– იმიტომ, რომ გახიზნულები ჰყავთ. ივანიშვილის წყალობით, ამ რეგიონში სიმსივნით დაავადების რისკი ძალიან მაღალია. იქაურებთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ვიცი, რაც ხდება. თითქმის ყველა მეორე ქალს მკერდი აქვს მოკვეთილი.
აი, ამის შემოქმედი და გამპრავებლები გვესაუბრებიან სისხლიან 9 წელზე. ყველაზე პარადოქსი ისაა, რომ 9 წელზე ის ხალხი ყვირის, ვინც თავად ქმნიდა 9 წელს.
გადახედეთ “ოცნების” შემადგენლობას, მოწინავეთა რიგებში ის ხალხია, ვინც მართლა სისხლიან რეჟიმს ქმნიდა. ახლა ეს მართლა სისხლიანები ძალიან გამწარებულები არიან. იციან, რომ ძალაუფლებას კარგავენ და ყველაფერზე მიდიან. ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება. ივანიშვილი და “ოცნება” უკვე დამთავრებულია.
– რანაირად არის დამთავრებული, ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას ზეიმობს.
– სწორედ მაგ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ “ოცნება” დამთავრდა. 800.000 ადამიანმა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა. 100.000 ბიულეტენი გაბათილებულ იქნა. გაბათილებული ბიულეტენები ძირითადად საჯარო მოხელეების მიერ იყო შემოხაზული.
– საიდან ასკვნით, რომ საჯარო მოხელეების მიერ იყო შემოხაზული?
– ვიცით, რომ “ოცნებამ” საჯარო მოხელეებს დაავალა, შემოხაზული ბიულეტენებისთვის სურათები გადაეღოთ. ამ ხალხმა ფოტოების გადაღების შემდეგ, შემოხაზული სალომე გადახაზა და გრიგოლ ვაშაძე შემოხაზა. ცესკომ ეს ბიულეტენები გამოაცხადა ბათილად.
100.000 საჯარო მოხელე რომ ხმას შენ წინააღმდეგ მისცემს, დამთავრებული ხარ, აბა რა ხარ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ საჯარო სექტორში ძირითადად “ოცნების” აქტივისტები არიან დასაქმებული. ეს ნიშნავს, რომ “ოცნება” “ოცნების” აქტივისტებსაც აღარ უნდა. ივანიშვილის რეჟიმი მალე დასრულდება. მერე რას იზამენ მკოიანი, თალაკვაძე და ოქრიაშვილი.
– ნაციონალებმა თუ გაიმარჯვეს, ალბათ ისევ “მიშა მაგარიას” შემოსძახებენ.
– სიამოვნებით შემოსძახებენ, მაგრამ პირადად მე ამას აღარ დავუშვებ. ყველაფერის გავაკეთებ, რომ ასეთი მოღალატეები ნაცმოძრაობაში აღარ მოხვდნენ. მართალია, ამ პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ მისი მხარდამჭერი ვარ და გული შემტკივა.
– რანაირად არ ხართ ნაცმოძრაობის წევრი?
– ჩვეულებრივად. მე ამ პარტიის თანამებრძოლი ვარ. ნაცმოძრაობის ყოფილი წევრები “ოცნების” წინა რიგებში მოიკითხეთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა