ვახტანგ მაისაია – “ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედება უკრაინაზე სამხედრო თავდასხმაა”

ვახტანგ მაისაია - "ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედება უკრაინაზე სამხედრო თავდასხმაა"რა მოცემულობას ქმნის ქერჩის სრუტეში უკრაინა-რუსეთის ახალი სამხედრო დაპირისპირება და ამ კონტექსტში საქართველოს სახელმწიფოს რა საშიშროებები ექმნება, ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

– ბატონო ვახტანგ, უკრაინის მხარის განცხადებით, რუსეთი ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებს თავს დაესხა. რუსეთსა და უკრაინას შორის ღია სამხედრო დაპირისპირება ქერჩის სრუტეში რა მოცემულობას ქმნის ზოგადად და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის?

– მართლაც საინტერესოა რუსეთის მხრიდან სიტუაციის ასე დაძაბვის გარემოებები. ქერჩის სრუტეში მიმოსვლა რეგულირებული იყო 1997 წლის ხარკოვის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც განისაზღვრა, როგორ გამოიყენებდნენ უკრაინისა და რუსეთის მხარეები აზოვის ზღვაში ნაოსნობას.

აზოვის სანაპირო დაკავებულია რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოების მიერ. ორივეს გააჩნია თანაბარი უფლება აზოვის ზღვაზე, რომ გამოიყენონ ისე, როგორც მათ მოესურვებათ. დღემდე ეს რეგულირდებოდა ხარკოვის ხელშეკრულებით.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებს რუსული მხარის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება თავიანთი კონტროლირებადი ტერიტორიის გამოყენებით და ქერჩის სრუტის გამოყენება. ქერჩის სრუტე არის ასევე უკრაინის ტერიტორია. ყირიმის ნახევარკუნძული ქერჩის მიმართულებით უკრაინის კონტროლქვეშ არის.

– როგორც ჩანს, რუსეთი ყირიმის მიტაცებიდან გამომდინარე მოქმედებს.

– პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა და თვითნებურად ააშენა ქერჩის ნახევარკუნძულსა და ყირიმს შორის გამავალი სახმელეთო ხიდი. ამ მშენებლობასთან დაკავშირებით უკრაინის მხარე საქმის კურსში ჩაყენებული არ იყო.

ბუნებრივია, ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთმა აზოვის სრუტე თვითნებურად ჩაკეტა. რუსეთი არა მხოლოდ 1987 წელს დადებულ ხელშეკრულებას არღვევს, არამედ გაეროს 1983 წლის ზღვის კონვენციას, სადაც ეს საკითხები კარგად არის გაწერილი – სრუტე უნდა გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად, მათ შორის, საზღვაო აკვატორიის მიხედვით. უკრაინას აქვს უფლება, ამ სრუტეში გაიაროს, მათ შორის, სრუტეში იმოძრაონ სამხედრო გემებმა.

უკრაინა არის შავი ზღვისპირა ქვეყანა და, კონკრეტულად, აზოვის ზღვაზე ამ ორ ქვეყანას – უკრაინასა და რუსეთს ნაოსნობის უფლება აქვს. ახლა რუსეთმა ცალსახად მოახდინა არათუ ხელის შეშლა, არამედ თავდასხმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სამ გემზე. რუსეთის ქმედება, ფაქტობრივად, არის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.

– ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს პროვოკაცია მოუწყო. უკრაინის მხრიდან პროვოკაციის რაიმე საფუძველი ჩანს? უკრაინას რაში აწყობდა, ვთქვათ, რუსეთისთვის პროვოკაცია მოეწყო?

– თუ უკრაინული მხარე პროვოკაციას დააპირებდა, ორ მცირეგაბარიტიან კატარღასა და ერთ ბუქსირს არ გააგზავნიდა ასეთი პროვოკაციის მოსაწყობად, გაცილებით ძლიერი დაჯგუფების ელემენტებს გამოიყენებდა.

რა უფლებით ლაპარაკობს ლავროვი პროვოკაციაზე, როდესაც უკრაინის გემები გადაადგილდებოდნენ თავის ტერიტორიაზე. ეს იგივეა, ჩვენი სამხედრო შენაერთები აფხაზეთის ტერიტორიაზე რომ გადაადგილდებოდნენ და რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი სეპარატისტულ ჯგუფებთან ერთად ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს 1992 წლის 14 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ჯარის გადაადგილება არძინბას შეუთანხმა.

– უკრაინასა და რუსეთს შორის შექმნილი სიტუაცია სადამდე შეიძლება დაიძაბოს? უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს მიმართა და საომარი მდგომარეობაც გამოაცხადა.

– დიახ, რადამ დაამტკიცა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება. მოითხოვენ უკრაინის სამხედრო საზღვაო გემებისა და დატყვევებული სამხედროების გადაცემას უკრაინის მხარისთვის. შეიარაღებული შეტაკების შედეგად, სამი სამხედრო დაიჭრა. რუსებმა ერთი კატარღა ჩაძირეს, შემდეგ კი ბუქსირით გადაიყვანეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, უკრაინაზე მოხდა სამხედრო თავდასხმა. ეს არის ფაქტი.

– ამ შემთხვევაში უკრაინის პასუხი როგორი შეიძლება იყოს?

– საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა განიხილავს ყველა ვარიანტს. გაეროს წესდების 33-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინა შეეცდება, მშვიდობიანი გზით დაარეგულიროს კონფლიქტური სიტუაცია. უკრაინა იტოვებს გაეროს წესდების 58-ე მუხლით აღებულ ვალდებულებას თვითდაცვის პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

– რის მიღწევას ცდილობს რუსეთი? უნდა, მითვისებული ყირიმის ნახევარკუნძული და მის ირგვლივ არსებული სივრცე მის გამგებლობაში მოაქციოს?

– მე მგონი, რუსეთი სხვა მხარეს უმიზნებს. როგორც კი აზოვის ზღვაზე პროვოკაცია მოხდა, დონბასის მხარეში დონბასელმა სეპარატისტებმა მარიუპოლის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მასირებული ცეცხლი გახსნეს და უკრაინულმა მხარემ მათ პასუხი გასცა, ანუ იქაც განხორციელდა პროვოკაციები.

როგორც ჩანს, პრორუსი შეიარაღებული ძალები აპირებენ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის მთავარი იდეაა, დაიკავონ უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი. მარიუპოლს უკრაინელები აკონტროლებენ და დონბასელი სეპარატისტების მხრიდან ისინი ალყაში არიან.

დღეს უკრაინაში ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ჩვენ გვქონდა 1993 წლის 17 სექტემბერს, როცა ჩვენ ვაკონტროლებდით ოჩამჩირესა და გალს, აფხაზები აკონტროლებდნენ ახალ ათონს, გუდაუთას, განთიადსა და ტყვარჩელის რაიონს. მოეწყო პროვოკაცია, აფხაზებმა ჩვენ ცეცხლი გაგვიხსნეს, ანუ, ფაქტობრივად, რუსეთი უკრაინაში იმეორებს აფხაზეთის სცენარს.

თუ დონეცკის მხარე პრორუსულმა ძალებმა მთლიანად ჩაიგდეს ხელში, ეს იმას ნიშნავს, როგორც აფხაზეთის მთლიანად დაკარგვას ჰქონდა ფსიქოლოგიური ეფექტი, ასევე დონბასისა და დონეცკის მთლიანი რეგიონის კონტროლი რუსი სეპარატისტების მიერ უკრაინის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ გავლენას იქონიებს.

– ფსიქოლოგიური გავლენის შედეგი რა იქნება?

– როგორც აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ საქართველო იძულებით შევიდა დსთ-ში, შეიძლება, მსგავსი ვარიანტი გააჩნია პუტინის რეჟიმს, რომ ფსიქოლოგიური დარტყმის შედეგად უკრაინელების ნებისყოფა გატეხოს, რომ უკრაინამ უარი განაცხადოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე.

– ამჯერად მაინც გაერომ და ნატომ უკრაინას რეალური დახმარება შეიძლება აღმოუჩინონ?

– ვერ გეტყვით. საქმე უკვე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა, შეიქმნა ომის წინაპირობები. საქართველოსაგან განსხვავებით, უკრაინელებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. როცა ომია და უკვე ჩანს, რომ რუსული აგრესია უკვე აშკარაა, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწევთ გარკვეული ღონისძიებების მიღება იმისათვის, რომ, სულ მცირე, რუსული აგრესია დაგმონ ან შეაჩერონ და იმ მიზნებზე, რომლებიც გააჩნია რუსეთს, უარი ათქმევინონ.

ყირიმს არავინ დააბრუნებს, სამწუხაროდ, უკრაინასაც არ გააჩნია ამის ძალა, მაგრამ მარიუპოლი რომ შეინარჩუნონ და მშვიდობა დამყარდეს მინსკის მოლაპარაკების კონტექსტში, შეიძლება. რუსეთმა უკრაინას პირდაპირ ომი გამოუცხადა.

– რამდენიმე თვის წინ პუტინმა განაცხადა, რუსეთი დიდია და სხვისი ტერიტორიები არ გვჭირდებაო, მაგრამ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. რუსეთს რაში სჭირდებოდა ახლა უკრაინასთან აღნიშნული კონფლიქტის წამოწყება?

– რუსეთს უკრაინასთან საზღვაო კონფლიქტის წამოწყება აწყობდა შავი ზღვის აკვატორიაში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ნახეთ, როგორ დაემთხვა სიტუაცია, რუსეთმა გაიყვანა გაზის მილსადენი “სამხრეთ ნაკადი”. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამის პარალელურად, მას სურს გააძლიეროს რუსეთის სამხედრო ყოფნა შავი ზღვის აკვატორიაში, “სამხრეთ ნაკადი” დაიცვას სამხედრო ძალების მეშვეობით.

მეორე მხრივ, შექმნილი ვითარება საქართველოს მიმართულებითაც არის სიგნალის გამოშვება. თუ რუსეთი უკრაინაში წავიდა დაძაბულობის ესკალაციაზე, საქართველოსთანაც წავა დაძაბულობაზე.

– რას გულისხმობთ?

– რუსეთმა ფსიქოლოგიური ომი უკვე დაიწყო. უკრაინაში მოვლენები, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართაც წავა დაძაბულობაზე, რასაც ხშირად ვამბობდი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში, რომ რუსეთმა დაიწყო ფსიქოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რუსეთის ეს ქმედებები დამტკიცდა საქართველოს მიმართ. რუსეთი ცდილობს, შავი ზღვის აუზი არ გახდეს ამერიკული სამხედრო გავლენის ერთგვარი დასაყრდენი.

– შავი ზღვის აუზის დაცვის სპეციალური ორგანიზაცია ხომ არის შექმნილი სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ამერიკის მონაწილეობით?

– ნატოს ჰქონდა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების დაცვის ინიციატივა. გარკვეულწილად, ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერებას ისახავდა მიზნად, მაგრამ რუსები მუშაობენ დასწრებაზე, რომ ამერიკას არ მისცენ მათი გეგმების განხორციელების საშუალება. როგორც რუსებმა ჩაშალეს “კასპიის გუშაგის” ანალოგიური ტიპის პროექტის განხორციელება და კასპიის ზღვას დაეუფლნენ, ასე დაეუფლნენ აზოვის ზღვას და შემდეგ გადავიდნენ შავ ზღვაზე. ეს ლოგიკურია.

– ამერიკელები შავი ზღვის კონტროლისთვის ბრძოლას აღარ დაიწყებენ?

– რუსებმა ახლანდელი ქმედებებით ამერიკელებს შავი ნიშანი მისცეს. ვნახოთ, ამერიკელებს ამაზე რა რეაქცია ექნებათ.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა