ვალების განულება, შესაძლოა, 2.000 ლარზე მეტი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხოს

სასესხო დავალიანებების ჩამოწერის აქციაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომელთაც დიდი მოცულობის სესხები ჰქონდათ.

აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერენ. მათი თქმით, სესხის ძირი თანხა 2 ათას ლარს, ვადაგადაცილება კი ერთ წელიწადს აღემატება, თუმცა, საკუთარი თავი მაინც აღმოაჩინეს ვებგვერდზე vali.ge, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ – შეეხოთ თუ არა ვალების განულება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, ვალების ჩამოწერა შესაძლოა, დიდი მოცულობის სესხებსაც შეხებოდა, თუმცა, მისივე განმარტებით, საუბარია, ხანდაზმულ სესხებზე. მაგრამ ძნელაძე არ აკონკრეტებს ამ ტიპის – ხანდაზმული და დიდი მოცულობის
სესხებიც ფონდმა „ქართუმ“ შეისყიდა, თუ კომერციულმა ბანკებმა „აპატიეს“ მსესხებლებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„შესაძლოა, მოხდეს ხანდაზმული, დიდი მოცულობის სესხების პატიებაც, თუმცა, ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. მაგრამ იმის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია, რომ თუ მოქალაქემ საკუთარი თავი ვალების განულების ვებგვერდზე – vali.ge აღმოაჩინა, მას სესხის მოცულობის განურჩევლად, დავალიანება გაუნულდება.

აღსანიშნავია, რომ ვალების განულების აქციის შედეგად, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების ნეგატიური საკრედიტო ისტორია კანონით განსაზღვრული 5 წლის გასვლის შემდეგ საერთოდ აღარ იარსებებს. რომ არა ეს აქცია,
მსესხებლები უნდა დალოდებოდნენ სესხის ხანდაზმულობას, სასამართლოს ვადისა და ამის შემდეგ კიდევ 5 წლიანი პერიოდის გასვლას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, სესხის განულებისთვის მსესხებელს სჭირდებოდა სასამართლოში წასვლა და იმის დამტკიცება, რომ აღნიშნული ვალდებულება იყო ხანდაზმული,“-აღნიშნა ძნელაძემ და დასძინა, რომ დავალიანების ჩამოწერის ფარგლებში, სასამართლოში გადაცემული დავალიანებებიც განულდება, თუ სესხები გაცხადებულ პარამეტრებს აკმაყოფილებენ.

ცნობისთვის, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ – vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ მონაცემებიც დაემატა. ჯამში, ამ ეტაპზე, ვებ-გვერდზე ატვირთულია 7 კომერციული ბანკიდან შეძენილი სესხები/კრედიტები. ეს ბანკებია: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი“.

ამასთან, ამ დროისთვის ვებგვერდზე 412 420 მსესხებლის 695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია ატვირთული. ჯამური დავალიანების თანხა კი 3,148,735,096 ლარია.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019