“ზურაბიშვილი შეეცდება, ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს”

"ზურაბიშვილი შეეცდება, ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს"რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია, რა ელოდება “ქართულ ოცნებას”, გამოჩნდება თუ არა ქართველი პაშინიანი, რა პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს ზურაბიშვილი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
გოჩა მირცხულავა:
– დღეს ყველა 16 დეკემბერს ელოდება. ამ დღეს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ამ დღეს ოპოზიციამ აქცია დააანონსა, ხელისუფლება კი თელავში განერიდა პროცესებს.
ხელისუფლება თელავში განრიდებით ამტკიცებს, რომ ის შეშინებულია. სწორედ შიშის დემონსტრირებაა ის უტიფარი განცხადებები, რასაც ოპოზიციის შეთავაზებულ წინადადებებზე ვისმენთ.
ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საუბარია სხვადასხვა რეფორმენის გატარების აუცილებლობაზე. “ოცნება” კრიზისის არსებობას არ აღიარებს და ამით ამტკიცებს, რომ გაურკვევლობაში არიან. მათ მართლაც არ იციან, როგორ უნდა მართონ კრიზისი.
ქუჩაში დღეს ქვებს არავინ არ ისვრის, ხელისუფლებისთვის ამ მშვიდობიანი პრიცესის მართვა ძალიან რთული აღმოჩნდა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები თავიანთ ანგარიშებში ცალსახად გამოთქვამენ გულისწყრომას არჩევნებთან დაკავშირებით. ისინი საუბრობენ მოსყიდვის ფაქტებზე. გმობენ ოპონირების ენას. პრეტენზიები აქვთ საარჩევნო კოდექსის მიმართაც. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის გაკეთილშობილება ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს საერთოდ არ სცდება.
ხელისუფლებას განსაკუთრებულად ეშინია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. ქართული კანონმდებლობის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ადრე შეიძლება მომავალი წლის სექტემბერში ჩატარდეს. ყველაზე გვიან კი – 2020 წლის შემოდგომაზე.
– ვადამდელი არჩევნები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს?
– ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არჩევნები 2020 წელს ჩატარდეს. თუმცა ხელისუფლება თუ ასე გაჯიქდება და არგუმენტებით არ ახსნის, რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2020 წელს, მას შესაძლოა ვადამდელი არჩევნები სანატრელი გაუხდეს.
ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ერთმანეთის გვერდით დასვა ევროპული ღირებულებების პარტიები და ნინო ბურჯანაძე, რომლის პარტიაც პრორუსულ ძალად ითვლება. ხომ უნდა მოახერხო, რომ პოლიტიკურად ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ერთად დასვა მოლაპარაკების მაგიდაზე და ერთ სტრატეგიაზე შეათანხმო ისინი.
საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 დღეა გასული და მთელი ამ ხნის მანძილზე “ოცნებამ” ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მომავალი წლის გასაბრწყინებელი გეგმიდან საზოგადოებისთვის რამე შეეთავაზებინა. ბატონმა ივანიშვილი არჩევნებიდან ერთი წლის თავზე რომ უნდა გაგვაბრწყინოს, იმ გეგმაზე მაქვს საუბარი.
როდესაც ხელისუფლებამ არ იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, ან გვიმალავს ამას, ან რაღაც თარიღებს ელოდება, ეს მხოლოდ მათ უმწეობაზე მეტყველებს. გარეგნულად მედიდურობას ისევ ინარჩუნებენ, რომელიც შემდეგ უტიფრობაში გადასდით, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში არიან, რაც პრობლემების გაღრმავებას გამოიწვევს.
– ზემოთ თქვით, რომ ხელისუფლებას შესაძლოა ვადამდელი არჩევნები სანატრელი გაუხდეს. რა შეიძლება მოხდეს?
– საზოგადოების ერთმა ნაწილმა “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს იმ იმედით მისცა ხმა, რომ ერთ წელში ქვეყანა გაბრწყინდებოდა. მეორე ნაწილმა ხმა არავის მისცა, მაგრამ ჩასაფრებული ელოდება ამ ერთ წელს. მესმის, რომ ასე უცბად სოციალური ვითარება არ გაუმჯობესდება, მაგრამ ამის ტენდენციებიც კი არ ჩანს.
სრულებითაც არ გამიკვირდება, ჩვენმა საზოგადოებამ გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და პოზიციაც და ოპოზიციაც ისეთ დღეში ჩააგდოს, რომ მათ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი საერთოდ გაუქრეს.
სხვა მომენტია, ვინ ისარგებლებს ამ ვითარებით, მაგრამ “ოცნებამ” თუ ასე გააგრძელა, ბუნებრივად გამოიწვევს ქვეყანაში კატაკლიზმებს, როდესაც ხალხი თავად შეძლებს პოლიტიკური ლიდერების არჩევას.
– “ოცნება” ვერ აცნობიერებს, რომ უფსკრულისკენ მიექანება?
– ისინი ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისისას ალოგიკურად იქცევიან. გუნდი ვერ ხვდება, რომ პოლიტიკური კრიზისის აღიარება, პირველ რიგში, მისთვის არის სასარგებლო.
ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ ბიზნესის წესით გვეთამაშება და უყურებს, როგორ მივალთ უკიდურეს წერტილამდე. უკიდურესი წერტილის შემდგომ რევოლუციური სცენარით ვითარდება უკვე მოვლენები.
კარგი იქნებოდა, თუ ივანიშვილი აღიარებდა პროლიტიკური კრიზისის არსებობას. ეს მას ძალიან კარგ სასტარტო პირობებს შეუქმნიდა ერთ წელში დაპირებული რეფორმების გატარებაში.
ხელისუფლებას ისე ეშინია ამ კრიზისის აღიარების, რომ მზად არის, პოლიტიკურ ჭაობში ჩაიძიროს. პროცესი დაწყებულია და ერთ დღესაც შეიძლება სუნთქვა გადაეკეტოთ.
– გაერთიანებულ ოპოზიციაზე რას გვეტყვით? თითქოს გაჩუმდნენ და შეარბილეს პროტესტი.
– მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ჩუმად არ არის. მათ თქვეს, რომ ისინი 16 დეკემბრისთვის ემზადებიან. რანდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ახლა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან მუშაობენ.
მათი მოთხოვნა უნისონში ჯდება შემფასებელი მისიების დასკვნებთან. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური თამაშის წესები ოპოზიციასთან დიალოგს არ გამორიცხავს. როცა პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლება დიალოგზე უარს ამბობს, ამით ოპოზიციას ფორას აძლევს.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ “ოცნება” პროდასავლური ორიენტაციისაა. სახლის აშენებას, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მისი აფეთქება ძალიან ადვილია. ეს ფორმულა პოლიტიკაშიც მოქმედებს. და ის დიდი რეპუტაცია, რომელზეც ბატონი ივანიშვილი აპელირებდა, შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” თავისი მიდგომებით წყალს გაატანოს.
ამ შემთხვევაში “ოცნების” ბედი ნაკლებად მაღელვებს. მე ის მადარდებს, რომ ამით ქვეყანაც დაზიანდება. შეხედეთ ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს. 9 დეკემბერს სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ჩვენი არჩევნებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო პოზიტიურია.
ამ უგუნურობის გამო “ოცნება” თავადაც ჭაობაში იძირება და ქვეყანასაც იქეთ მიათრევს. ერთი რამე კარგად დაიმახსოვრონ, ხალხი მათ ჭაობში არ ჩაყვება. ჭაობში მათ ისინიც კი არ ჩაყვებიან, ვისაც “ოცნება” გულმხურვალე მხარდამჭერებად თვლის.
ოპოზიციის მოთხოვნებში არ იყო გაჟღერებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა. რაკი ეს მოთხოვნა გაჟღერებული არ იქნა, ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევვნების ირიბად აღიარება მოახდინა. ამასთან, თქვეს, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი და ვიღაცები არ აღიარებენ ზურაბიშვილის გამარჯვებას.
საერთაშორისო დიპლომატიისთვის ეს განცხადება ცოტა დამაბნეველია. ოპოზიციას ჰქონდა იმის შანსი, რომ მუდმივი ტორპედირება მოეხდინა ამ თემაზე და ირიბად მაინც ეთქვათ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთო. ეს ერთგვარი ტაქტიკური შეცდომა იყო, რომლის გამოსწორებაც მათ ძალიან გაუჭირდებათ.
აქ არის ასეთი გამოსავალი – ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ ქვეყანას ჰყავს დაბალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი, უნდა ითქვას ისიც, თუ როგორი დარღვევით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებენ ბრძოლას. სხვა მომენტია, ეს არჩევნები ვადიანი იქნება თუ ვადამდელი.
მერწმუნეთ, ამით გაერთიანებული ოპოზიცია არ დაკარგავს იმ 900.000 ადამიანს, ვინც მათ კანდიდატს მხარი დაუჭირა. გაერთიანებული ოპოზიციის ამომრჩეველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ახალი პოლიტიკური კლასის შექმნის საფუძველი გახდება.
მომავალ პარლამენტს შესაძლოა იმის შანსიც კი მიეცეს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი მოუწყოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს.
სრულებითაც არ გამიკვირდება, საქართველო რეგიონში გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივიდეს.
– ზემოთ სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ახსენეთ. ქართველი პაშინიანის გამოჩენა რამდენად რეალურია?
– ქართველი პაშინიანი შესაძლოა სულაც არ იყოს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი. ქართველი პაშინიანი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკური მოცემულობა შექმნის.
ქართველ პაშინიანს “ქართული ოცნება” შობს იმ უგუნური ნაბიჯებით, რომლებსაც ის დღეს დგამს.
– ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა საპრეიზიდენტო არჩევნები ირიბად აღიარა. რატომ თვლით ამას შეცდომად?
– ოპოზიციამ ვერ შეძლო დოკუმენტალურად დაემტკიცებინა, რომ არჩევნები გაყალბდა. პროცედურული დარღვევები არის სხვა, ძალადობა არის სხვა. სასამართლოს არჩევნების გასაუქმებლად სჭირდება დოკუმენტური მტკიცებულება, რომ გააუქმოს ეს არჩევნები. 2003 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ოქმებით შეძლეს იმის დამტკიცება რომ კონკრეტულ უბნებზე არჩევნები იყო გაყალბებული.
“ქართული ოცნება” შეცდომას უშვებს, როცა თელავში ატარებს ინაუგურაციას. პირადად მე ინაუგურაციას საქართველოს პარლამენტში დავნიშნავდი, რასაც ოპოზიცია ხელს არ შეუშლიდა. ისინი ქვების სროლას არ აპირებენ. აქცია არაფერს არ ნიშნავს.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა ტრამპის ინაუგურაციაზე. აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში ტრამპის წინააღმდეგ მიდიოდა აქციები, მაგრამ ინაუგურაცია არავის ჩაუშლია. ასევე იქნებოდა თბილისშიც.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტის შენობის წინ დგას კარვები. იქ შვილმოკლული მამები არიან და სამართლიანობას ითხოვენ. იმ ადამიანისთვის, რომელიც დამოუკიდებელ პრეზიდენტს თამაშობს, ეს კარვები იქნებოდა ძალიან დიდი ფორა.
მივიდოდი იმ მამებთან, ჩამოვართმევდი ხელს, ვეტყოდი სამძიმარს, დავპირდებოდი, რომ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, დავეხმარებოდი სამართლის პოვნაში. მოვკიდებდი ორივეს ხელს და მათთან ერთად შევიდოდი პარლამენტის ეზოში, სადაც ინაუგურაცია გაიმართებოდა.
ამით მნიშვნელოვან მესიჯს გავუგზავნიდი მთავრობას და საგამოძიებო ორგანოებსაც იმასთან დაკავშირებით, რომ მე, სახალხო პრეზიდენტი, უფლებას არ მოგცემთ, რომ ქვეყანაში ვინმეს უფლება ირღვეოდეს.
ეს იქნებოდა შერიგებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, ამის ნაცვლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თელავში კორპორატიული ფართი ჩაატაროს, რომელსაც ხალხი არ დაესწრება.
ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას იმაში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არანაირი სახალხო პრეზიდენტი არაა და ის “ოცნების” შემადგენელი ნაწილია.
– ზურაბიშვილმა ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. თქვა, ივანიშვილმა მითხრა. შეგიძლია, დამოუკიდებელი იყოო.
– ქალბატონი ზურაბიშვილი თუ ამაზე საუბარს დემოკრატიის ნორმად თვლის, ეს არის ძალიან ცუდი. რას ჰქვია მითხრა, ვერ ხვდება, რომ ამით ცალკე ივანიშვილის რეპუტაციას მიაყენა ზიანი და ცალკე საკუთარს? თუ ამას ვერ ხვდება, მაშინ კარგად ყოფილა საქმე.
– მისი განცხადებების წყალობით საინტერესო ცხოვრება გველოდება.
– აქ საკითხავი ისაა, რამდენად შეძლებს ის ქვეყნის დაზიანებას, თორემ გახალისება სხვა რაღაცაა.
– როგორი დამოკიდებულება ექნება მას “ოცნების” ჩინოსნებთან? პირველი ტურის მერე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის დასახელება შეცდომა იყო.
– ზურაბიშვილი ივანიშვილს პრეზიდენტად სწორედ კობახიძე-კალაძის ფრთამ შეტენა. თავისი საპრეზიდენტო ამბიციები ქალბატონმა სალომემ პირველად კობახიძეს გაუმხილა.
იმ დროს პრეზიდენტობა კობახიძესაც უნდოდა და კალაძესაც. როცა დაინახეს, რომ მათი დასახელება არ მოხდებოდა, მიიღეს გადაწყვეტილება – ივანიშვილს ზურაბიშვილის კანდიდატურა წარუდგინეს. ამ შემთხვევაში კალაძის ის განცხადება თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო.
ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს. ამ პროცესში ის პოლიტიკურ პარტნიორად კობახიძე-კალაძეს გამოიყენებს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა