ზესტაფონში ბიზნესმენს ქურდები მოგების 30 პროცენტს სთხოვდნენ – ფრიდონ სულაქველიძის ძმა, ხვიჩა დააკავეს

ზესტაფონში ბიზნესმენს ქურდები მოგების 30 პროცენტს სთხოვდნენ - ფრიდონ სულაქველიძის ძმა, ხვიჩა დააკავესზესტაფონში, ერთ-ერთი კაფეს მეპატრონეს, 41 წლის ბიზნესმენს ქურდული სამყაროს სახელით ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტს სთხოვდნენ. ექვსთვიანი ძიების შემდეგ, ამ საქმეზე ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ფრიდონ სულაქველიძის ძმა, კრიმინალური „ავტორიტეტი“ ხვიჩა სულაქველიძე დააკავეს.

მანამდე კი იმერეთის სამხარეო პოლიციისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამავე საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. იგი, ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ – ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველების მიერ ხვიჩა სულაქველიძე მიმდინარე წლის 18 ივნისიდან იძებნებოდა. მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში ფრიდონ სულაქველიძესთან და მის ძმასთან – ხვიჩა სულაქველიძესთან.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, გ.ჯ.-სგან, „კანონიერი ქურდის“ – ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.

53 წლის “კანონიერი ქურდი” ფრიდონ სულაქველიძე კრიმინალურ წრეებში “პაწუა ზესტაფონსკის” სახელით არის ცნობილი. ის ბოლო სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა, რომელიც ვლადიმირსკი ცენტრალის  სახელით არის ცნობილი.

პრაიმ ტაიმი