გია ნოდია – „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის კომფორტული პრეზიდენტი არ იქნება”

გია ნოდია - „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის კომფორტული პრეზიდენტი არ იქნება”პოლიტოლოგია გია ნოდია „ახალ თაობასთან“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს.

ბატონო გია, შეაფასეთ არჩევნები. რა თქვა ამომრჩეველმა?

ამომრჩეველმა იმდენად „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირა მხარი, რამდენადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი. ტაქტიკურად, მთელი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო აწყობილი. ამ კამპანიამ რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ ამავე დროს იმუშავა იმ საარჩევნო მობილიზაციამ, რომელიც დიდწილად აგებული იყო ზეწოლაზე და მოქრთამვაზე, რომლის შედეგადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.

ასე, რომ გარკვეულწილად ამომრჩეველმა რეაქცია გააკეთა ამ ზეწოლისა და მოქრთამვის კამპანიაზე და ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებზე.

ეს არის თუ არა იმის საფუძველი, რომ რაღაც რევოლუციური სცენარი განვითარდეს ქვეყანაში, ან არჩევნების შედეგების არაღიარება და ა. შ?

არა მგონია. რევოლუციური სცენარი ვერ დავინახე. როდესაც მიშა სააკაშვილმა მოუწოდა ასეთი სცენარისკენ, მისი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საკმაოდ მკაფიო დისტანცია დაიკავა ამისგან. არ ჩანს არანაირი რევოლუციური ენთუზიაზმი ჯერ-ჯერობით გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეთა შორის. გასაგებია, რომ შესაძლოა საპროტესტო აქციები იყოს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია ასეთი არჩევნების შემდეგ. რევოლუციურ სცენარზე ორიენტაციას თუ აიღებს ოპოზიცია, ამის ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს.

სააკაშვილის განცხადება მასობრივ დაუმორჩილებლობაზე რამდენად ადეკვატური იყო ამ ვითარებაში?

ჩემი აზრით, არ იყო ადეკვატური. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას გრიგოლ ვაშაძემ შეახსენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ოპოზიციამ უნდა მიიღოს და ასე ერთპიროვნულად სააკაშვილი ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. მოწოდება შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ ოპოზიციური ლიდერებისთვის უნდა მოეწოდებინა და არა მთლიანად ხალხისთვის. ამ მხრივ არ იყო ადეკვატური.

გარდა ამისა, მან არ იცის საქართველოში არსებული რეალობა. 5 წელია, ის საქართველოში არ ყოფილა და როგორც ჩანს ის ქართულ რეალობას მოსწყდა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ საჭიროა გარკვეული საფუძვლების არსებობა. მაგალითად ეგზიტპოლების შედეგებით გამყარება.

რა თქმა უნდა. ჩემთვისაც როგორც უკვე ვთქვი, ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებისგან შორს იყო, მაგრამ უშუალოდ არჩევნების დღის შედეგი – არა. ის ხალხი, ვინც მივიდა არჩევნებზე მათმა უმრავლესობამ ნამდვილად მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს.

ასე რომ, თვითონ არჩევნების დღის თვალსაზრისით არ არის იმის საფუძველი, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. მაგრამ, თუ მთლიანად საარჩევნო პროცესს განვიხილავთ, ეს იყო აშკარა უკანდახევა თუნდაც ბოლო წლების არჩევნებთან შედარებით.

თუ ელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებები შეიცვლება და თუნდაც პირველი ტურიდან გამომდინარე თავის გეგმებს გადახედავენ?

არ ვიცი. მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რომ პრინციპულად რაღაცა შეცვალოს. არა მგონია, მას ამისთვის რაღაც იდეები ჰქონდეს. მას შეუძლია რაღაც პოპულისტური ნაბიჯები გადადგას, რისგანაც აქამდე თავს იკავებდა. ან შეიძლება უფრო რეპრესიული ნაბიჯები გადადგას, რისგანაც ასევე თავს იკავებდა. მაგრამ, იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად უკეთესი პოლიტიკა აწარმოოს, ცოტა ძნელად წარმომიდგენია. იმიტომ, რომ თუ ეს შეეძლო, მაშინ აქამდე 6 წლის განმავლობაში რას აკეთებდა?!

საკადრო პოლიტიკაში ხომ არ ელოდებით ცვლილებებს?

ორჯერ შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრი. ერთ-ერთი ახლახან შეცვალა, ასე რომ, არ ველოდები. შესაძლოა, კიდევ შეცვალოს ვიღაცა, მუდმივად იცვლება ვიღაცა ხელისუფლებაში, მაგრამ ეს თავისთავად საკადრო პოლიტიკის პრინციპებს არ შეცვლის.

არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, რომ სხვანაირად უნდა მოიქცეს. პირიქით, შეიძლება ჩათვალოს, რომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს პირადი ერთგულება საკუთარი თავის მიმართ.

თუმცა, თავად სხვა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აქცენტო პროფესიონალიზმზე გაკეთდება და არა ერთგულებაზე.

ეს გასაგებია. იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, მაგრამ ვერ ვხედავ, რატომ გააკეთებს ამას რეალურად.

ანუ ეს განცხადება მისი მხრიდან წინასაარჩევნო ხრიკი იყო?

წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების განცხადებები ყოველთვის გამიზნულია იმაზე, რომ ამომრჩევლის გული მოიგონ. რასაც ეუბნებიან მრჩევლები, რომ ასეთი განცხადებები იქნება პოპულარული, ისეთ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.

მედიაშია დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ივანიშვილი თავად დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე. ეს თქვენ რეალურად არ გეჩვენებათ?

ჯერ-ჯერობით რეალურად არ მიმაჩნია. იმიტომ, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. შესაბამისად, ის არ თვლის, რომ საჭიროა კიდევ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა და არ უნდა მას ამის გაკეთება. თუ კიდევ უფრო გაუმძაფრდება მას კრიზისის განცდა, შესაძლოა ასეთი უკიდურესი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ…

პრინციპში არც ამას გამოვრიცხავ. ძალიან გასაკვირი იყო ის, რომ პარტიის ლიდერად დაბრუნდა. ეს სრულიად მოულოდნელი იყო. ამის შემდეგ გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს არ გააკეთოს.

ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება „ქართული ოცნების“ მორჩილი თუ მისი სიხისტიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ, რომ რაღაცა დისტანცია დაიკავოს მისგან?

ესეც სავსებით შესაძლებელია. ის არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომელიც მარტივად მართვადია. არა მგონია, რომ ის „ქართული ოცნებისთვის“ სრულად კომფორტული პრეზიდენტი აღმოჩნდეს, მაგრამ კონკრეტულად რა საკითხებზე შეიძლება განსხვავებული აზრი გამოთქვას, მაგის თქმა ძალიან რთულია.

მარგველაშვილის გამოცდილების შემდეგ ამ თვალსაზრისით ივანიშვილმა ხომ არ გარისკა, როცა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი და ჩაერთო საარჩევნო პროცესში?

კი. რა თქმა უნდა, გარისკა. საერთოდ გაუგებარია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამაზე ვერავინ პასუხს ვერ სცემს, მაგრამ ფაქტია, რომ მიიღო და ამაში რისკი იყო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა