ლევან ალაფიშვილი – “ხელისუფლება წინასაარჩევნო კორიდის ეიფორიიდან უნდა გამოვიდეს”

ლევან ალაფიშვილი - "ხელისუფლება წინასაარჩევნო კორიდის ეიფორიიდან უნდა გამოვიდეს"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, არ სცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს არჩეულ პრეზიდენტს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ჯერ-ჯერობით ჯდება კანონიერებისა და დემოკრატიის ფარგლებში. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა წარიმართოს.
– არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია, ეს რამდენად არის ლეგიტიმური?
– საკითხის ასე დასმა არ არის სწორი. ლეგიტიმაცია ყოველთვის არჩევნების თანმხლები პროცესია. ხელისუფლებას რამდენად აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია არ სცნობს არჩევნების შედეგებს, ეს არის მისი პოლიტიკური დღის წესრიგი.
– მე ვიკითხე, რამდენად ჯდება დემოკრატიის ფარგლებში, როდესაც ოპოზიცია მარცხდება და გამარჯვებულს არ აღიარებს?
– დემოკრატიის განვითარების იმ ეტაპზე, რომელშიც საქართველო იმყოფება, მსგავსი რაღაცეები მისაღებია, გასაგებია, მაგრამ განვითარებულ დემოკრატიაში ასეთი რამ უბრალოდ პოლიტიკური ნონსენსი შეიძლება იყოს.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში საარჩევნო პროცესის მიმართ იმხელა ნდობაა, რომ იქ არავის თვაში აზრად არ მოუვა, რომ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს.
სამწუხაროდ ჩვენ ჯერ შორს ვართ ასეთი დემოკრატიისგან. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ყველას ერთად, პირველ რიგში ხელისუფლებას, მოგვიწევს სწორედ ამ უდიდესი პრობლემის მოხსნა, რასაც საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის დამკვიდრება ჰქვია.
– ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილს დამარცხების შემდეგ სხვა შანსი არ დარჩენოდა, გარდა თავისი ამომრჩევლის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებისა. შეიძლება მართლაც გასცდეს პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოს?
– არა, არა! ეს სრულიად დაუშვებელი და სრულიად მიუღებელია. მსჯელობაც კი ღიმილისმომგვრელია.
– რატომ?
– შეუძლებელია. ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ წინასაარჩევნო კორიდის ეიფორიიდან გამოვიდეს. არჩევნები დასრულდა, ახლა სხვა ტექსტების დროა. საზოგადოებას ახლა სულ სხვა მოლოდინები აქვს მათ მიმართ და ამიტომ სხვა ტექსტებს ელოდება ხალხი ახლა მათგან.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენად შეიძლება კონსტიტუციის ჩარჩოს გასცდეს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში რევოლუციური განვითარების დრო დასრულდა. რევოლუციური სცენარები წასრულს ჩაბარდა, თუკი გარე ძალებიდან არ იქნება მეცადინეობა.
– გარე ძალებში ვის გულისხმობთ?
– პირველ რიგში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ყველამ უნდა მოუხმოს გონებას და ჭკუით იმოქმედოს.
სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ძალიან ცუდი შეფასებები ისმის ჩვენი დემოკრატიის ხარისხის, რაც მე გულს მტკენს. როგორც ჩანს, ვერ აღმოვჩნდით მზად, რომ დემოკრატიის ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაგვედგა. რას ვიზამთ. ახლა დროა, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ მაღალ დონეზე, რათა ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ. ესაა უმთავრესი.
არავითარი რევოლუციური სცენარის პოტენცია ქართველ საზოგადოებაში არ არის თუ ჩვენმა ჩრდილოელმა “კეთილისმყოფელმა” მეზობელმა რაიმე ისეთი არ ჩაიდინა აქ და სიტუაცია არ დაძაბა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა