ნუკრი ქანთარია – “ოცნებიდან” გაშვება ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს”

ნუკრი ქანთარია - "ოცნებიდან” გაშვება ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმაღლესი პირები გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, ირაკლი კობახიძე სრულად გამორიცხავს ცვლილებას, მამუკა ბახტაძე კი ამბობს, რომ ვინც რეფორმებს ფეხს ვერ აუწყობს მათი ადგილი გუნდში არ იქნება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ჯერ არ არის შეჯერებული პოზიციები და ამიტომაც არის განსხვავებული განცხადებები. შეჯერებული რომ ყოფილიყო, მაშინ ყველა გამოვიდოდა და ერთსა და იმავეს იტყოდა. ჯერ-ჯერობით გუნდის შიგნით კონკრეტული საუბარი საკადრო ცვლილებებზე არ ყოფილა.
თუმცა, მე შემიძლია ჩემი პოზიციის შესახებ გითხრათ. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხალხის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო. ადამიანები ჩვენგან ცვლილებებს მოითხოვენ. ამიტომ ცვლილებები უნდა მოხდეს. ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვდა ხალხი და ითხოვს, ამიტომ ეს გარდაუვლად უნდა მოხდეს. მითუმეტეს, პარტიის თავმჯდომარეს ამის შესახებ საუბარი ჰქონდა, კრიტერიუმებიც კი აღნიშნა.
– ეს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო, ამიტომ იყო ირაკლი კობახიძის განცხადება სრულიად მოულოდნელი.
– სწორედ ამას ვამბობ. დიახ, ეს იყო დაპირება. კრიტერიუმებიც კი ჰქონდა მას დასახელებული. მე მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ კვალიფიციურობა უნდა იყოს განმსაზღვრელი, არამედ ერთგულებაც, პატრიოტიზმიც, სახელმწიფოებრივი ხედვაც, სწორედ ამ ხედვების მიხედვით უნდა შეირჩნენ კადრები.
– კონკრეტული გვარები დასახელდა?
– ჯერ არა. შეიძლება მე ჩემი აზრი მქონდეს ამ საკითხზე, მაგრამ არ ვიტყვი. თუმცა, ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ცვლილებები გარდაუვალია, რასაც ხალხი ელოდება. ოღონდ ცვლილება ცვლილებისთვის არ უნდა იყოს. ტენდენციები, რასაც ხალხს დავპირდით მეორე ტურის წინ, უნდა იგრძნონ ადამიანებმა. შედეგზე უნდა გავიდეთ. ადამიანები, ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა, ამას ელოდება და ჩვენ ეს იმედები არ უნდა გავუცრუოთ.
როდის ჩატარდება საკადრო ცვლილებები პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რომ უნდა ჩატარდეს ეს, მტკიცედ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მგონია.
– მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრის გვარი პრესაში აქტიურად სახელდება. რაიმე ინფორმაციის თქმა შეგიძლიათ?
– კონკრეტულ გვარებზე ნამდვილად არ შემიძლია საუბარი, მაგრამ ცვლილებები უნდა შეეხოს მინისტრთა კაბინეტსაც და პარლამენტსაც. არ დავკონკრეტდები, თუ ვის უნდა შეეხოს ცვლილებები. ხალხში მოლოდინი არსებობს და მე ამის შესაბამისად ვსაუბრობ, დანარჩენს დრო აჩვენებს.
თუ მხოლოდ იმიტომ ვამბობდით ამას, რომ მეორე ტური მოგვეგო და ახლა დავივიწყოთ, ეს სიზმარი იყო და წყალს გავატანოთ, ეგეთი ამბები არ გამოვა. ბუნებრივია, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა უნდა იყოს მხოლოდ ცვლილება ცვლილებისთვის.
– 2020 წლის არჩევნებისთვის რამდენად მოასწრებს ან შეძლებს “ქართული ოცნება” ამომრჩევლის იმ დაკვეთის შესრულებას, რაზეც თუნდაც გუშინ პრემიერ-მინისტრი საუბრობდა?
– ჯერ ერთი წელი არის.
– მთავარი მამოძრავებელი რა უნდა იყოს?
– ეს ერთი წელი არის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აიღო და ეს ამ ერთ წელიწადში უნდა გამოიკვეთოს. მთავარი პრობლემა ყველამ ვიცით – ერთი მხრივ, ეს არის სოციალური პრობლემა და, მეორე მხრივ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მერე – განათლება და კულტურა. ყველა სფერო მეტ-ნაკლებად გასაძლიერებელი არის.
– განაწყენებას ხომ არ გამოიწვევს გარკვეული ადამიანებისთვის დამშვიდობება გუნდში?
– თუ ეს აუცილებლობაა და გარდაუვალია, მაშინ სხვა გზა არ რჩება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ყველა ეს გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს.
– კითხვები არ უნდა გამოიწვიოს?
– რასაკვირველია. შეიძლება სასიამოვნო არავისთვის იყოს დამშვიდობება, თუმცა, ცივი წყალი არსებობს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს და არა – ტენდენციური.
ერთიც არის, ახალმა კადრმა საქმე უკეთესად უნდა გააკეთოს და არა – უარესად. თუ უარესი მოინახა, მაშინ არაფერს აზრი არ ექნება.
– გამორიცხავთ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ პროცესის შემდეგ ვიღაცეები გამოეყვნენ ცალკე გუნდად?
– ამას პოლიტიკური პროცესი აჩვენებს. დამალული არაფერი დარჩება. ეს ყველაფერი ღია პოლიტიკური პროცესი იქნება. გვინახავს მსგავსი შემთხვევებიც და პირიქითაც.
– გამოდის, არ გამორიცხავთ.
– უფრო შეკრული გუნდიდანაც გვინახავს. ასე რომ, ვნახოთ, მომავალში თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები.
– ბატონო ნუკრი, ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს. მას აქვს მზადყოფნა, წავა მკვეთრ რეფორმებზე? დღეს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას სწორედ ამ კითხვაზე აინტერესებს პასუხი.
– საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცია. მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაპირება შეასრულოს. მითუმეტეს ამ პირობებში, როდესაც მან მოსახლეობას მისცა დაპირებები. ამდენად, ეს თავისთავად გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, მთელი ძალისხმევის ჩადებას, რომ ადამიანები იმედგაცრუებულები არ დარჩნენ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა