თელავში ოპოზიციის აქციის ადგილი პოლიციამ გადაკეტა

თელავში ოპოზიციის აქციის ადგილი პოლიციამ გადაკეტათელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნული მოედანი ერეკლე მეფის სასახლისკენ მიმავალ გზაზე, ერეკლე მეფის ძეგლსა და რვაასწლოვან ჭადარს შორის მდებარეობს.

ტერიტორიაზე პოლიცია მხოლოდ სტუმრებს და საშვის ან აკრედიტაციის მქონე პირებს უშვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შსს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს დაიცავს. უწყების ცნობით, საპოლიციო ძალები მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინაუგურაციასთან დაკავშირებით კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინტერპრესნიუსი