მამუკა გამყრელიძე – “2 დეკემბრის აქციაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ვადამდელი არჩევნები”

მამუკა გამყრელიძე - "2 დეკემბრის აქციაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ვადამდელი არჩევნები"“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ოპოზიცია არ აღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგება და ახალ პრეზიდენტს. 2 დეკემბერს რუსთაველზე მასშტაბური აქცია დააანონსეთ და ითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რატომ არ ცნობთ შედეგებს, რა პრეტენზიები გაქვთ?
– დავიწყოთ არჩევნებით. ეს არჩევნები იყო უკიდურესად არასამართლიანი. არჩევნების გაყალბება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე არჩევნების დღეს.
– რას გულისხმობთ?
– უზარმაზარი განსხვავება ფულად რესურსებში, ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური და გულისამრევი ჩარევა. ყველგან დაშინება, ხალხის მოსყიდვა უღირსი მეთოდებით.
ჩემი თვალით რომ არ მენახა ვერც დავიჯერებდი, საჭმელზე იყიდებოდა ხალხი. საჭმელი მოუტანეს ხალხს უბნებზე, აჭმევდნენ და ამის სანაცვლოდ ხმის მიცემას სთხოვდნენ მათ სასარგებლოდ.
კი, მართლა უჭირს ხალხს, მაგრამ ასე არ უნდა დაამცირო, ასე მიწასთან არ უნდა გაასწორო ადამიანი. იქ კი არ უნდა აჭამო, უბანზე, არამედ უნდა მისცე საშუალება, რომ რაღაცა ორი კაპიკი იშოვოს და იცხოვროს. გაჭირვებულ ადამიანს ბევრს ვერაფერს მოსთხოვ, მას იმდენად უჭირს, რომ თანახმაა ამაზე. ეს იყო არნახული გასრესვა ქართველი ხალხის.
– ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება ბოლო პერიოდში, მისი დაპირებები, ესეც მოსყიდვა იყო ამომრჩევლის?
– ბანკებში ვალების დაფარვა რასაც ქვია, ნუთუ ეს მოსყიდვად არ ითვლება?! სასამართლოები ამას თუ არ მიიღებენ მოსყიდვად, ეს უკვე აღარაფერში წერია. ვიღაცა კერძო პირი იხდის ამ ვალებს თუ ბიუჯეტიდან აპირებენ გადახდას?! ზუსტად არ ვიცი, როგორ ხდება, რაც არ უნდა იყოს, ამ ხალხის ფული კი არ გადაიხადეს, რეალურად ბანკებს გადაუხადეს ფული.
– ბანკებს რატომ გადაუხადეს?
– იმიტომ, რომ რეალურად ბანკებს ეს ფული დაკარგული ჰქონდათ. ეს იყო ისეთი კრედიტები, რომელთა დაბრუნების შანსი არ იყო. აიღეს და ბანკებს აჩუქეს ეს ფული. ივანიშვილი ხალხს არაფერს უკეთებს. ეს კაცი უკეთებს იმ ერთეულ ადამიანებს, რომლებიც ნაყიდი ჰყავთ, ეს არის მსხვილი ბიზნესი, რომელიც ბოლომდე ჰყავთ დამონებული.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ წინასწარ იყიდეს ხმები?
– რა თქმა უნდა, ბევრად ადრე დაიწყო გაყალბება. აქ იყო მაქსიმალურად ქუჩის ჩართვა ამ არჩევნებში, კრიმინალი მართავდა სიტუაციას. ქუჩის ბიჭებს მიჰყავდათ პარადი, რომლებიც პატრულირებდნენ საარჩევნო უბნებთან, აშინებდნენ ხალხს.
– შეშინება რაში გამოიხატებოდა?
– შეიძლება მე ვერ შემაშინეს და კიდევ ჩემნაირები, მაგრამ იქ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ძლიერი ფიგურა არც ფიზიკურად და არც მორალურად და მათ უჭირთ გამკლავება ამ ხალხთან. ეშინიათ. განსაკუთრებით ეს რეგიონებში ხდება. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ამ მოძველბიჭო ელემენტებს როგორც კი რაღაცას ეტყოდი, პოლიცია ჩნდებოდა იმწუთშივე იქ და იცავდა მათ.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– იმის, რომ რეალურად მოხდა პოლიციის და სახელმწიფო ინსტიტუციების კრიმინალთან შეზრდა. იქ ჩართულნი იყვნენ მაყურებლები. მაყურებელი რომ კვლავ გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, ეს მოხდა 2012 წლის შემდეგ. რეალურად ხდება შეზრდა სახელმწიფო ინსტიტუტების კრიმინალთან. რას მივიღებთ და რამდენად ნორმალური სიტუაცია იქნება, მე ვერ გეტყვით. რომ ზეიმობენ და გაიძახიან, გავიმარჯვეთ და ჩვენი სასარგებლო შედეგი მივიღეთო, რა შედეგი მიიღეს?! მიიღეს სახელმწიფო, რომელსაც ენგრევა ინსტიტუციები. ეს გამარჯვებაა?!
– ჩვენ მოვისმინეთ აღშფოთებული მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები, რომელიც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა პოლიციას, ჯარს, მის მომხრეებს კი ქუჩაში გამოსვლისკენ. გაიზიარეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მისი მოწოდებები?
– სააკაშვილს ზოგადად ახასიათებს წინასწარ ლაპარაკი იმისა, რაც შეთანხმებული არ არის შტაბთან და ოპოზიციასთან მთლიანად და მერე რაღაცა უხერხული მდგომარეობა იქმნება ხოლმე. ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა, სამწუხაროდ. ასეთი ადამიანია და უნდა მივეჩვიოთ. ის სხვა ტემპში ცხოვრობს. იმიტომ იყო ის რეფორმები ასეთი სწრაფი და მკვეთრი მაშინ.
– ანუ იზიარებთ, თუ არ იზიარებთ?
– მოდით, ასე ვთქვათ – დღეს გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, იმუშაოს ბევრად უფრო დაფიქრებულად და რაღაცნაირად შეთანხმებულად, იმიტომ, რომ იქ ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა, მარტო ერთი პოლიტიკური ძალა არ არის. ამიტომ ეს შეუთანხმებელი გამოსვლები და მესიჯები მცირე უხერხულობას ქმნის.
ის, რაც არ გაჟღერდება შტაბის მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ერთი კერძო პირის გამოსვლა.
– ითქვა, რომ იკრიბებით 2 დეკემბერს რუსთაველზე, აქცია უკვე დაანონსებულია და ითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს. თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდით და დაიდო “ოცნების” სასარგებლო შედეგი, რა გარანტია გაქვთ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებთ?
– უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვითხოვთ არა უბრალოდ არჩევნებს, არამედ საარჩევნო სისტემის შეცვლას. იქ არის უპირველეს ყოვლისა გაჟღერებული საარჩევნო სისტემის ცვლილება.
– “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს რამდენად მოხერხდება?
– ხალხმა უნდა მოითხოვოს. ხალხმა უნდა გაიგოს ის, რომ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც თავს მოგვახვია “ქართულმა ოცნებამ” უკაანასკნელ ხანებში, აბსოლუტურად გამორიცხულია რაიმე შედეგის მიღწევა და შედეგი ყოველთვის იქნება ასეთი. ყოველთვის მოიგებს, რადგან ცესკოში ათი წევრი ყავს ერთის წინააღმდეგ.
ამიტომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ეს უნდა მოხდეს და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩვენ უნდა მივიღოთ სამართლიანი შედეგი.
– ეს აქციები ერთჯერადი ხასიათის იქნება თუ პერმანენტულ სახეს მიიღებს? ან ეს ყველაფერი ქაოსში ხომ არ გადაიზრდება?
– არავითარ შემთხვევაში ქაოსი არ იქნება. ჩვენ არ შევქმნით ისეთ სიტუაციას, რომელიც დააზარალებს ქვეყანას და ხალხს. ყველაფერი არის ხალხის გადასაწყვეტი. ჩვენი მხარდამჭერი არის 800 ათასზე მეტი ადამიანი. ეს არ არის ცოტა, ეს ძალიან დიდი რიცხვია. აი, ამ 800 ათასმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და როგორ სურს.
ჩვენ მათ არაფერს დავაძალებთ. ჩვენ ვითხოვთ მათ მხარდაჭერას. არამარტო არჩევნების სახით, არამედ მოთხოვნების სახით. დემოკრატიაა, ხომ? ანუ ხალხის მმართველობაა.
– ანუ აპირებთ, რომ ქუჩიდან მოითხოვოთ ეს ყველაფერი?
– მოვითხოვთ ყველგან, იქ, სადაც გვაქვს ტრიბუნა. ეს იქნება ქუჩაშიც, ეს იქნება პარლამენტშიც. სადაც გვექნება ამის შესაძლებლობა, ყველგან მოვითხოვთ, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. არჩევნები, რომელიც მოგვცემს რეალურ და სამართლიან სურათს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა