“გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცა, რომ სააკაშვილის მონა არ არის”

"გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცა, რომ სააკაშვილის მონა არ არის"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დავით კირკიტაძეს. ნაცმოძრაობა მწვავედ აკრიტიკებს როგორც პოლიციას, ისე სასამართლოს. რამდენად ობიექტური იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად სწორად იქცევა ოპოზიცია?
– ჩემი აზრით, საჭირო ნამდვილად არ იყო შეხტომა პოლიციის კორდონზე იმ დღეს. ბუნებრივია ოპოზიციის სურვილი, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს პროცესებზე და ამითი თავისი ამომრჩევლები და მხარდამჭერები შეაგულიანოს, რაც მე საბოლოო ჯამში არ მიმაჩნია სწორად.
რაც შეეხება განაჩენს, ჩვენთან სასამართლო იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ეს განაჩენი სწორიც რომ იყოს და სამართლიანიც, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩათვლის, რომ მაინც უსამართლოა. ამიტომ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.
წლების წინ მე მახსოვს, რომ მელორ ვაჩნაძე ასევე ექაჩებოდა პოლიციელებს, ჩასვამდნენ მანქანაში, წაიყვანდა პოლიცია და 100 ლარად გამოუშვებდნენ უკან. ასე რომ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. რეალურად “ოცნება” აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა ნაცმოძრაობა. სასამართლო ემსახურება მას, ამით ყველაფერია ნათქვამი.
– კირკიტაძის შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს მყარი არგუმენტები, ვიდეოკადრები არსებობს და ვერავინ შეედავება.
– კი ბატონო, გასაგებია, კირკიტაძემ, შესაძლოა, მართლაც დააშავა, მაგრამ რამდენად ადეკვატური იქნება სასჯელი, რომელსაც მას გამოუტანენ, ამის მერე ვილაპარაკოთ.
– რას იტყვით ოპოზიციის სვლებზე, მის ტაქტიკაზე? ჩვენ ასევე ვისმენთ სააკაშვილის შეფასებებს და მის მოწოდებებს. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– აშკარად გამოიკვეთა, რომ სააკაშვილს თავის ხაზი აქვს, მისი სურვილია, რომ სწორედ მის ხაზს გაჰყვეს ოპოზიცია, ხოლო ოპოზიცია ამ ხაზს ასე მარტივად არ მიჰყვება და დღეს ეს პრობლემა სახეზეა.
– ოპოზიციის უკანდახევად ჩაითვალა, როდესაც მათ რუსთაველზე კარვები აიღეს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ამაში კარგად ჩანს, რომ ოპოზიციაში წინააღმდეგობებია. კოორდინაცია აკლიათ. ერთადერთი მელია ჰყავთ ქუჩის ლიდერი, ეს არის და ეს. ეს სერიოზული პრობლემაა.
– რით დამთავრდება ეს ყველაფერი? პატარ-პატარა აქციებს გამართავენ კიდევ და შემდეგ დაიშლებიან?
– რა თქმა უნდა, წელს არაფერი არ იქნება. გაზაფხულიდან უნდა ველოდოთ რაღაცეებს. იმიტომ, რომ გაზაფხულზე ხალხი იგრძნობს, რომ სიტუაცია არ გამოსწორდა და არაფერი შეიცვალა უკეთესობისკენ და ოპოზიციას ექნება საშუალება, რომ სიტუაცია ხელახლა გაამწვავოს.
– უახლოეს პერიოდში ხედავთ იმის შანსს, რომ ისეთი ძალა გამოიკვეთოს პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელიც ჩააჩოჩებს როგორც “ოცნებას”, ისე ნაციონალურ მოძრაობას?
– მე აქ ორ ვარიანტს ვხედავ. ერთი, რომ მესამე ძალის ნიშა აითვისოს პირადად გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც გამოიკვეთა, რომ არ არის სააკაშვილის მონა! მეორე ვარიანტია, დავაკვირდეთ, რას იზამს ელისაშვილ-უსუფაშვილის დუეტი.
– შესაძლოა, თავად “ოცნების” წიაღშიც წარმოიქმნას ახალი ოპოზიციური ძალა, თუნდაც კალაძის სახით. ამაზე რას იტყვით?
– რა გითხრათ, კალაძე ასე მარტივად ვერ მოწყდება “ოცნებას”. დაახლოებით ისე მოწყდება, როგორც “ევროპული საქართველო” მოწყდა ნაცმოძრაობას. ვინ უნდა იყოს მისი ამომრჩეველი?! მესამე ნიშას ვერანაირად ვერ დაიკავებს. როგორც “ევროპულმა საქართველომ” ვერ დაიკავა მესამე ნიშა, ასე ვერ დაიკავებს კალაძე ოპოზიციური ძალის ნიშას.
– ელისაშვილს მეტი შანსი აქვს?
– კი, რა თქმა უნდა. მე ახლა არც იმას გამოვრიცხავ, რომ სერიოზული რეპრესიები წავიდეს ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ. ხელისუფლებას აშკარად გაუტკბა ძალის დემონსტრირება. ჩათვალა, რომ უხეშობა და ძალის დემონსტრაცია ამართლებს. თუმცა ეს მისთვისვე იქნება ცუდი. თუ პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდნენ დასავლეთში, ამას საქართველო ვერ გადაიტანს ასე მარტივად.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა