კონსტანტინე გამსახურდია – “ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება მთელ ქვეყანას სჭირდება”

კონსტანტინე გამსახურდია - "ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება მთელ ქვეყანას სჭირდება"საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია ცოტა ხნის წინ კლინიკაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

მანამდე ის “ახალ თაობას” ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე ესაუბრა.
– რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა?
– საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც სამართალი ყოველთვის პოლიტიკისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მძევალი არის, ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება არ ხდება ცალსახა პოლიტიკური ნების გარეშე. სწორედ პოლიტიკური ნება არის ამ საქმის დღემდე გამოუძიებლობის თავი და თავი.
– არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონდა ეს პოლიტიკური ნება?
– სისტემა ერთი რჩებოდა და ის ადამიანებიც, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანან. ამას “დაფარული სახელმწიფო” ჰქვია.
არადა უმნიშვნელოვანესია, რომ სიმართლე გაირკვეს, დადგინდეს ერთხელ და საბოლოოდ, რეალურად რა მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის, თაობებისთვის, რა ბედი ეწია ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეს ხომ უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა.
– ძალიან მძიმე კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენ ერთი წუთითაც არ უშვებთ თვითმკვლელობის ვერსიას?
– თუ დაამტკიცებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, მაშინ მე პრეტენზია არ მექნება. თუმცა, თქვენ იცით, რომ თვითმკვლელობის ვერსია, რომელიც ადრე იყო ოფიციალური ვერსია, დღეს უკვე აღარ არის.
– დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, რა დასკვნა დადო?
– ჩვენ 370 გვერდიანი დოკუმენტი დავდეთ. მოსმენა-გამოკითხვები ჩავატარეთ. საკითხის კრიმინალისტური შესწავლა მოხდა, შემდეგ როსტოვის ექსპერტიზა ჩატარდა. ასევე, 2007 წელს იყო ექსგუმაცია და როსტოვის ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რომელიუც მოვიპოვე, ეს დოკუმენტი გენერალმა ჩაიკამ გამომიგზავნა, რომელიც ვთარგმნეთ და აღნიშნულ მასალებს თან დავურთეთ.
ამ კომისიის მუშაობის შედეგად ორი რამ დადგინდა: პირველი, პროკურატურის მიერ ჩატარებული სამუშაოები 1994-2004 წლებში სრულიად არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს იყო საქმის ჩაფარცხვისა და მიჩქმალვის კლასიკური მაგალითი. ეს იყო საგამოძიებო-სამუშაო პროცესის იმიტაცია.
მეორე, რაც დაადგინა ამ კომისიამ: ზვიად გამსახურდიას, მაღალი ალბათობით კრიმინალისტური კვლევიდან გამომდინარე, ასევე ძირითად მოწმეთა მონაცემების შეჯერებით, თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს.
– ამ კომისიამ საქმის ფიგურანტები თუ დაკითხა?
– ეს იყო დროებითი კომისია, საგამოძიებო კომისიის სტატუსი არ მოგვცეს, ვიღაცეებმა მაშინ მიხეილ სააკაშვილზე გავლენა მოახდინეს. ამიტომ, ამ კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება არავის ჰქონდა, ეს იყო მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე. ამდენად, საქმის ფიგურანტები როგორ ფიქრობთ საერთოდ გაგვეკარებოდნენ?! ცხადია, დაგვემალნენ.
– დღეს რა განცდა გაქვთ, ამ საქმეზე სიმართლე გაირკვევა?
– აუცილებლად უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება! სხვანაირად შეუძლებელია. გარწმუნებთ, დღემდე არის ყველა რესურსი, რომ ეს საქმე გამოძიებულ იყოს და მთავარ კითხვას პასუხი გაეცეს.
– თუმცა, ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ხანდაზმულია საქმე, გამოძიება მით უფრო შორდება რეალობას.
– დიახ, ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ გარწმუნებთ, ჯერ კიდევ არის რესურსი.
– საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძემ განაცხადა, რომ წარდგება კანონპროექტი, რომელიც ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
– ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ სწორედ ამ მოთხოვნით მივმართავთ ხელისუფლებას. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის მნიშვნელობა მათ კარგად ესმით, და გაიგებენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა