„ჩუგოშვილს შეიძლება კობახიძის პოსტი მოუნდეს”

„ჩუგოშვილს შეიძლება კობახიძის პოსტი მოუნდეს”პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დეპუტატებმა, ვისაც ნაყიდი აქვს მანდატი, ან უნდა იმუშავონ, ან სადეპუტატო მანდატს დაემშვიდობონ. დეტალები ჩუგოშვილს არ დაუზუსტებია.

იგულისხმება თუ არა ამ განცხადებაში ბიზნესიდან მოსული მაჟორიტარები და რას ფიქრობს გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს:

_ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ იმ დეპუტატებს, რომლებსაც ნაყიდი აქვთ დეპუტატის მანდატი, ან მართლა უნდა იმუშავონ ან დაემშვიდობონ სადეპუტატო მანდატს. თქვენი აზრით, იგულისხმება ამაში ის მაჟორიტარები, რომლებიც ბიზნესიდან არიან მოსულები?

_ ასე ვარაუდით საუბარი რთულია, მაგრამ წესით თუ ჩვენ ქართულ ტრადიციას გავითვალისწინებთ, ეს ხელისუფლების მხრიდან იმის აღიარებაა, რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში მანდატების ყიდვის შედეგად მოხვდნენ. ამაში ალბათ უმრავლესობის დეპუტატები იგულისხმა, თუმცა შესაძლოა უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან.

დეპუტატების „საქმიანობის“ ასეთი ტრადიცია ნამდვილად არსებობს: მათი ნაწილი შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყიდულობდა მანდატებს, მაგრამ ოფიციალური პირისგან ამის აღიარება პირველად მოხდა. ფაქტობრივად, ეს თვითლუსტრაციაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არიან დეპუტატები, რომლებმაც მანდატები იყიდეს.

მაჟორიტარების დიდ ნაწილს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ფაქტობრივად დაბევებული აქვთ მაჟორიტარული ოლქები. პარლამენტის საიტზე ჩანს, ესა თუ ის დეპუტატი რამდენგზის მოწვევის დეპუტატია სულ ერთი იგივე მუნიციპალიტეტიდან. მათ, ფაქტობრივად, საფეოდალოდ აქვთ ქცეული ესა თუ ის მაჟორიტარული ოლქი. ამიტომაც, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან „გამოისყიდიან“ საფეოდალოს: თავის დროზე იყო „მოქალაქეთა კავშირისგან“, მერე „ნაციონალური მოძრაობისგან“, ახლა „ოცნებისგან“ ყიდულობენ უფლებას, რომ ამ ოლქში იყარონ ხელისუფლების მხარდაჭერით კენჭი. არანაკლებ გავრცელებული ტრადიცია იყო პროპორციულ სიაში ადგილების ყიდვაც. სხვადასხვა თანხებზე იყო საუბარი, 200.000 დოლარიდან ნახევარ მილიონამდე მერყეობდა ხოლმე ეს თანხა, ყველა გამსვლელი პარტიის სიაში. როგორც ჩანს, ეს ამ პარლამენტშიც იყო.

_ რას ნიშნავს თქვენთვის ის, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი?

_ მეეჭვება, რომ ამ გზით ხელისუფლება ემზადებოდეს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად. მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ვისურვებდი, რომ ამ განცხადების ქვეტექსტი ნიადაგის მომზადება იყოს მაჟორიტარების გასანეიტრალებლად და ეს იყოს მცდელობა ამ გზით საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებისა მაჟორიტარებთან სავარაუდო ბრძოლაში.

როცა პროპორციულ სისტემაზე ვსაუბრობთ, „ოცნების“ დიდ ნაწილს ეს არ უნდა იმიტომ, რომ ისინი პროპორციული სისტემის ფარგლებში ხელისუფლებაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი თავად მაჟორიტარები არიან.

ეს არ არის უმნიშვნელო ბარიერი, ამ ადამიანებს ჯამში შესაძლოა არანაკლები კაპიტალი ჰქონდეთ, ვიდრე თავად ბიძინა ივანიშვილს. საუბარია უმსხვილეს ბიზნესმენებზე, რომელთა სოლიდური ნაწილიც პარლამენტშია წარმოდგენილი მაჟორიტარების სახით. რა თქმა უნდა, მათ საარჩევნო ოლქები საყიდლად 2020 წელსაც აქვთ მოხაზული. ამიტომ, ამ ადამიანების წინააღმდეგობა ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევია.

_ როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, სწორედ მაჟორიტარები წავიდნენ ამის წინააღმდეგ.

_ სხვებიც წავიდნენ, რადგან ამ გზით მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა მათთვის საკუთარი სიმშვიდის გარანტიაა, მაგრამ უპირატესი როლი მაინც მაჟორიტარებს ჰქონდათ, რათა შეენარჩუნებინათ ეს სისტემა.

მაჟორიტარების განეიტრალების საქმეში ხელისუფლების ყველაზე კარგი პარტნიორი მოსახლეობაა. თუ ინფორმაციულად შემზადება მოხდება, რომ საქართველოს პირობებში, მაჟორიტარული სისტემა არის გარიგება ხალხის წინააღმდეგ და ამას წერტილი უნდა დაესვას არა 2024 წელს, არამედ 2020 წელს, ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან პარტნიორობა გარანტირებული ექნება.

მე ვისურვებდი, რომ ასე მეთარგმნა ჩუგოშვილის განცხადება, რეალურად რა მოტივი იყო, ამას ვერ გეტყვით.

_ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი თუ ეს არის ჩუგოშვილის პირადი განცხადება? ის ბოლო პერიოდში გამოირჩევა საინტერესო განაცხადებებით. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი თავისუფლების გამომხატველი პოზიცია იყო ეს?

_ მე არ ვიცნობ ამ ადამიანს იმდენად, რომ მის სუბიექტურ მოტივებზე ვილაპარაკო. ცხადია, რომ საკმაოდ ჭკვიანი ქალია, რომ ხვდებოდეს, რა ტენდენციებია საზოგადოებაში და ამ ტენდენციების გათვალისწინებით გამოხატავდეს პოზიციებს.

ის ითვლება ლიბერალური ფრთის წარმომადგენლად ხელისუფლებაში და სწორედ მისგან ელოდებიან საზოგადოებისკენ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას. ის უმრავლესობის წიაღში აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული დეპუტატია. აქედან გამომდინარე, ამერიკის სიმპატიის შესანარჩუნებლად მისი პერსონის მიმართ, იცის რა განცხადებები აკეთოს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წიაღში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია კობახიძის მიმართ საზოგადოებაში უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. საუბარი სულ უფრო აქტიურია პარლამენტის თავმჯდომარის ჩანაცვლებაზე. არ არის გამორიცხული, რომ ჩუგოშვილი თავის დროს ელოდებოდეს კობახიძის გადაყენების შემთხვევაში და სათანადო განწყობებს ქმნიდეს საზოგადოებაში მისი პერსონის მიმართ.

_ გადავიდეთ ინაუგურაციის თემაზე. ხელისუფლებაშიც ჯერ არ არიან საბოლოოდ გარკვეული, სად იქნება ინაუგურაცია. რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე?

_ ინაუგურაციის თემა არ არის დიდი ინტერესის სფერო. ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემა, რათა სხვა საკითხებიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ. თავისთავად ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი ინტერესი. სრულიად უუფლებო, საზოგადოებისთვის თავს მოხვეული პრეზიდენტი, ნაჩუქარი მანდატით, სად და როგორ გაკეკლუცდება ინაუგურაციაზე, ამის არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

_ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ არასწორია, როცა აქციაზე ვაშაძეს პრეზიდენტს ეძახიან, რადიკალიზაცია არ მოსწონს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ძალაში გარკვეული ბზარია გაჩენილი?

_ ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი განცხადება განსხვავდება მისი კოლეგების შეხედულებებისგან ნაცმოძრაობის წიაღში. ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს ბზარი.

_ ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ სწორედ არჩევნების შემდგომი ქმედებები გახდა 2016 წელს ნაცმოძრაობის დაშლის მიზეზი.

_ კი, განხეთქილება ამან გამოიწვია. მე არ ვფლობ კულუარულ ინფორმაციებს, რომ ვივარაუდო, გამოიწვევს თუ არა ეს მორიგ ჯერზე ნაცმოძრაობის დაშლას.

პრაგმატული თვალსაზრისით, ნაცმოძრაობა დღეს უფრო გაძლიერებულია და ამ პარტიიდან გასვლა დღეს ნაკლებ მომგებიანი ჩანს, მაგალითად, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო, მაგრამ შესაძლოა სალომე სამადაშვილს სხვა მოტივები ამოძრავებდეს.

_ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები?

_ ჩემს აზრს არ დავეყრდნობი, ამ შემთხვევაში ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის აზრს ვიტყვი, რომელმაც საქართველოს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა, უამრავი დარღვევის მიუხედავად. რომ არ აღიარონ, რა შედეგს მიაღწევენ ამით?

პროპორციული სისტემით არჩევნები რომ ჩასატარებელია, ამაზე „ოცნების“ გარდა ყველა პარტია თანხმდება, რომ 2020 წელსვე უნდა ჩატარდეს არჩევნები ამ სისტემით. მაგრამ ვადამდელი არჩევნები, რასაც ნაცმოძრაობა ითხოვს, მათ გარდა, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს, თუნდაც პროპორციული წესით ჩატარდეს. იმიტომ, რომ ამისთვის მზად არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის.

ნაცმოძრაობას სწორედ ამიტომ უნდა ვადამდელი არჩევნები, რომ სანამ იმ 800.000 ხმიდან ნახევარი სხვა პარტიებზე გადანაწილებულა, ძალიან ანგარიშგასაწევ ძალად შევიდეს პარლამენტში.

ამ არჩევნებზე საპროტესტო ხმები იყო ძალიან დიდი. დიდი შანსია, რომ ეს საპროტესტო ხმები 2020 წელს ჩამოშორდეს როგორც „ოცნებას“, ისე ნაცმოძრაობას. ამას ნაცმოძრაობა კარგად აცნობიერებს. შესაძლოა, დრომ მის სასარგებლოდ არ იმუშავოს, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე საინტერესო პოლიტიკური ძალები გამოვლენ. შესაბამისად, „ნაცმოძრაობას“ ამიტომ არ უნდა შედეგების აღიარება: ამას საბაბად იყენებს ვადამდელი არჩევნების მოსათხოვად.

დღეს არსებული მოდელით ვადამდელი არჩევნების ჩატარება ნაციონალურ მოძრაობაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს, საქმე საქმეზე თუ მიდგა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მაჟორიტარებიანად კვლავ შეეცდება, უმრავლესობაში მოვიდეს. ისევ იმ პრინციპით, რომ სხვა არცერთი ძალა მზად არ არის არჩევნებისთვის და ისევ იმ ლოზუნგით – საბოლოო მახვილი ჩავცეთ „გველაშაპ სააკაშვილს“, „ოცნებას“ დღეს მეტი შანსი აქვს უმრავლესობაში მოვიდეს, ვიდრე ეს 2020-ში ექნება. მაგრამ ის, რაც „ოცნებას“ აწყობს, შეიძლება ივანიშვილს არ აწყობდეს.

დღეს ტოლობის ნიშანს ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნებას“ შორის ვერ დავსვამთ. „ოცნებაში“ ბევრია ისეთი, ვინც მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს პოლიტიკაში, ხოლო პოლიტიკა მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის სჭირდება და ისინი შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვის სერიოზულ ბარიერად იქცნენ.

ივანიშვილს პროპორციული არჩევნები შეიძლება აწყობდეს კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აწყობს „ოცნებას“. იმიტომ, რომ ივანიშვილი წვრილ-წვრილი პარტიებით პარლამენტში უმრავლესობას მაინც შექმნის. მას შეუძლია, რომ პროპორციული სისტემით ჩაატაროს არჩევნები 2020-ში, პარლამენტში შესული 7-8 პარტიიდან უმრავლესობა დააკომპლექტოს, თვითონ გადგეს განზე, რეალური ძალაუფლების მქონე თვითონ იყოს, ისევ თვითონ იყოს გავლენის მთავარი ცენტრი, მაგრამ არ იყოს პასუხისმგებლობის მქონე მთავარი ობიექტი, ვისაც მთავარ ტალახს ესვრიან.

ეს მისთვის შეიძლება გაცილებით კომფორტული იყოს, ვიდრე დღევანდელი სტატუს-ქვო. მაგრამ ეს სცენარი „ქართული ოცნების“ ფულნაშოვნ და ძალაუფლებანაგემ უმრავლესობის დიდ ნაწილს თამაშგარე დატოვებს. ამიტომ, შესაძლოა, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების გზაზე მთავარი ბარიერი სწორედ „ოცნება“ იყოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა