სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატი 3 დღეში უნდა წარადგინოს

სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატი 3 დღეში უნდა წარადგინოსდაწყებულია “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვადის ათვლა, რომლის ფარგლებშიც ახალმა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს.

კანდიდატების წარდგენამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით უნდა შეარჩიოს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სულ მცირე სამი კანდიდატურა წარადგინოს.

თამარ ჟვანიას, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, როცა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა არჩევნების ჩატარების პერიოდს ემთხვევა, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა წარადგენს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის არჩევას ვერ შესძლებს, გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

ინტერპრესნიუსი