ნანა დევდარიანი – “ნაციონალების ასარჩევია, ვინ ვის ჩაჰყვება საფლავში”

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახალხო დამცველი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პასუხობს.
– ქალბატონო ნანა, დღეს მთავარი პოლიტიკური თემა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია. ოპოზიცია მოსყიდვასა და გაყალბებაზე საუბრობს. რას იტყვით თქვენ? როგორია გარეშე თვალით დანახული სიტუაცია?
– ყველგან ექსცესების წამომწყები ან ნაციონალები იყვნენ, ან მათი განაყოფი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ გაყალბებაზე, დღეს 2003 წელი ხომ აღარ არის, როცა ტოტალური ტყუილების მანქანით აბოლებდნენ ყველას. ამას ვინ დაიჯერებს ახლა.
– არ ყოფილა დარღვევები?
– არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც არჩევნებზე არავითარი დარღვევა არ მოხდეს. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. უბრალოდ, ხალხმა ერთის მხრივ უკანასკნელი გაფრთხილება მისცა “ოცნებას” პირველი ტურის სახით და თუ ამას, ამ ეიფორიაში გადააგორებენ და დაივიწყებენ, მაშინ ეს იქნება 2020 წელს მაგათი სრული მარცხი.
მეორეს მხრივ ხალხმა აჩვენა ნაციონალებს მეორე ტურში თავისი ძალა. მაგათ მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც სექტასავით არის, ყოველთვის მიდის და ნაციონალებს აძლევს ხმას, მიუხედავად ყველაფრისა. ხოლო მეორე მხარეს, ვისაც უკიდურესად არ მოსწონს ის ყველაფერი, რაც დღეს პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდა, იმათი აქცია და რეაქცია იყო 28 ნოემბრის შედეგი.
– ბიძინა ივანიშვილის დაპირებები რამდენად იყო ამომრჩევლის მოსყიდვა?
– ბიძინა ივანიშვილის ბრალი ის კი არ არის, რომ ახლა ვინმე მოისყიდა, ბრალი არის ის, რომ დაპირებები, რაც იყო 2012 წელს, არ შესრულდა.
ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ამ ბანკის მოვალეების საკითხის მოგვარება. 2012 წლის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგულაციები და მერე საქმე გაჩერდა. განცხადება გაკეთდა, ბანკებს ვერ მოვიმდურებთო. აჰა ბატონო, ბანკებს თუ ვერ მოიმდურებ, ამომრჩეველს მოიმდურებ.
საქართველოსნაირ ქვეყანაში კი არა, ისეთი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, ბანკებს მკაცრი რეგულაციები დაუწესეს, კრიზისი რომ იყო. ამაში არაფერი გაუგებარი და მიუღებელი არ არის. კიდევ უამრავი სხვა საკითხია.
– რას გულისხმობთ?
– სიტყვა კოჰაბიტაცია ყელში ამოვიდა მართლაც, მაგრამ სადაც გაიხედავთ სხვადასხვა სამსახურებში, განსაკუთრებით საშუალო რგოლებში, გავსებულები არიან ნაციონალებით. აქ ხომ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ამომრჩეველს გული დაწყდა, მე არ დამასაქმესო. ამომრჩეველი გაგიჟებულია იმიტომ, რომ მიდის საკითხის მოსაწესრიგებლად და ხვდება იქ ის ადამიანი, ვინც პრობლემებს უქმნიდა.
იცით სადამდე გათავხედდნენ? მოქალაქე რომ დარეკავს დასუფთავების სამსახურში, ჩვენი ქუჩა ასეთი ბინძური არასოდეს ყოფილა და რატომ არ ალაგებთო და იქიდან ცინიკურად პასუხობენ – ცოცხები აღარ გვაქვსო. ხომ უნდა მიხვდე, რასთან გაქვს საქმე?!
– დასუფთავების სამსახურშიც ნაციონალები ჰყავთ?
– აბა პასუხი ცოცხები აღარ გვაქვსო, რას ნიშნავს?! თანაც ეს ხდება პირველ და მეორე ტურებს შორის. მიზანმიმართულ პროვოკაციებზე მიდიოდნენ. ეს ხომ მაგათი ხელწერაა. დღეს ხომ არ მოუგონიათ.
– სააკაშვილმა დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა პოლიციას, ჯარს, მის მხარდამჭერებს კი აქციებისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ. აჰყვებიან მის განცხადებებს პარტია ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები?
– გუშინ ნიკა მელია გამოვიდა და გარკვევით თქვა, რომ სააკაშვილი არის ერთ-ერთი ამ გაერთიანებული ოპოზიციიდან და მას ერთი ხმა აქვს. ანუ ის ჩამოალაბორანტეს ამ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ რიგით წევრად. ჯერ ერთმანეთში გაარკვიონ. მერე, დაუმორჩილებლობას რაც შეეხება, ზემოთ მე რა მაგალითიც მოგიყვანეთ, ეს დაუმორჩილებლობის ნიმუში არ არის?! ასეა ყველა უწყებაში და ყველა სამსახურში.
– ერთი წელი ითხოვა ბიძინა ივანიშვილმა, რამდენად ეყოფა საიმისოდ, რომ დაალაგოს სიტუაცია. თუნდაც გაწმინდოს უწყებები?
– ეს ყველაფერი უნდა დალაგებულიყო 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე და უმარტივესი დასალაგებელი იყო.
– ახლა რთული იქნება?
– გაჭირდება, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის.
– ეს იყო ბოლო შანსი “ოცნებისთვის” საზოგადოების მხრიდან. 2020-ში აღარ მისცემს ხალხი შანსს?
– რა თქმა უნდა, არა. პირველი ტურის შედეგები მონაგონი იქნება, რაც 2020-ში დადგება, თუ არაფერი შეიცვალა.
– სალომე ზურაბიშვილის შესახებ ექსპერტები საუბრობენ, რომ ურჩი პრეზიდენტი იქნება და მარგველაშვილი მონაგონი იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ?
– არ მიყვარს ასე წინასწარ თქმა ხოლმე. ჩავლილია უკვე მეორე ტური და თავისუფლად შეგვიძლია თქმა, რომ “ოცნებას” ჰყავდა ისეთი კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებდა.
– ვისზე საუბრობთ?
– მაგალითად, კახა კახიშვილი. ყველაზე წარმატებული მინისტრი, რომელიც რატომ აღმოჩნდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემთვის გაუგებარია. ესეც მათი დიდი შეცდომაა, როგორც არაერთი სხვა. მე ერთი მაგალითი მოვიყვანე, თორემ უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
– მაინც იგივეს გკითხავთ, რამდენად შექმნის სალომე ზურაბიშვილი პრობლემებს?
– გამორიცხული არაფერია მისი ხასიათიდან გამომდინარე. მას სულ სხვა ბიოგრაფია აქვს, სულ სხვა ქვეყანაშია გაზრდილი, სხვა პოლიტიკური კულტურის სახელმწიფოში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პირველი ტურის ამბავი სერიოზული სილა იყო მისთვისაც.
ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ბიძინას მხარდაჭერით არ გასულა, ყველამ გადასარევად იცის, რომ ბიძინას მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი. ხალხმა ნათლად აჩვენა პირველ და მეორე ტურშიც, რომ გადაწყვეტილების მიმღები არის ხალხი.
– 2012 წელს შეადარეს 28 ნოემბრის არჩევნები. თქვენ რამდენად გაავლებთ პარალელს?
– არა, მე არ შევადარებ 2012 წელს. 2012 წელს იყო ტოტალური პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ და ახლა მეორე ტურის ამბავი არის პრაგმატული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლებას დაანახეს მისი ადგილი. იქ მეტი ემოცია იყო, აქ კი მეტი იყო მითითება ხელისუფლებისთვის.
– ანუ ნაციონალური მოძრაობა რჩება მიუღებელ ძალად ქართველი ხალხისთვის?
– რა თქმა უნდა.
– ითქვა ისიც, რომ არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარესს შორის. ამას რამდენად იზიარებთ?
– ეს, მოდური ფრაზა გახდა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში. ახლა იდეალურსა და ცუდს შორის არჩევანი საფრანგეთშიც არ კეთდება. მაკრონს რომ შეხედავ, იფიქრებ, რომ ცუდსა და კარგს შორის არის არჩევანი გაკეთებული?! ასეთი იდეალური ფორმულები მსოფლიოში არსად არ არის.
– ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნების წინ საკმაოდ გაძლიერდა. 2020-ში რამდენად გაძლიერდებიან?
– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. ყველაზე დიდი შეცდომა იყო 2012-ში ეს ფრაზა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. შუას თუ გაკრიფავ, მერე მიიღებ ამას, რაც დღეს გვაქვს.
ჩვენთან უნდა იყოს მრავალპარტიული დემოკრატია. ხელოვნურად რომელიმე პარტიების ჩახსნა, ჩასმა, მოშორება და შუას გაკრეფა არის დაუშვებელი. ეს არის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ჩარევა, თუ ძალადობით არა, ავტორიტეტის გავლენით.
– წესით, გაერთიანებული ოპოზიციისთვის ქაოსი და ქუჩის აქციები მათ გეგმებში არ უნდა შედიოდეს, თუკი სერიოზულად დაიწყებენ 2020-სთვის მზადებას.
– ისევ მოხდება მათი დანაწევრება, იმიტომ, რომ ერთად ყოფნამ რაც მოიტანა, დაინახეს ძალიან კარგად. ახლა ყველა იმუშავებს საკუთარ თავზე.
– ისევ გაიშლებიან? ვაშაძემ თქვა, შევინარჩუნებთ ამ ერთობასო.
– რა თქმა უნდა გაიშლებიან. აი ნახავთ, აღდგომა და ხვალეო. ყველას თავისი თავი აქვს გადასარჩენი ამ პოლიტიკურ პროცესში. ძველი ფორმატით გაერთიანებას ნაციონალური მოძრაობის გარშემო რომ არ მოაქვს წარმატება, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. ახლა ვინ ვის ჩაჰყვება საფლავში, მაგათი ასარჩევია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018