ზაზა სარალიძემ შსს დატოვა – ”ბორცვაძე დამპირდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”

ზაზა სარალიძემ შსს დატოვა - ”ბორცვაძე დამპირდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა. მოკლული დავით სარალიძის მამამ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათი გაატარა. მას უწყების წარმომადგენლებმა ხელახალი გამოძიების შედეგები და მოპოვებული ახალ მტკიცებულებები გააცნეს.

გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისგან, ვლადიმერ ბორცვაძისგან, მიიღო პირობა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

ზაზა სარალიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავონ.

„დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს, რა ხდება. მაგრამ რომ ჩავალ ბოლომდე, გადავიკითხავ  საქმის მასალებს, უკვე კონკრეტულ კითხვებს დავსვამ. მე არ განვიხილავ მხოლოდ და მხოლოდ კალანდიას საკითხს, მე განვიხილავ ყველა ადამიანის საკითხს, ვინც შემხებლობაში იყო ამ საქმესთან და ნებისმიერი, ის პროკურორი იქნება, თუ გამომძიებელი იქნება, თუ ვინც კი დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში, ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე შსს-ში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით განმეორებით არიან გამოკითხული არასრულწლოვანები, ასევე მათი ოჯახის წევრები.

ადვოკატის განცხადებით, გამოკითხულია არაერთხელ მირზა სუბელიანიც.

რუსთავი 2