სოსო ცინცაძე – “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”

სოსო ცინცაძე - "მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, სალომე ზურაბიშვილი მე-5 პრეზიდენტი გახდა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, თქვენ რას ელოდებით?
– უცნაური იყო, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ივანიშვილი და სააკაშვილი და ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ქართული პოლიტიკის ახალი ეტაპი ხვალიდან იწყება. ავტომატურად სალომე ზურაბიშვილი უკანა პლანზე გადავა. ჩატარდება ინაუგურაცია, შევა ორბელიანების სასახლეში და ჩათვალეთ, რომ პირველი მას თქვენ, ჟურნალისტები, დაივიწყებთ.
მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არავინ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს. ეს ამომრჩეველი არ გაჩერდება და ივანიშვილს სოციალური პირობების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოსთხოვს. პირველად მოხდა, რომ პოლიტიკოსმა თქვა “ერთ წელიწადში შევცვლი”, ასეთი იყო ივანიშვილის დაპირება. ერთ წელიწადში საკადრო ცვლილებები შესაძლებელი და სავსებით რეალურია, მაგრამ ცხოვრების დონის გაუმჯობესება შეუძლებელია.
– სარისკო დაპირებები იყო ივანიშვილის მხრიდან?
– შეუძლებელი დაპირებები იყო. ერთ წელიწადში რა უნდა მოასწროს?! ამიტომ ვაკეთებ აქცენტს დროზე. საკადრო ცვლილებები – კი ბატონო. შეუძლია შეცვალოს პრემიერი, ეკონომიკის, განათლების მინისტრი და ა.შ. მაგრამ მშიერი ხალხის მაცივრები ხომ არ გაივსება ამით?!
დღეს ოპოზიციის აქტივში არის 800-ათასიანი ელექტორატი. ეს არის ელექტორატი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგია. რაც შეეხება მილიონზე მეტა ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა ხელისუფლებას, მან სხვადასხვა მიზეზით მისცა. ზოგმა მომხიბლავი დაპირებით, ზოგმა იმით, რომ ვალების ჩამოჭრის მოლოდინშია. ანუ ეს მილიონზე მეტი ამომრჩეველი არ არის “ოცნების” ერთგული, იდეური ამომრჩეველი.
ეს ყველაფერი წინაპირობაა იმის, რომ მძიმე კვალი დატოვოს ამ წელიწადნახევარში, ახალ არჩევნებამდე ამ ყველაფერმა. ახლა ხალხი ივანიშვილისგან არანაირ სამართლიანობის აღდგენას არ ელოდება, ახლა მშიერი ხალხი დანაყრებას ელოდება.
– რეალური ცვლილებების გარეშე “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებზე გაუჭირდება?
– რასაკვირველია, მაგრამ შეუძლებელია ამ დაპირებების შესრულება, ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ამიტომ იყო ეს სარისკო დაპირებები.
მართალია, დღეს ოპოზიციამ წააგო, მაგრამ თუ სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებს, მას წელიწადნახევრის შემდეგ მეტი შანსი ექნება. ეს დრო მთლიანად ოპოზიციის სასარგებლოდ იმუშავებს და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ეს ელემენტარული პოლიტიკის ლოგიკაა.
ამ ეტაპზე ოპოზიციის დამარცხება მე საერთოდ არ გამკვირვებია. ოპოზიცია სახელისუფლო მანქანასთან ტოტალურად, პირისპირ დარჩენილი ვერ გაიმარჯვებდა. რაშიც ხელისუფლებას ოპოზიცია ბრალს დებს, იმის ნახევარიც რომ მართალი იყოს, აქ უკვე არათუ დემოკრატიაზე საუბარი, არამედ თავისუფლად სუნთქვაზეც საუბარი ზედმეტი იქნებოდა. თუმცა, დარღვევები რომ იყო, ამომრჩევლის მოსყიდვა რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არის.
შეცდომა იყო სააკაშვილის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ტელეეკრანებიდან. ოპოზიცია მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორად იქცეოდა, როდესაც ცდილობდა სააკაშვილისგან გამიჯვნას, მაგრამ არასწორად იქცეოდა სააკაშვილი, რომელიც ყველას უმტკიცებდა თავისი გამოსვლებით, რომ ლიდერი ისევ ის არის.
როგორც ჩანს, ვერ გაუბედეს, რომ ეთქვათ, მეორე ტურის წინ არ გამოჩენილიყო. საერთოდ უნდა გაჩუმებულიყო, ის კი თავისი გამოსვლებით ვაშაძესთან ახდენდა ასოცირებას, რის გამოც ვაშაძე მოსახლეობის თვალში გასულ 9 წელთან გახდა ასოცირებული.
– სააკაშვილის განცხადებაზე დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ თქვა, რომ ეს ერთი კაცის განცხადებაა. მოგვიანებით ეს შეიცვალა და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს, არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს და ქუჩაში გადის. რას მიაღწევენ?
– ეს არის ბეწვის ხიდი. ძალიან რთული გზა ელოდება წინ ოპოზიციას. თუ ისინი ოდნავ მაინც გასცდებიან კანონს, კონსტიტუციის ჩარჩოებს, მაშინ შინ და გარეთ ყველას მიეცემა იმის თქმის საფუძველი, რომ მათ უნდოდათ რევოლუცია, გადატრიალება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მათ მხარდამჭერებზეც არის დამოკიდებული.
სააკაშვილი დღეს ნანობს, ივანიშვილთან საერთოდ რატომ ჰქონდა ურთიერთობა. ივანიშვილი მას კვლავ იყენებს, როგორც სისხლიანი 9 წლის ავტორს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მე არ მგონია, ამ ფაქტორმა იმუშაოს, როგორც დეპუტატმა ჭიჭინაძემ იხუმრა, მგელი მოდის, მგელი მოდის – ეს იყო ბოლო მგელი.
– ივანიშვილი საკადრო ცვლილებებს განახორციელებს მთავრობასა და პარტიაში?
– დიახ, სწორს ბრძანებთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ თეორიულად არის მარტივად შესასრულებელი დაპირება.
– რატომ, გარემოცვას ვერ მოიშორებს?
– რა თქმა უნდა! ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო. თან ჩანს, რომ ივანიშვილი ასე მარტივად ვერ მოიშორებს ამ გარემოცვას. შეძლებს კი ამ ხალხის გაშვებას?!
– რატომ, მათი მძევალია?
– ბევრი ფაქტორი მუშაობს, ასე მარტივი არ არის. რა გამოდის, რომ მთლიანად ეს გარემოცვა უნდა მოიმდუროს, გადაიმტეროს. პოლიტიკურ სისტემას წელიწადნახევარში ვერ ცვლიან, სამწუხაროდ. ეს ვერავინ შეძლო და არ მგონია, ახლა ივანიშვილმა შეძლოს.
– ივანიშვილმა თქვა, რომ პარტიის გადახალისება მოხდება.
– დიახ, თქვა, მაგრამ ეს იქნება ალბათ უფრო ზედაპირული ცვლილებები. პირველ ტურში, როდესაც 53% დაუდეს და გააბრიყვეს, ახლა მთელ ჯავრს მათზე იყრის, მაგრამ ეს რეალურად არაფერს შეცვლის.
ახლა ყველაზე საინტერესო პოლიტიკური პროცესი იწყება. მოდი, ასე ვთქვათ: ახალი პოლიტიკური ხვეული თავისი შლეიფით და ეს არავითარ კავშირში არ იქნება სალომე ზურაბიშვილთან, რადგან მაქსიმუმ ერთი თვის შემდეგ ის აღარავის ემახსოვრება.
მარგველაშვილი მაინც განსხვავებული იყო, ის ვეტოს ადებდა კანონპროექტს, უმრავლესობას ეწინააღმდეგებოდა, მთავრობას სანერვიულოს აძლევდა, ერთი სიტყვით, ინტრიგა იყო.
ზურაბიშვილთან ინტრიგა არ იქნება. ერთი თქვენ, ჟურნალისტებს, შეგეძლებათ შეახსენოთ, მაგალითად, რატომ არ დადის ფეხით სამსახურში, როგორც დაგვპირდა. მართლა ფეხით ხომ არ ივლის?! მსოფლიოში არც ერთ პრეზიდენტს ფეხით არ უვლია სამსახურში და ზურაბიშვილი ივლის?!
ამით მე იმის თქმა მინდა, რომ მთავარი პოლიტიკა სულ სხვაგან იქნება. ამ არჩევნებმა ერთი მნიშვნელოვანი კვალი ნამდვილად დატოვა: მოსახლეობა, ხალხი მიხვდა, რომ ძალაუფლება მის ხელშია, რომ ის არის ძალაუფლების წყარო. რიგითი ადამიანი მიხვდა, რომ თუ ხელისუფალს უჭირს, მე აუცილებლად დავჭირდები. ეს მართლაც კარგი იყო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა