ადუაშვილი და კუჭავა ვაჟიკო კორკოტაშვილთან მივიდნენ და პირველი უთანხმოებაც იქ მოუვიდათ – ვერაზე სროლის ახალი დეტალები

ადუაშვილი და კუჭავა ვაჟიკო კორკოტაშვილთან მივიდნენ და პირველი უთანხმოებაც იქ მოუვიდათ - ვერაზე სროლის ახალი დეტალებისროლა ვერაზე – კრიმინალური ისტორიის ახალი ხმაურიანი დეტალები „კურიერმა“ გაარკვია. ტატიშვილის ქუჩაზე სროლას დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის გარჩევა უძღოდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟიკო კორკოტაშვილია.

„კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ საქმის მთავარი მონაწილეები გიორგი ადუაშვილი და ზურაბ კუჭავა გუშინ ყოფილი მორაგბის, ახლა კი საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის, მამის გასვენებაში ერთად იყვნენ. შემდეგ ესტუმრნენ მეგობარ ვაჟიკო კორკოტაშვილს და პირველი უთანხმოებაც შანიძის ქუჩაზე მოუვიდათ.

გია კორკოტაშვილი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რაზე მოუვიდათ ახალგაზრდებს კონფლიქტი, თუმცა, ადასტურებს, რომ ადუაშვილიც და კუჭავაც მისი შვილის ახლო მეგობრები არიან. კორკოტაშვილი ამ ეტაპზე დაპირისპირებაში მისი შვილის მონაწილეობას გამორიცხავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავებას ადასტურებს. ერთ-ერთი 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ავთო ადუაშვილი შვილი, გიორგი ადუაშვილია. პოლიციის ვერსიით, სწორედ ის ესროდა გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მიმავალ ავტომანქანას, რომელსაც ზურა კუჭავა მართავდა.

„კურიერს“ სანდო წყარომ პოლიციიდან უთხრა, რომ ამ საქმეშიც მინდია გოგოჭურის და დათო კაჭარავას ახლო გარემოცვა ფიგურირებს. წყაროს ინფორმაციით, გოგოჭური-კაჭარავას ციხეში ყოფნის დროს მათმა მეგობრებმა ერთმანეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტეს, თუმცა დიდი შერიგება არ შედგა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, გოგოჭური-კაჭარავას სამეგობროს ე.წ. რაზბორკები ვერაზე გურგულიას ქუჩაზე ჰქონდა.

წყარო ამბობს, რომ ადუაშვილს ჭრილობები, სავარაუდოდ, ზურაბ კუჭავამ მიაყენა, რომელსაც შემდეგ ავტომობილით მიმალვა უნდოდა, თუმცა ადუაშვილი მას სხვა მანქანით დაედევნა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ტატიშვილის ქუჩაზე ბევრმა დაინახა.

„კურიერმა“ დღეს მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს როგორ გადმორბის დაძრული მანქანიდან, სავარაუდოდ, ზურა კუჭავა და გზას ფეხით აგრძელებს.

დაპირისპირებული მხარეები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ და საავადმყოფოებში მოხვედრის მიზეზებსაც გამოგონილი ვერსიებით ხსნიან.

რუსთავი 2