სუსი – “ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, თითქოსდა, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამაზ რ. მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.