მამუკა გამყრელიძე – “ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვების სროლას არ ვაპირებთ”

მამუკა გამყრელიძე - "ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვების სროლას არ ვაპირებთ"“ახალი თაობის” კითხებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, გაერთიანებულ ოპოზიციაში 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. გაუგებრობა გამოიწვია სალომე სამადაშვილის განცხადებამაც, რომელიც რომ არ აპირებს ისეთ აქციებში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს როგორც პრეზიდენტს ისე შეხვდებიან. როგორია თქვენი პოზიცია?
– მე მესმის სალომეს პათოსი ამ შემთხვევაში. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა მიესალმონ გრიგოლ ვაშაძეს როგორც პრეზიდენტს. ამის მომხრე არც მე ვარ და არც არავინ და არც თვითონ გრიგოლი არ არის. შეიძლება შენ მორალურად გამარჯვებულად აღიქვამ თავს და ჩვენ ესე აღვიქვამთ, იმიტომ რომ ნამდვილად მორალური უპირატესობა მივიღეთ ამ არჩევნების შემდეგ, მაგრამ სამართლებრივად ასე არ არის.
მოდით ასე ვთქვათ, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. ჩვენ, მას, როგორც პრეზიდენტს, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ვერ მივანიჭებთ. ამიტომ მე სალომე სამადაშვილის მესმის და მისი პოზიცია აბსოლიტურად გასაგებია. ამიტომ გეტყვით, რომ არანაირ აზრის ორად გაყოფას არ აქვს ადგილი. თავად ლიდერშიპში არ არის არანაირი უთანხმოება.
– ანუ არ შეეფერება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ამ ოპოზიციური ერთობის რღვევა მიდის?
– ვინ თქვა ეგ?! არანაირად, გუშინაც ერთად ვიყავით და ყველა საკითხზე კონსენსუსის გზით მივდივართ. ის, რომ სააკაშვილს განსაკუთრებული მიდგომები და შეხედულებები აქვს, ეს მისი პირადი პოზიციაა.
– სააკაშვილს მართლა გაემიჯნეთ?
– რას ამბობთ, ვინ გაემიჯნა. მეცინება ხოლმე, ასეთ ინფორმაციებს რომ ვისმენ. მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ხოლო ნაციონალური მოძრაობა აქ წარმოდგენილია უზარმაზარი ძალით მომხრეების თვალსაზრისით. როგორ შეიძლება მათ გაემიჯნო. გამიჯვნა ნიშნავს, რომ მართლა დაიწყება რღვევა.
დღეს მიხეილ სააკაშვილი თვითონ მოდის ძალიან კონსტრუქციულ ურთიერთობებზე. კი, შესაძლოა ის უფრო აქტიური და მკვეთრი იყოს ჩვენთან შედარებით, ჩვენ უფრო მდორე პროცესის მომხრეები ვართ.
– მისი განცხადებები არ გაიზიარეს დანარჩენმა ლიდერებმა, იგივე დაუმორჩილებლობის თაობაზე და ასე შემდეგ.
– იცით რა, დაუმორჩილებლობაა ისიც, რომ ჩვენ არ ვიღებთ ქალბატონ სალომეს, არ მივიჩნევთ პრეზიდენტად. არ ვიღებთ მის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. ესეც ერთგვარი დაუმორჩილებლობაა. აქ მთავარი რაა? მთავარი არის მიზანი, ჩვენ რა მიზნის მიღწევა გვინდა.
– და რა გინდათ?
– ეს მიზანი მარტო ჩვენი არ არის, აქ შემოგვიერთდა ძალიან ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიაც და კიდევ დაგვემატებიან. ეს ძალიან მახარებს. ამ კვირაში ჩვენ კიდევ ერთ განცხადებას გავაკეთებთ და ჩამოვაყალიბებთ ზუსტად, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა საარჩევნო სისტემის შეცვლა, კომისიების დაკომპლექტების წესი და ეს არის ვადამდელი არჩევნები.
აი, ეს არის ჩვენი მიზანი. ხელისუფლება თუ წამოვიდა ამაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ საარჩევნო სისტემის შეცვლა და საარჩევნო კომისიების კომპლექტაციის შეცვლა, ეს იმდენად დიდ დროს დაიჭერს პროცედურულად, რომ ვეღარც ვილაპარაკებთ ვადამდელ არჩევნებზე.
– ვადამდელი არჩევნები არ არის თქვენი მთავარი მიზანი?
– ჩვენი ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო და ის იყოს სამართლიანი, რომ მერე აღარ დაგვიწერონ ეუთოს და სხვა დამკვირვებლებმა, რომ ეს იყო არასამართლიანი არჩევნები.
ეს არის სირცხვილი, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, იყო ევროპული ქვეყანა და ასეთ დროს არასამართლიან არჩევნებს გიწერენ.
ამიტომ ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ ეს სისტემა, რომელიც არის ძალიან მახინჯი. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი ოპოზიციისთვის თანაბარი პირობები შევქმნათ.
– ხელისუფლება არანაირი ფორმატში არ აპირებს თქვენთან დიალოგს. მათთან თანამშრომლობის გარეშე რამდენად გამოვა ეს ცვლილები?
– ეს მათი პრობლემაა. წარმოგიდგენიათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციასთან არ თანამშრომლობს?! ხელისუფლება შედგება ორი შტოსაგან, ეს არის ოპოზიცია და ეს არის თავად ხელისუფლება. ორი შტო აქვს ხელისუფლებას ყოველთვის და ეს დაფუძნებულია მესამე ძლიერ ძალაზე, რასაც ხალხი ქვია.
თუ მარტო ერთი ძალა დომინირებს სხვა ძალებზე, ამას უკვე აღარ ქვია დემოკრატია და ეს არის დიქტატურა.
რას ნიშნავს არ მოვდივართ შენთან დიალოგზე? თუ დემოკრატიაზე გაქვს პრეტენზია, ეს აბსურდია უბრალოდ. ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ გაითვალისწინოს ეს ჩვენი მოთხოვნა. თუ არ გაითვალისწინებენ, შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა ბერკეტები. ევროსაბჭო, ევროპული ინსტიტუციები…
– ამ ჭიდილში 2020 წელიც მოგვადგება კარს.
– მოგვადგეს. მთავარია, ჩვენ შევცვალოთ სისტემა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან საარჩევნო გარემოში.
– 16 დეკემბერს არის პრეზიდენტის ინაუგურაცია და ასევე ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია, თქვენც ჩახვალთ თელავში და იქ გამართავთ აქციას. ამ საკითხზე თუ შეთანხმდა ოპოზიციური ერთობა?
– ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენ ვატარებთ აქციას. როგორი სახით იქნება და რანაირად, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს საუბრები, პრინციპში ძირითადი მონახაზი უკვე გვაქვს. აქ ერთი რამ არის ძალიან სასაცილო.
– რა?
– პარასკევს საღამოს შევიკრიბეთ და ვლაპარაკობდით, როგორ უნდა ჩავატაროთ აქცია თელავში და ასე შემდეგ და ზუსტად ერთ საათში, როგორც ჩანს, სუსმა ეს ყველაფერი გაიგო, საღამოს ჩაატარეს თათბირი და გამოაცხადეს, რომ არა მხოლოდ თელავი, სამი ლოკაცია განიხილება ინაუგურაციის ჩასატარებლადო. რისი ეშინიათ ამ დალოცვილებს, ვერ გავიგე?! ჩვენ არ ვაპირებთ ქვების სროლას და ნაჯახებით სირბილს ნამდვილად. ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია.
– ანუ შესაძლოა შეიცვალოს და არ იყოს თელავში?
– ასე გამოდის და უბრალოდ სასაცილოები ხდებიან. შეეშინდათ და თბილისიდან გაიქცნენ თელავში, მერე რომ გაიგეს თელავში ვაპირებთ ჩასვლას, ვაიმე არც იქო და აცხადებენ რომ სამ ლოკაციას განიხილავენ და არ იციან, სად იქნება. კარგით რა ხალხო მართლა, ხელისუფლება ხართ თუ საბავშვო ბაღი?! უბრალოდ სირცხვილია.
– და რას ფიქრობს ოპოზიცია? სადაც გაიმართება ინაუგურაცია, იქით დაიძვრებით აქციის ჩასატარებლად?
– (იცინის) არ ვიცი. გადავწყვეტთ და მოგახსენებთ. ჩვენ ძალიან მშვიდად ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენ დღეს გვაქვს უზარმაზარი მორალური უპირატესობა და შევეცდებით, რომ ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა