”უპასუხო კითხვები უნდობლობას აჩენს” – ია კერზაიას გარდაცვალების გამოსაძიებლად ”ოცნების” დეპუტატებმა პროკურატურას 1 თვე მისცეს

”უპასუხო კითხვები უნდობლობას აჩენს” - ია კერზაიას გარდაცვალების გამოსაძიებლად ”ოცნების” დეპუტატებმა პროკურატურას 1 თვე მისცეს”ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან კობერიძის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს ინტელექტკლუბის ”სად? რა? როდის?” ვეტერანი წევრები, დეპუტატები გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე აწერენ.

მიმართვაში საუბარია ამავე კლუბის ვეტერანი წევრის, ბაჩანა შენგელიას, დედის, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებაზე.

განცხადებაში ნათქვამია:

”ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.
ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა – 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.
პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.”