ირაკლი მენაღარიშვილი – „საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებით 2008 წლის ომის აცილება შესაძლებელი იყო”

ირაკლი მენაღარიშვილი - „საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებით 2008 წლის ომის აცილება შესაძლებელი იყო”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია. რუსეთის საგარეო უწყება იმასაც ამბობს, რომ ასეთმა უპასუხისმგებლო გზავნილებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ.

არის თუ არა რუსეთის ეს განცხადება მუქარა საქართველოსთან მიმართებაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა ამის აღსაკვეთად? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა,

_ რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ნატოს გენერალური მდივნის მხარდამჭერ განცხადებებს. რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამას?

_ ერთადერთი შეიძლება ითქვას ის, რომ რუსეთი დაჟინებით აგრძელებს თავის დესტრუქციულ სტრატეგიას. მისი ამოცანაა, ხელი შეუშალოს ყველა შესაძლო მეთოდით პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრირებას ცივილიზებულ სამყაროში. მიზნად აქვს დასახული თავისი ექსკლუზიური გავლენის აღდგენა და გაძლიერება ამ სივრცეზე. ამიტომაც არის მისთვის მიუღებელი საქართველოს დაახლოება ევროპულ სივრცესთან. იგულისხმება როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტეგრაცია და გაღრმავება, ისე ნატოში საქართველოს გაწევრიანება.

ის ამას ცდილობს ყველა გზით, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებითაც. რა თქმა უნდა, ისინი არ გაუშვებენ ხელიდან შესაძლებლობას, რომ ეს მათი დესტრუქციული პოზიცია განაცხადონ. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთს აქვს სრულიად უსაფუძვლო და ყალბი ილუზია, რომ მათ განცხადებებს და მათ მოთხოვნებს ვინმე ანგარიშს უწევს.

_ არ არის ეს ასე?

_ ერიდებიან რუსეთის გაღიზიანებას. იმიტომ, რომ მაინც ბირთვული სახელმწიფოა, მაგრამ მისი შეფასება სიტუაციისა უკვე კარგა ხანია ღიმილს იწვევს ხოლმე. ეს უკეთეს შემთხვევაში.

_ ამავე განცხადებაში ისინი იხსენებენ 2008 წლის პერიოდსაც და ამბობენ, რომ წაახალისეს მაშინაც ქართული მხარე ასეთი მხარდაჭერებით. ხომ არ არის ეს სახიფათო გზავნილი რუსეთის მხრიდან და ეს მუქარადაც ხომ არ უნდა აღვიქვათ?

_ ასეთი განცხადებები სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ ფრთხილად ვიყოთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა შემთხვევაში. როცა საქმე გაქვს რუსეთთან. მით უმეტეს, რომ მისი შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა განლაგებული და თან დიდი რაოდენობით.

ისე, 2008 წელი ნიშანდობლივი მაინც არის სწორედ იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რასაც რუსული პროპაგანდა ამტკიცებს. 2008 წელს დასავლეთს უფრო კეთილგონიერი და თამამი ნაბიჯი რომ გადაედგა ბუქარესტის სამიტზე, შეიძლებოდა, 2008 წლის აგრესია თავიდან აცილებული ყოფილიყო.

_ ანუ 2008 წელი დასავლეთისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს?

_ უდავოდ. არაერთი პოლიტიკური ფიგურა და ანალიტიკოსი ამბობს დღესდღეობით, რომ 2008 წელს დიახაც შეცდომა იყო დაშვებული რუსეთის ზეწოლის პირობებში. მაშინ რუსეთის დამშვიდების მიზნით, უკრაინას და საქართველოს მაპ-ის მინიჭებაზე უარი უთხრეს. შედეგი სრულიად საწინააღმდეგო მივიღეთ. რუსეთმა გაბედა და გააკეთა ის, რაც 2008 წელს გააკეთა. დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესიული მოქმედება. მისი მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენა გახლავთ.

თავიდანვე რომ აღდგომოდა დასავლეთი მის ასეთ მიდგომას წინ, აღეკვეთა ის ჩანასახში, სრულიად შესაძლებელია, დღეს მდგომარეობა სხვანაირი ყოფილიყო.

_ დასავლეთი დღეს გაცილებით თამამია და შესაძლოა მიიღოს უფრო თამამი გადაწყვეტილება?

_ უფრო თამამი და გაბედული რომ არის, ფაქტია. მაშინ რუსეთის მუქარის შეძახილზეც კი რეაქცია მისცეს, ახლა რუსეთი დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ არის და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დღეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ, დღეს სიტუაცია შეცვლილია, მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არ არის.

დასავლეთის მცდელობა საკმარისად მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც მას მოჰყვება რუსეთის მიერ ხელის აღება აგრესიაზე და სიტუაცია შეიცვლება საქართველოშიც და უკრაინაშიც.

_ მაპ-ის საკითხიც ხომ არ იქნება გზავნილი?

_ უდავოდ. ვნახოთ, როგორ წავა საქმე, მაგრამ დასავლეთი დღეს გაცილებით უფრო საღად და ფხიზლად უყურებს ამ საქმეს. თუმცა, სრული ერთსულოვნება იქ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

_ ჩვენც ხომ არ გვაქვს გასაძლიერებელი კიდევ უფრო მეტად დიალოგი?

_ უდავოდ. რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს, თავის დამშვიდება, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ახლა დასავლეთმა გადადგას ნაბიჯი, არასწორი იქნებოდა. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ვეძებოთ დამატებითი რესურსები, შესაძლებლობები, მიდგომები, გზები, რათა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად იყოს გამონახული.

_ ე.წ. საზღვრებზე მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება. ეს განიხილება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

_ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა არის, მაგრამ ეს არ არის ის ფორმატი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იყოს. ამის მიღების პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. აქაც ერთადერთი მეთოდი დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლაა. ეს არის ერთადერთი მეთოდი, რათა რუსეთის თავგასულობა აღკვეთოს.

_ ანუ ისევ და ისევ დასავლეთთან დიალოგი უნდა გავაძლიეროთ?

_ რა თქმა უნდა. სხვანაირად შედეგი არ იქნება. მე მგონი, კარგა ხანია დავინახეთ, რომ რუსეთს უკვე სხვა ენა არ ესმის, გარდა ძალისმიერი ზემოქმედებისა. რუსეთს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მიზანი, რაც ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნეთ და ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. მზად არის ამისათვის გადაიხადოს საკმაოდ მაღალი ფასი.

მას ძალიან ძვირი უჯდება ასეთი თავგასული პოლიტიკა, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით პუტინი იხდის ამ ფასს. ეს არის რუსეთის ეკონომიკური დაუძლურება. ეს არის სოციალური მდგომარეობის დაძაბვა ქვეყნის შიგნით, მაგრამ ისინი ჯერ-ჯერობით ამ მსხვერპლზე მიდიან. ამიტომ, საჭიროა ფასის აწევა, რომ ეს მიუღებელი გახდეს მათთვის.

_ ფიქრობთ, რომ ეტაპობრივად შედეგის მიღწევა მაინც შესაძლებელია?

_ რა თქმა უნდა. ერთი ნახტომით, რაც არ უნდა ძლიერი ღონისძიება იყოს, რუსეთის მსგავს პარტნიორთან შედეგის მიღწევაზე ფიქრი უაზრობაა. მას სჭირდება სერიოზული, განუწყვეტელი და თანმიმდევრული ზეწოლა, რაც ბოლოს და ბოლოს გაგებამდე უნდა მივიდეს, ანუ იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე, რაც ცივილიზებულმა მსოფლიომ დიდი ხანია გაიგო, რომ ძალმომრეობით წარმატების მიღწევა არ შეიძლება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა