დავით ბერძენიშვილი – „ივანიშვილს სააკაშვილი ხელიდან გამოეცალა და ბესელია შერჩა“

დავით ბერძენიშვილი - „ივანიშვილს სააკაშვილი ხელიდან გამოეცალა და ბესელია შერჩა“„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების ახალი ტალღაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ვითარდება. რა პროცესებთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და მოსალოდნელია თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? _ ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:

_ რა შეფასებას გააკეთებთ მმართველი გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე? ეს არ არის შიდა დაპირისპირების პირველი შემთხვევა „ქართული ოცნების“ შიგნით. ამჯერად დაპირისპირების ახალი ტალღა მოსამართლეების თემით აგორდა.

_ მოსამართლეების თემა გარკვეული კატალიზატორია იმ პროცესების, რაც ახასიათებს ხოლმე სახელისუფლებო ბიუროკრატიას, რომელსაც ფორმალურად პარტია ჰქვია. ანალოგიები ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისის შევარდნაძის პერიოდის დამყაყებული „მოქალაქეთა კავშირი“ გაგახსენდება კაცს.

ივანიშვილი და მისი დახავსებული „ქართული ოცნება“ იგივე სტადიაშია. როგორც მაშინ გაიშიგნა „მოქალაქეთა კავშირი“, ჯერ „ახალი მემარჯვენეები“ გაჩნდნენ, შემდეგ ჟვანიას და სააკაშვილის ჯგუფი და დარჩნენ რეტროგრადი, კორუმპირებული, უცოდინარი, არადასავლური ღირებულებების და ცხოვრების წესის ამარა, იგივე ემართება ივანიშვილის ახლანდელ გუნდს.

ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში კომპრომისებზე ორიენტირებული კაცი. კომპრომისებისთვის არის იძულება. ასე სჭირდებოდა ივანიშვილსაც, სააკაშვილსაც, შევარდნაძესაც საკუთარი ხელისუფლების საწყის ეტაპზე. შემდეგ ისინი თავისუფლდებიან არა მარტო კომპრომისის მოთხოვნისაგან, არამედ კვალიფიკაციისგანაც. ეს პრინციპში ერთი და იგივეა.

ახლანდელ ვითარებაში ეკა ბესელიას ეს საქციელი და მის მიმართ განწყობა ივანიშვილის შეკვეთით მოქმედი დეპუტატებისა ადასტურებს იმას, რომ რაკი სახლში დარჩნენ მარტო, პარლამენტში ¾ აქვთ, პოსტსაარჩევნო ტკივილებია, ორივე მიმართულებით.

როგორც სააკაშვილის მხარეს ისე ივანიშვილის მხარეს არის რღვევის ნიშნები და არცერთ შემთხვევაში არ მოხდება 2, 3 თუ 4 თანაზომად ერთეულად გაყოფა. მაგრამ როგორც ერთს, ისე მეორეს ფრაგმენტები მოტყდება და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს 2 პოლიტიკური ძალა აღარ იყოს დომინანტი ქართული პოლიტიკურ სცენაზე უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე.

_ ელოდებით, რომ ბესელიას, ფოფხაძეს, გოგიჩაიშვილს… ამ ჯგუფს გარიცხავენ „ოცნებიდან“ ან თავად გავლენ?

_ ეს დაცილება აშკარაა. მათ მოუწევთ ცალკე ყოფნა. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამით შეჩერდებიან. თუმცა, ბევრი წასასვლელი არც არავინ დარჩა. ბევრი არ ნიშნავს ძალას. ვინც დარჩება, საკმაოდ ბევრი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ იქნება სიაში, ამიტომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფაცი-ფუცით დაიწყებენ ადგილების ძებნას გარიყულ-გაგდებულები „ქართული ოცნების“ ფარგლებს გარეთ.

იმდენად უსიცოცხლოდ რჩება ივანიშვილის ბიუროკრატია, რომ პოზიტიურია ეს პროცესი. როგორც ივანიშვილის „ქართული ოცნება“, ისე სააკაშვილის კონგლომერატი ცვლილებებს განიცდის და ეს პროცესი პოზიტიურია. არ ვარგა 2 პიროვნებაზე დამყარებული სისტემის შენარჩუნება.

_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ ხომ არ წავალთ?

_ არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდეს. არსებული კანონმდებლობით ვადამდელი არჩევნების ჩატარება არავის ინტერესებში არ შედის. ეს პოზიტიური არ იქნება. ვადამდელ არჩევნებს აზრი ექნება კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით.

_ თავად ივანიშვილს ხომ არ აწყობს ვადამდელი არჩევნები, როდესაც პარტიაში ასეთი დაძაბული და რთული ვითარება აქვს?

_ თეორიულადაც კი ერთი წელი სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს. პარლამენტმა ორ სესიაზე ¾-ით უნდა მიიღოს კონსტიტუციური ცვლილებები. ამიტომ, 2020 წლის დასაწყისამდე პრინციპში არც კი არის შესაძლებლობა არჩევნების დანიშვნისა პროპორციული საარჩევნო სისტემით.

არ ვიცი, ივანიშვილის იდეები პოლიტიკის ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას იმხელა ძალისხმევა დასჭირდა ფუნქციებშეკვეცილი პრეზიდენტის დასანიშნად, ამიტომ ახლა კიდევ არჩევნების დანიშვნა მისთვის სასარგებლო არ იქნება 50%-იანი ბარიერის პირობებში. ერთმანდატიანი ოლქების ტოტალურად მოგებას ის ვეღარ შეძლებს, ამიტომ არ მგონია, რომ ახლა ივანიშვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აწყობდეს, თუნდაც არსებული სისტემით.

_ ბესელიას და ფოფხაძეს მოსამართლეების თემა მართლა აწუხებთ, თუ შიდა ბრძოლისთვის იყენებენ?

_ ერთიც და მეორეც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. რა თქმა უნდა, დისკომფორტია ბესელიასთვის, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ახლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იქამდე ოპოზიციაში იყო და სასამართლო სისტემასთან სააკაშვილის დროს დაპირისპირება ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს მისთვის დისკომფორტია.

მეორე მხრივ, სანამ პოლიტიკური კონიუნქტურა არ წამოეშველა, ამ დისკომფორტს მშვენივრად იტანდა და მე არ მახსენდება რაიმე აქტიური მოქმედება მურუსიძის და კომპანიის წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან მწარედ გავილაშქრეთ 2015 წლის ბოლოს, 2016-ის დასაწყისში, როდესაც მურუსიძეს ჩააბარა ივანიშვილმა სასამართლო ხელისუფლება. მაშინ ბესელიას პროტესტი არ მახსენდება. არ იყო და იმიტომ არ მახსენდება.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თემა საზოგადოებაში მასობრივ პროტესტს გააღვივებს, რადგან საზოგადოებაშიც დიდი უკმაყოფილებაა?

_ საზოგადოება იზრდება და ის პირველ რიგში ენდობა ბიულეტენს. ძალიან ღრმა პოლიტიკური შეცდომა იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკური ინტელექტის ნაკლებობამ გამოიწვია.

სააკაშვილმა იმ 800.000 ხმაზე მეტის სასწრაფოდ კონვერტაცია დააპირა, რაც გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 28 ნოემბერს. ვგულისხმობ რუსთაველზე და თელავის მიტინგებს. როგორც ერთი ისე მეორე მიტინგი ჩაიფუშა. ადამიანები კი არ მიბრუნებიან ივანიშვილს, უბრალოდ იციან, რომ მთავარი ბიულეტენია და ფუჭი გასროლაა კვირაობით ქუჩაში დგომა არჩევნების შემდეგ. სააკაშვილსაც რამდენჯერ უნდა შეეშალოს. თუმცა, მას ერთადერთი ამოცანა აქვს და არჩევნები მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია საკუთარი ხელისუფლების დაბრუნების გზაზე. ეს არარეალისტურია, ამიტომ კონტრპროდუქტიულია ოპოზიციისთვის სააკაშვილის ასეთი ფსევდო რევოლუციური მოთხოვნები.

მან დააზარალა თავისი პოლიტიკური ძალა. სად არიან ახლა ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიური ფიგურები იყვნენ ჯერ კიდევ თვენახევრის წინ?! ეს უშუალოდ სააკაშვილის კისერზეა. ოპოზიციისთვის ასეთი მკვეთრი დარტყმის მიყენება სააკაშვილის ნამუსზეა.

ახლა გადაერთვება უკრაინაში და არც იქ აქვს რაიმე არსებითი პერსპექტივა. მისი პარტია სოციოლოგიური კვლევებით არც კი იკითხება. მაგრამ სააკაშვილი, ცალკე აღებული, საკუთარ თავს, როგორც სპარინგ-პარტნიორი, ვერ გალახავს. სხვას უნდა გაალახინოს თავი. ამიტომ, ეს პარტნიორი ივანიშვილია, რომელიც ასევე უშვებს დიდ შეცდომებს.

ივანიშვილმა ერთი რამე იცის _ მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა. სხვა მან არ იცის. რაკი ახლა სააკაშვილი გამოეცალა ხელიდან, ამიტომ ვიღას გალახავს?! გაიხედ-გამოიხედა რინგზე, მოხვდა ხელში ბესელია, ალბათ კიდევ სხვებიც.

რაც დრო გავა, კიდევ მეტ შეცდომას დაუშვებს. მე არ ვარ კმაყოფილი, რომ ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ. საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკა ვერ გაცდა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახოთ, იქნებ 2020 წლისთვის გაცილებით ფართო არჩევანი მოხერხდეს.

_ ბესელიამ თქვა, რომ თუ პროცესები შორს წავა, ალაპარაკდება. როგორ მიიღებს საზოგადოება გუნდიდან წამოსული პოლიტიკოსის ალაპარაკებას?

_ არ ვფიქრობ, რომ ბესელიას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი პერსპექტივები. ის ძალიან შორს არ იქნება „პატრიოტთა ალიანსისგან“, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაწილია. დათო ზურაბიშვილის ტერმინი რომ გავიხსენო, მათთვის „ნაცმოძრაობა“ კუდიანებია და არც მანამდე და არც მერე მსოფლიო ისტორიაში ამაზე შავბნელი ხალხი არ არსებულა. მათთვის ჰიტლერი და სააკაშვილი ერთია და ა. შ.

2012 წელს ივანიშვილის მთავარმა პარტნიორმა 2018 წელს მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – სალომე ზურაბიშვილს. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი მთლიანად ჩაბარდა რეტროგრადულ ბანაკს და დასავლური ღირებულებების ყაიდის გადარჩენას ეცადა რესპუბლიკური პარტია.

_ ახსენეთ „პატრიოტთა ალიანსი“ და გგონიათ, რომ ბესელია მას შეუერთდება?

_ „პატრიოტთა ალიანსი“ და ეკა ბესელია ძალიან ახლოს მდგომი პოლიტიკური ჯგუფებია. ისინი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლობენ. იმიტომ, რომ ისინი ფაქტობრივად ერთნი არიან.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა