ნაცემი სამხედრო დავით ბერიშვილი რუსთავი 2-ში მივიდა – ის ცემას ელგუჯა ბიბინიძეს აბრალებს

ნაცემი სამხედრო დავით ბერიშვილი რუსთავი 2-ში მივიდა - ის ცემას ელგუჯა ბიბინიძეს აბრალებსსასტიკად ნაცემი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. დავით ბერიშვილი ამ დრომდე რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს. მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება. ბერიშვილი, რომელიც დახმარებისთვის “რუსთავი” 2-ში მოვიდა, თავდასხმაში ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს ადანაშაულებს.

ბრალდებებს უარყოფს ვიცე-პოლკოვნიკი. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ კი გამოძიება 387-ე მუხლით დაიწყო, რაც სამხედრო მოსამსახურის ძალადობაზე პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ჯარისკაცი კი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, მრავლობითი დაზიანებებით “რუსთავი2” -ში გუშინ მოვიდა, სწორედ ტელეკომპანიის შენობაში აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა მას პირველი დახმარება.

განმარტებები გაკეთდა თავდაცვის სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში ჯარისკაცის მეთაურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.

პრესსამსახურის თქმით, სამხედროს დათხოვა დისციპლინური დარღვევის გამო მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება 387-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის. ჩატარდება სამედიცინო ექსპერტიზები.

რუსთავი 2