სროლა სტრასბურის ბაზრობაზე – მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 11

სროლა სტრასბურის ბაზრობაზე - მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 11საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 ადამიანი, 11 კი დაჭრილია.

ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი ორგანოები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.

ადგილზე სტრასბურში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მისი ძებნის სპეცოპერაცია.

ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. ასევე დაიხურა ევროპარლამენტი და შენობაში მყოფ პირებს ეკრძალებათ მისი დატოვება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეის მამიკინსი.

“სტრასბურში საშობაო ბაზრობაზე სროლა მოხდა. ცოცხალი და უსაფრთხოდ ვარ. უკვე სასტუმროში ვარ. რა მოხდა, არ ვიცი. არიან დაშავებულები”, – დაწერა ევროპარლამენტის დეპუტატმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.