საქართველოს ხელისუფლება სკანდალში ეხვევა – ამერიკელი დიპლომატები აშშ-ს ელჩის შესაძლო დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

საქართველოს ხელისუფლება სკანდალში ეხვევა - ამერიკელი დიპლომატები აშშ-ს ელჩის შესაძლო დაბლოკვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თბილისს არ სურს შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში ბრიჯით ბრინქის დანიშვნა, ამერიკელი დიპლომატებისთვის გაუგებარია.

სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე თომას მელია, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის დროს ამბობს, რომ ეს სამწუხაროა, რადგან ბრინქი დეპარტამენტის საგარეო სამსახურში ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია.

„მე ვიცნობ ბრიჯით ბრინქს. ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც კი ოდესმე ყოფილა ჩვენს სამსახურში. ის საქართველოს ძალიან კარგად იცნობს და სხვადასხვა მთავრობების დროს მსახურობდა. ის არ არის სააკაშვილის მომხრე ან მოწინააღმდეგე, “ქართული ოცნების” მომხრე ან მოწინააღმდეგე. ის ამერიკის ინტერესთა დამცველი და ქართველი ხალხის დიდი მეგობარია,”- აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე თომას მელია.

ბრინქთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის უილიამ ქორთნის გაკვირვებაც გამოიწვია. დიპლომატი ამბობს, რომ ბრიჯით ბრინქი ამერიკის საგარეო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი კადრია. კარგი ურთიერთობის მქონე ქვეყნებს შორის კი აგრემანზე უარი გაუგონარია.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა კოგრესის წარმომადგენელი დეივიდ კრამერიც.

„თუ საქართველომ ნამდვილად უარი თქვა აგრემანზე ბრიჯიტ ბრინქისთვის, ნამდვილად, ძალიან უგუნური გადაწყვეტილება მიიიღო. ბრიჯიტი უმაღლესი რანგის პროფესიონალია , რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. იქ იქნებოდა შესანიშნავი არჩევანი იან კელის შესაცვლელად, რომელმაც გადასარევად შეასრულა თავისი საქმე როგორც ელჩმა. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა და ვერ დაეხმარება ორმხრივ ურთიერთობებს. რცხვენოდეთ მათ, ვისაც ამ სიტუაციის შექმნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება,“- წერს კონგრესმენი დეივიდ კრამერი.

“Foreign Policy” ვაშინგტონში მყოფ ყოფილ და ახლანდელ დიპლომატებზე დაყრდნობით დაბეჭდა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს დათანხმდეს ელჩად ბრიჯით ბრინქის დანიშვნას, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.

“Foreign Policy” წერს, რომ ბრინქის დანიშვნას მხარს უჭერს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, უეს მითჩელი. სტატიაში წერია, რომ ქართული მხრიდან ელჩზე უარი, მრავალი ამერიკული და ქართული წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომელსაც არჩეული თანამდებობა არ აქვს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში უზარმაზარ როლს ასრულებს.

ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საქართველო წლის დასაწყისში დატოვა. რამდენიმე თვის განმავლობაში ელჩი დანიშნული არ იყო და დროებით მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. 8 ნოემბრიდან კი ამ მოვალეობას ელჩი როს უილსონი ასრულებს.

რუსთავი 2