ლაშა შევარდნაძე: „დაცვის ბიჭი აიწეოდა – ამიჩქარდებოდა გული, დაიწეოდა – დავმშვიდდებოდი… მეგონა, რომ ვიღაც ისროდა“

ლაშა შევარდნაძე: „დაცვის ბიჭი აიწეოდა - ამიჩქარდებოდა გული, დაიწეოდა - დავმშვიდდებოდი... მეგონა, რომ ვიღაც ისროდა“პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაციის დღეს იხსენებს:

– საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
უცბად გამახსენდა ჩემი განცდები ბაბუაჩემის 1995 წლის ინაუგურაციასთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ ოქტომბერში გაიმართა, თუმცა მანამდე, აგვისტოში მოხდა ტერაქტი – სახელმწიფოს მეთაურს თავს დაესხნენ და ააფეთქეს მისი მანქანა.
ამის გამო საკმაოდ დაძაბული იყო სიტუაცია. ცხადია, ოჯახში იყო ამ თემაზე საუბარი. მე სულ ათი წლის ვიყავი და ემოციას ვერ გამოვხატავდი, იმის მიუხედავად, რომ ვნერვიულობდი.
მახსოვს ინაუგურაციის დროს, ბაბუს სიტყვით გამოსვლისას იქვე მდგარი თეთრპლაშჩიანი და შავსათვალიანი ახალგაზრდა დაცვის ბიჭი (თეთრი პლაშჩი მაშინ მოდაში იყო) პერიოდულად ფეხის თითებზე იწეოდა და რუსთაველის გამზირზე მდგარ ბევრ ხალხს ასე გადახედავდა ხოლმე. მისი ყოველი ასეთი გადახედვა მძაბავდა და გულს მიჩქარებდა. რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც ისროდა.
დაცვის ბიჭი აიწეოდა – ამიჩქარდებოდა გული, დაიწეოდა – დავმშვიდდებოდი
კიდევ აიწეოდა – ამიჩქარდებოდა გული, დაიწეოდა – დავმშვიდდებოდი.
ერთი სული მქონდა დროულად დამთავრებულიყო.

2000 წლის ინაუგურაციაზე დაცვის ბიჭს აღარ ეცვა თეთრი პლაშჩი, აღარც ფეხის თითებზე იწეოდა და ბუნებრივია, აღარც მე ვღელავდი, – წერს ლაშა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.