ვინ იყო ქართველი, რომელიც ამერიკის ხუთ პრეზიდენტს იცავდა  

ლევან გოპაძე – წლების წინ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა.
უბრალოდ, ისიც იმ 300 კაციან სიაში ეწერა, ვის საფლავებსაც ამერიკაში დავეძებდი.

ძებნის კვალმა ლოს ანჯელესში მიმიყვანა, მაგრამ საინტერესო თურმე წინ მელოდა.

სასაფლაოს დირექციამ თავიდანვე მომწერა, რომ ის ღირსეულთა სექციაში იყო დაკრძალული, ეს სექცია დახურული გახლდათ და მხოლოდ “ოქროს გასაღებით” შევძლებდი იქ შესვლას. ეს გასაღები გააჩნდათ მხოლოდ ოჯახის წევრებს, ხოლო სხვა მსურველებს, სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდათ ამ სექციის კურატორი სამინისტროსაგან – პენტაგონისაგან.

ასეც მოვიქეცი, მივწერე თხოვნის წერილი და ნებართვამაც არ დააყოვნა.

ალბათ, სიტყვებით ძნელია გამოხატო ის ემოცია, რაც ამ განსასვენართან შესვლისას დამეუფლა. გარდაცვალებიდან 40 წლის თავზე, მან პირველი სტუმარი, – ქართველი სტუმარი მიიღო…

შემდეგ იყო, რომ დავიწყე ამ ადამიანის შესახებ მოკვლევა. თუ ვინ იყო, რატომ ერგო იქ დაკრძალვის პატივი… მოვიძიე მისი შვილი, ამერიკაში ერთ-ერთი კომუნიკაციების უზარმაზარი კომპანიის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც მხოლოდ ის იცის, რომ ქართველია.

გარდაცვლილი ლევან გოპაძე ამერიკის საიდუმლო დაცვის სამსახურის (Secret Service) ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირი აღმოჩნდა. 1951 წლიდან დაიწყო მისი კარიერა და ბოლოს, იმ ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს იცავდა ქვეყნის გარეთ გასვლისას.

ლევან გოპაძის ზურგი შეერთებული შტატების ხუთი პრეზიდენტის, – ტრიუმანის, ეიზენჰაუერის, კენედის, ჯონსონისა და ნიქსონის სიცოცხლეს იცავდა.

თუმცა, ეს კიდევ არაფერი. ჩემი გაოცება გამოიწვია შემთხვევამ, რომელიც თავს გადამხდა.

ერთი დრო კენედის მკვლელობის შესახებ წიგნების კითხვით ვიყავი გატაცებული. ვკითხულობდი ჰაროლდ ვეისბერგის გამოძიებათა ციკლს “ვარენ-რეპორტის” შესახებ, კონსპირაციის თეორიაზე კენედის მკვლელობის საქმეში.

და, უცბად, ლევან გოპაძის გვარს არ მოვკარი თვალი? რომ იტყვიან, სკამზე ავხტი.

მთელი თავი ეძღვნება აგენტ ლევან გოპაძის დაკითხვას მარინა ოსვალდისას, ლი ჰარვი ოსვალდის, კენედის მკვლელის მეუღლისა. მარინა ოსვალდი მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა დაკითხვას, თუ მას ლეონ გოპაძე წარმართავდა.

ამერიკაში სხვა გოპაძეებიც მოღვაწეობდნენ. ლეონის ძმისა და ბიძაშვილის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.

kutaisipost.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019