ხათუნა ლაგაზიძე – “ივანიშვილისთვის მთავარი გამოწვევა “ოცნებაში” მწვავე შიდა ბრძოლები იქნება”

ხათუნა ლაგაზიძე - "ივანიშვილისთვის მთავარი გამოწვევა "ოცნებაში" მწვავე შიდა ბრძოლები იქნება"”ახალი თაობა” ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

– ქართულ რეალობაში არჩევნების შემდეგ ახალი ეტაპი იწყება. რა მოლოდინი გაქვთ არჩევნების შემდეგ?

– არჩევნების შემდეგ მე დესტაბილიზაციას არ ველოდები, ისევე, როგორც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. დესტაბილიზაციას არც შიდა ფაქტორები უწყობს ხელს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც კი არ არიან რევოლუციურად განწყობილი, ეს ცალსახაა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში დესტაბილიზაცია არ აწყობს არც ერთ მოთამაშეს მსოფლიოში, მათ შორის არც ჩვენს პარტნიორებს. ამიტომ პროცესების ასეთ განვითარებას არც შიდა და არც გარე ფაქტორები ხელს არ უწყობს.

– მედიაში დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს და ზოგადად რა პროგნოზებს გააკეთებთ ამ მიმართულებით?

– ძალიან კარგია, რომ ახლა ინტერესდებით ამ თემით. ივანიშვილმა დააანონსა ცვლილებები და ყველა ველოდით, რომ ხმაურიანი ცვლილებები უნდა ყოფილიყო მეორე ტურის წინ, რაც “ოცნებას” გაუადვილებდა გამარჯვებამდე მისვლას საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგალითად, იგივე ოდიოზური მოსამართლეების დაკავებები, რომლებმაც “ქართული ოცნების” რეიტინგი პლინტუსს გაუტოლეს. ის, რომ ცვლილებები ახლა არ განხორციელდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ცვლილებებს არ ეცდება არჩევნების შემდეგ. მან ახლა იმიტომ არ ახლო ხელი, რომ მოერიდა ერთთვიან ვადაში ვერტიკალის ჩამოშლას. ეს გამოიწვევდა ძალიან ბევრ გაუგებრობას, ამიტომაც არ ახლო ხელი.

მან დააანონსა ცვლილებები, ანონსის მიღმა უამრავი ინფორმაცია ტრიალებს ჰაერში იმასთან დაკავშირებით, რომ მან კონკრეტულ ადამიანებს დააკისრა პასუხისმგებლობა პირველი ტურის წაგებისა და იმის შესახებ, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. აქ ზურაბ ბიგვავა არაფერ შუაშია, “ოცნების” მაღალჩინოსნებზეა საუბარი, რომლებმაც ასეთი ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღეს.

– რა ინფორმაცია გაქვთ, ვისზეა საუბარი?

– მე არ მაქვს დადასტურებული ფაქტები, არ შევსწრებივარ ამ საუბრებს, ამიტომ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ეს “ოცნების” ლიდერშიპში იყო.

– დასახელდა მედიაში კალაძე, კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე… ამათზე საუბრობთ?

– არ ვიცი, გვარებზე ვერაფერს ვიტყვი. რამდენადაც ვიცი, მათ შორის კალაძე არ ყოფილა, ვინც ივანიშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ივანიშვილს შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოაშოროს თანამდებობას. ბილბორდებზე რამდენადაც გასაგები იყო ივანიშვილის გამოჩენა, იმდენად გაუგებარი იყო კობახიძის გამოჩენა. კობახიძე ზურაბიშვილზე არანაკლებ ტოქსიკურია, თუ მეტი არა. თუ საზოგადოების გულის მოგება უნდათ, ერთ-ერთი ნაბიჯი კობახიძის თანამდებობიდან ჩამოშორება უნდა იყოს არა მარტო პარტიაში, არამედ პარლამენტშიც. არსებული რესურსიდან პარლამენტის თავმჯდომარის შერჩევა.

– ვინ მიგაჩნიათ ასეთად?

– ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატურა შეიძლება იყოს ლევან კობერიძე. შეიძლება სხვა თანამდებობის პირების გვერდზე გაწევაც, რომლებიც ხალხს ძალიან აღიზიანებს. იმ დეპუტატების დაწინაურება, ვინც ამდენი ხანი ჩრდილში იყვნენ და რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან თანამდებობებზე მყოფ პირებს, თუ არ სჯობნიან  როგორც მორალური, ისე ინტელექტუალური მდგენელით.

პარლამენტში ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან აღარ არის ის პარლამენტი, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილებოდა ივანიშვილის სურვილებს, მაგრამ შეძლებადია,  იმიტომ, რომ 123-წევრიან უმრავლესობაზე ვსაუბრობთ.

გაცილებით რთულად მეჩვენება პარტიაში ამ ვერტიკალის გაწმენდა. მაღალი თანამდებობის პირებს მარტივად ჩაანაცვლებ, 2-3 კაცზეა აქ ლაპარაკი, მაგრამ პარტია კონკრეტულ ადამიანებზე აწყობილი ვერტიკალია. რაიონული და რეგიონული სტრუქტურებიდან შეიძლება ბევრი არც იყოს თავად ივანიშვილის კანდიდატურა ან მასთან რაიმე შეხების მქონე. შესაძლოა, დადგეს აუცილებლობა, რომ მოხდეს ჩანაცვლება ადგილებზეც.

როდესაც ღარიბაშვილი შეიცვალა, ძალიან ბევრი მინისტრი, გუბერნატორები, პოლიციის უფროსები და ა.შ. ძალიან ბევრ პოზიციაზე შეიცვალა ხელმძღვანელები. ისევე, როგორც ცვლილებები განხორციელდა კვირიკაშვილის შეცვლის შემდეგაც. ასევე უნდა მოჰყვეს ცვლილებები პარტიის ცენტრალური ოფისის ლიდერშიპსაც. წმინდა ადამიანური რესურსი რამდენად ეყოფა ბიძინა ივანიშვილს, ეს იქნება გამოწვევა. ეს ბუნებრივად გამოიწვევს კონკრეტული ადამიანების განაწყენებას. იმდენი განაწყენებული ადამიანი ჰყავს მას, რომ კიდევ განაწყენება არ აწყობს. თუმცა, ცვლილებების გარეშეც არაფერი გამოვა.

წინააღმდეგობები იქნება ე.წ. ძველ და ახალ თაობას შორის.

ამასთან, ივანიშვილმა თქვა, რომ კადრებს არა ერთგულების, არამედ პროფესიონალების პრინციპით შეარჩევს. თუ ამას გააკეთებს, ეს ძალიან კარგი იქნება. 6 წელი მეც და სხვა ადამიანებიც ვამბობდით, რომ მორჩილების პრინციპით შერჩეული ადამიანები საქმეს მხოლოდ დააქცევენ-თქო. მთავარი გამოწვევა იქნება საკმაოდ მწვავე შიდა ბრძოლები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ივანიშვილი გახდეს პოლიტიკის არა ყოველდღიურ რეჟიმში კეთების აქტორი, არამედ ის გახდეს ისეთივე აქტორი, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ივანიშვილის მონაწილეობაზე 2 სხვადასხვა ფორმატით, სახით თუ ჩართულობის 2 სხვადასხვა ხარისხით. როგორიც იყო 2011 წლამდე და როგორიც იყო 2011 წლის შემდეგ.

2011 წლამდე არც კი ვიცოდით, ის რამხელა ფაქტორი იყო ნაცმოძრაობის ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ის ყოფილა ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საყრდენი. ბუნებრივია მას ხელისუფლების პოლიტიკაზე გავლენა ექნებოდა, მაგრამ არა ყოველდღიურ რეჟიმში და არა ისეთი, როგორიც უშუალოდ მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჰქონდათ. არ ვიცი, რამდენად მზადაა, რომ დაბრუნდეს იმ პოზიციაზე, როგორიც 2011 წლამდე იყო, როცა პასუხისმგებელი სააკაშვილის მთავრობა იყო სახელმწიფო პოლიტიკაზე და ივანიშვილი ფარად არ იყო აფარებული ხელისუფლებაზე. რამდენად ისურვებს ის ამ როლში დაბრუნებას, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. პიროვნულად მომგებიანი სწორედ მისი ამ როლში დაბრუნებაა.

დღევანდელ პრემიერ-მინისტრზე, ბევრისგან განსხვავებით, საკმაოდ დადებითი წარმოდგენა მაქვს. თუკი დღევანდელ პრემიერ-მინისტრს მიეცემა მისი იდეების განხორციელების საშუალება როგორც განათლების, ისე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების კუთხით, მაშინ საკმაოდ ეფექტური პრემიერი იქნება. მას შეუძლია, რადიკალურად გადაახალისოს მთავრობა და მისცეს თავისუფლად მოქმედების საშუალება.

– ანუ ივანიშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნება რეალურად არ გეჩვენებათ?

– არც მაგას გამოვრიცხავ, მაგრამ არა უახლოეს თვეებში. თუკი დაინახავს, რომ რადიკალური ცვლილებების განხორციელება დღევანდელი პოზიციიდან უჭირს, ალბათ იძულებული იქნება, 2020 წლის არჩევნებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე ამ ნაბიჯზეც წავიდეს. თუკი ხალხის შემოტრიალებას ვერ შეძლებს, ამ ნაბიჯზე წავა და სასწორზე დადებს საკუთარ სტაბილურ ყოფნას ამ ქვეყანაში. ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტზე დაბრუნება იქნება ვაბანკზე წასვლა. ამის იქით მას ნახევარი ნაბიჯის გადადგმის საშუალებაც აღარ ექნება. უკანდასახევი მას უკვე აღარ ექნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს მისთვის უკიდურესი ნაბიჯია. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ეცდება,  ყველა რესურსი ამოწუროს.

“ოცნების” მიერ ზურაბიშვილზე ფსონის დადება სტრატეგიული შეცდომა იყო. ამ შეცდომამ “ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დიდწილად იმსხვერპლა. ზურაბიშვილმა რომც გაიმარჯვოს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს “ოცნების” რეიტინგს რაიმეთი წაადგება. ახლა ხალხი ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმშია. თუ სალომე გაიმარჯვებს, რეალურად გამოვა, რომ ხალხმა ცეცხლი ჩააქრო და არა ის, რომ “ოცნების” რეიტინგმა მოიმატა.

– უშუალოდ მინისტრთა კაბინეტში თუ ელოდებით უახლოეს პერიოდში ცვლილებებს?

– აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიდგომას. თუ ეს ცვლილებები უნდა იყოს ფასადური, ანუ შეცვლიან 2-3 ადამიანს და ამით არაფერი შეიცვლება, მაშინ აზრი არ აქვს. როდესაც საკადრო რევოლუციაზე ვსაუბრობთ, საჭიროა იდეა, ჯერ პარტიისთვის, მერე ხელისუფლებისთვის და ბოლოს ქვეყნისთვის. არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია იდეა “ქართული ოცნების” პირობებში, არ უთქვამს, რომ ჩემი ხედვა სახელმწიფოს მშენებლობისთვის ასეთია და მოდით, ერთად დავდგეთ. ამიტომ ეს არის საშოვარ-გადადებულთა შემთხვევითი თავყრილობა, ერთობასაც ვერ ვუწოდებ. ამიტომ, ადვილი ჩამოსაშლელია. ეს ცვლილება შედეგს ვერ გამოიღებს. თუ საზოგადოებამ დაინახა, რომ ფასადურ ცვლილებებს ტენიან, ხალხის გაბრაზება მერე ნახეთ.

“ქართული ოცნების” გადარჩენის პროგრამას ასე დავინახავდი – საკადრო რევოლუცია, სახელმწიფოებრივი იდეა და კორუფციასთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ყველა რგოლი ჩამპალია კორუფციაში. “ქართული ოცნებისთვის” კორუფცია დარჩა საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის მართვისა და მანიპულირების საშუალებად. თუ ამას შეეგუვნენ, ყველაფერი ბლეფია.

– ხომ არ ელოდებით, რომ “ოცნების” წიაღიდან ოპოზიციურ პარტიებს ვიხილავთ? დიდი ხანია საუბარია კალაძის ოპოზიციაში წასვლაზე და ხომ არ გველოდება ეს ახლო მომავალში?

– ადამიანები ეცდებიან, საკუთარი ადგილი მაინც შეინარჩუნონ ქართულ პოლიტიკაში, ვისაც ივანიშვილი გვერდზე გასწევს, თუ მათ ამის რესურსი ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ.

მთავარი მაინც ის არის, “ქართული ოცნების” შიგნით არსებული გუნდები დაინახავენ თუ არა საკუთარ მომავალს “ოცნების” ბირთვთან ერთად. თუ დაინახავენ, რომ “ოცნება” იძირება და ის შესაძლოა სამთავრობო კოალიციის წევრიც ვეღარ იყოს, მაშინ ეცდებიან, დამოუკიდებლად მონახონ გზა პოლიტიკაში. თუ “ოცნების” უპერსპექტივობა დაინახეს, დაიწყებენ დამოუკიდებელი გზების ძიებას. მაგრამ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა ჰქონდეთ, “ოცნებაში” თითქმის არ არიან.

კალაძემ ზღვარზე გიარა და შეიძლებოდა ჩამოქცეულიყო მისი პოლიტიკური წონა იმის გამო, რომ მიაბეს ზურაბიშვილის კამპანიას. გარკვეულწილად მაინც აქვს პოლიტიკური მომავლის დაგეგმვის შანსები, მაგრამ, რამდენად მისცემენ ამის საშუალებას, ეს სხვა საკითხი. რამდენად შეძლებს კალაძე გადარჩენას დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშში, ძალიან რთული სათქმელია.

დანარჩენი, თუ ვინმეს აქვს რაიმე წონა, ასეთი თითქმის არავინაა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა