შალვა შავგულიძე – „ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით, დესტაბილიზაცია არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს“

შალვა შავგულიძე - „ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით, დესტაბილიზაცია არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს“გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მის ჩატარებას პროპორციული სისტემით. ამ მოთხოვნით 2 დეკემბერს ოპოზიცია რუსთაველზე საპროტესტო აქციას გეგმავს.

იზიარებს თუ არა მათ მოთხოვნებს და როგორ აფასებს ჩატარებულ არჩევნებს? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს შალვა შავგულიძეს ესაუბრა:

_ როგორ აფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს?

_ ეს იყო ძალიან ცუდი არჩევნები, აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრით ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის. გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც მიუღებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისთვის. არ პასუხობს ამ ტესტს და სტანდარტს.

ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დიდი ფულის აშკარა მონაწილეობა არჩევნებში სხვადასხვა სახით. ვთქვათ, ეს იყო საჩუქრების დარიგება. მოსყიდვის ფაქტები, ეს იყო კრედიტების ჩამოწერის შეთავაზება.

არჩევნებს თან ახლდა ძალადობრივი ფონი, ასევე ხელისუფლების მხრიდან. გამოყენებული იყვნენ კრიმინალური ელემენტები და მათი გავლენა, რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა. ხელისუფლებამ გამოიყენა ფორმალურად და იდეოლოგიურად განსხვავებულ პლატფორმაზე – პრორუსულ პლატფორმაზე მდგომი პარტიის აქტივობა და „ქართული ოცნება“ დაეხმარა „პატრიოტთა ალიანსს“, რათა ამ პარტიის სახელით ჩატარებულიყო მრავალრიცხოვანი მიტინგი და ამით „პატრიოტთა ალიანსის“ მცირედი სეგმენტიც მიემატებინა თავისი აქტივისათვის.

ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების შეფასებები. მაგრამ ეს არჩევნები მაინც ითვლება შემდგარ არჩევნებად. ასეთი შეფასება აქვს საერთაშორისო მხრიდანაც.

ეს იყო ცუდი არჩევნები, მაგრამ ეს არ განაპირობებს ამ არჩევნების არაღიარებას და მის არალეგიტიმურად ცნობას.

_ გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, არასწორად მიგაჩნიათ?

_ პოლიტიკა უნდა იყოს რეალური, რეალობა კი ისეთია, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ეს არჩევნები აღიარეს. მოვისმინეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, რომ ისინი ელოდებიან საქართველოს ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

_ რას ელოდებით თქვენ სალომე ზურაბიშვილისგან?

_ იცით რა? მისგან დიდს არაფერს ველოდები, ისევე, როგორც იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც ასე იძულებით და ძალადობით გახადა ის პრეზიდენტი. მაგრამ არც იმას ველი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს არაღიარების პოლიტიკისთვის დიდი ზიანის მიყენებას დამოუკიდებლად.

ჯერ ერთი, არ ვიცი, რამდენად გააგრძელებს ჩვენი სახელმწიფიოებრიობისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებას, რაც უკვე გააკეთა კამპანიის დროს. ომის დაწყების დაბრალება საქართველოსთვის და ა. შ.

იმედი მაქვს, რომ ის ამას ვეღარ და აღარ გააგრძელებს პრეზიდენტის რანგში, მაგრამ თუ ის ამ გზას დაადგება, ეს არ იქნება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა. ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს და აღასრულებს ხელისუფლება. თუ პრეზიდენტის უფლებები ასცდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციებს, ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ პრეზიდენტს არ მიეცეს ასეთი დამაზიანებელი პოლიტიკის განხორციელების საშუალება.

თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ რაიმე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე გააკეთოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელით, ეს მას არ გამოუვა, პასუხისმგებლობა მასზე იქნება.

_ ზურაბიშვილის საკმაოდ ხისტი პოლიტიკოსია, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მანაც, მარგველაშვილის მსგავსად, უარი თქვას „ოცნების“ და ივანიშვილის მითითებების შესრულებაზე?

_ არ მინდა ახლა მე ვიმარჩიელო ისეთ საკითხებზე როგორი ხასიათი აქვს ქალბატონ სალომეს და როგორ მოიქცევა. შესაძლოა, რაღაც საკითხებში ჰქონდეს თავისი პრეტენზიები და შეხედულებები, მაგრამ ზოგადად არ მგონია, რომ მისი პოლიტიკა „ოცნების“ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში წავიდეს.

პრეზიდენტ მარგველაშვილს აყვედრიდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა პრეზიდენტადო, მაგრამ თუ ვინმეს დანიშვნა მოხდა, რეალურად ეს იყო სალომე ზურაბიშვილის დანიშვნა „ოცნების“ ხელისუფლების მიერ.

ადამიანური ფაქტორიც არის, რომ არ წავიდეს წინააღმდეგ იმ გუნდის მიერ, რომელმაც დანიშნა. ისე დანიშნეს პრეზიდენტად, რომელსაც პრაქტიკულად მეორე ტურის განმავლობაში არც კი აჩენდნენ და შედეგები აჩუქეს სალომე ზურაბიშვილს. ასე რომ, არა მგონია, დიდი წინააღმდეგობა გაჩნდეს მათ შორის.

_ ხომ არ შეუერთდებით იმ აქციას, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაანონსა?

_იმ მოთხოვნებს ჩვენ არ ვიზიარებთ და არ შევუერთდებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ცუდი არჩევნები იყო, მაგრამ ცუდ არჩევნებს კიდევ დესტაბილიზაცია რომ დაემატოს ქვეყანაში, თან დესტაბილიზაცია, რომელიც არ იქნება მიმართული პოზიტიური შედეგის მიღებაზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს შედეგებს და მზად არიან დაგვეხმარონ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ვითარებაში დამატებითი დესტაბილიზაციის შემოტანა არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. აქედან გამომდინარე, აქციაში არ მივიღებთ მონაწილეობას.

ვიზიარებთ პოზიციას და თავადაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ საჭიროა მთლიანად პროპორციული სისტემის მოთხოვნა და მთლიანად საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.

_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას თუ იზიარებთ?

_ ჩვენ ასევე არ ვიზიარებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. არ არის ამის საჭიროების ობიექტური საფუძვლები. პირიქით, სჯობს, კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. იმიტომ, რომ ვხედავთ, რამდენად მზარდია ქართულ საზოგადოებაში მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე, საზოგადოებას რამდენად აღარ სურს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. ვგულისხმობ, „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო. ხელოვნურად ცაიტნოტური სიტუაციის ამომრჩევლისთვის თავს მოხვევა ხელს შეუშლის გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში.

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აწყობს ნაციონალებს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ასე ცუდად ჩატარებული არჩევნებისა, მათ მაინც 40% მიიღეს. შესაბამისად, ამის მოთხოვნა მათ აძლევს ხელს.

მეორე მხრივ, შეიძლება ვადამდელი არჩევნები დასჭირდეს ხელისუფლებასაც. მისი რეიტინგი კლებადია და შესაძლოა მან ჩათვალოს, რომ ვადამდელი არჩევნები მისთვის მომგებიანი იქნება, ასეთივე ფორმებით და ასეთივე ცუდი არჩევნებით კვლავ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და ახალი ლეგიტიმაციით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ანუ, გააკეთოს ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 2008 წლის იანვარში.

ვადამდელ არჩევნებს მხარს არ ვუჭერთ. მანამდე იქნებ თანდათანობით გამოიკვეთოს ახალი პოლიტიკური გაერთიანება. იმედი მაქვს, ამას გააძლიერებს საზოგადოების წარმომადგენლობა, რომლებიც დღეს გაერთიანებაში არ არიან, მაგრამ საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.

ეს გაერთიანება შესაძლოა გახდეს ალტერნატივა ამ ორი პოლიტიკური პოლუსისა და ჩვენს საზოგადოებას აღარ მოუწიოს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა