ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებსთემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ლადო გრიგალაშვილის გამართლებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდება, ოტიაშვილი საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

„თავისთავად, გამამართლებელ განაჩენს მოვითხოვთ, ასე მოვითხოვეთ მაშინაც, როცა განაჩენი ჯერ დამდგარი არ იყო და დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვით. თუმცა, ეს დასკვნითი სიტყვა მოსამართლემ არც კი განიხილა, ორი წუთით გავიდა დარბაზიდან და ორ წუთში შემოტრიალდა. შესაბამისად, ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ამ პირის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას.

დანაზე გოგონას დნმ არის ამოსული, გოგონას დნმ-ს რა უნდა დანაზე, თუ ფალსიფიკაცია არ მოხდა? გოგონას ეჭირა დანა ხელში? აქედან გამომდინარე, ვასაჩივრებთ, დავასაბუთებთ და იმსჯელებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.

მთლიანად ვასაჩივრებთ. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, – აცხადებს ოტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდა.