პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება – გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის შემცირებას ეხმაურება

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება - გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის შემცირებას ეხმაურებაპრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დაკნინების მცდელობად მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის 40% შემცირებას.

გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა წლებია ცდილობს დაასუსტოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ამის ბოლო მცდელობა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო.

„მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ, ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც დევს კანონის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული,  სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტს და მთავრობას.

ეს პროცესის შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს.

არავის ეს ჩვენთვის არ უკითხავს და ამის საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა,“-ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, როგორც ცნობილია 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ფონდი საერთოდ უქმდება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეს დიდი პრობლემა იქნება მეხუთე პრეზიდენტისთვის, რადგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდებოდა.

„სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას.

მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს  მსგავსი ტიპის ინიციატივებს,“-ამბობს აბაშიშვილი.