რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ  400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ  400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვადღეს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ  400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა.

ამის შესახებ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 12 დეკემბერს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი.

15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება.

ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები შევა ძალაში უახლოეს მომავალში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

თუ მთავრობა საქართველოს საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის შესახებ გადაწყვეტილებას 15 იანვრამდე არ მიიღებს, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სრულად გაჩერდება და სამუშაო ადგილს ჯამში 2.000 მუშა-მოსამსახურე დაკარგავს.

ინტერპრესნიუსი