მინდია გოგოჭურს ბრალი წაუყენეს – ადვოკატები პოლიტიკურ მოტივზე ალაპარაკდნენ

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მინდია გოგოჭურს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ბრალის წარდგენის პროცესს ადვოკატებიც ესწრებოდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ გოგოჭურს წარდგენილი აქვს ბრალი ჯგუფურად იარაღის უკანონოდ შეძენისთვის, თუმცა, მათივე თქმით, საქმის მასალებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეს გარკვეულწილად მას პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს.

ადვოკატი, გიორგი ბეგიაშვილი ამბობს, რომ საქმე დამძიმებულია და გოგოჭურისთვის ბრალის დამძიმებას პოლიტიზირებას უკავშირებს.

„საქმე რომ საშინლად დამძიმებულია, მანდ ორი აზრი არ არსებობს… ჯერ დადგენილი არ არის, ვისია იარაღი და უკვე ჯგუფურია ანუ საქმე ისე არის დამძიმებული, რომ ხვალ გირაო მოსამართლემ არ შეუფარდოს და აუცილებლად შეუფარდოს მას პატიმრობა. მე უფრო აქ პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ,“ – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი ნიკოლოზ ბიბილაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალებში ჯგუფური დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ამის კონკრეტული პირდაპირი მტკიცებულება მასალებში, რაც ამ ეტაპზე პირდაპირ გადავხედე, არ არსებობს გარდა, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელთა ჩვენებაც, ვფიქრობ, ძალიან არასარწმუნო და არამყარია, როგორც მტკიცებულება,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე გუშინ დააკავა.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გიორგი რაზმაძე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მინდია გოგოჭური კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018