დავით უსუფაშვილი – „ივანიშვილი თვლიდა, რომ მურუსიძის კრიტიკით სასამართლოს ძირს ვუთხრიდით“

დავით უსუფაშვილი - „ივანიშვილი თვლიდა, რომ მურუსიძის კრიტიკით სასამართლოს ძირს ვუთხრიდით“უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. სადაც ისაუბრა იმაზე, რომ უზენაესში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 მოსამართლეა.

პირველი პრესკონფერენცია გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც, რომელმაც მოსამართლეების თემაზე პოზიცია არ გააჟღერა, არაფერი თქვა არც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, მან არც იმაზე ისაუბრა არის თუ არა ხარვეზები კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და თქვა, რომ პრეზიდენტს დღევანდელი უფლებამოსილების ფარგლებში ამის კომპეტენცია არ აქვს. სამაგიეროდ მან კიდევ ერთხელ გააჟღერა იდეა ცილისწამების დასჯადობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხებზე „ახალი თაობა“ „შენების მოძრაობის“ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ესაუბრა.

_ თქვენ როგორ გაიგეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილი მხარს უჭერს უზენაესის მოსამართლეების წარდგენილ სიას?

_ რა თქმა უნდა, მხარს უჭერს. მის განცხადებაში ყველა პასაჟი დამატებითი განხილვების და რაღაცების შესაძლო ცვლილების თაობაზე იყო იძულებითი, გამოწვეული შიდაოცნებური აშლილობით და არა _ საკითხის არსის სხვაგვარად გააზრებით.

_ თქვენ ასე გაიგეთ, რომ ივანიშვილი ამ სიას მხოლოდ მხარს უჭერს თუ ისიც დაინახეთ, რომ ეს სია წინასწარ იყო შეთანხმებული მასთან იუსტიციის საბჭოს მიერ?

_ ეს სია მისი უშუალო დასტურის გარეშე არათუ პარლამენტამდე ვერ მიაღწევდა, იუსტიციის საბჭოს წევრებსაც კი ვერ წარედგინებოდა. არ მგონია, რომ ის პირადად ღრმად არის ჩახედული თითოეულის ბიოგრაფიაში ან კვალიფიკაციაში, მაგრამ გაცნობილია მისთვის სანდო წყაროს მიერ თითოეულზე გაცემულ „ოცნებასთან შესაბამისობის სერთიფიკატს“.

_ რატომ შეიძლება უჭერდეს ამ კანდიდატურებს მხარს ივანიშვილი, ამაზე რა პასუხი გაქვთ?

_ ივანიშვილმა გვითხრა, რომ ქვეყანაში დარღვეულია სახელისუფლებო ვერტიკალი და მის გასამყარებლად დაბრუნდა პოლიტიკაში. ამგვარი ვერტიკალი, ანუ „გადაწყვეტილებების ოცნებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სისტემა“ მას სასამართლოში უკვე შექმნილი აქვს და იგი დაფუძნებულია ამ სიაში წარმოდგენილ რამდენიმე ადამიანზეც. გამოდის, რომ რასაც ის „გაკეთებულად“ თვლის და რის „გამყარებასაც“ ცდილობს, ვიღაცეები იმას „ურყევენ“. ბუნებრივია, შეეცდება, ეს არ დაუშვას.

_ ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილი ფაქტობრივად ყველას გაემიჯნა რამდენიმე პირის გამოკლებით, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოსასვლელად 2012 წელს იბრძოდა. დაწყებული კოალიციის დაშლით, სადაც თქვენც იყავით და გაგრძელებული პარტიით?

_ ადვილია, 55 წლის ასაკში პილოტი ქირურგი გახდეს ან პირიქით? ცხოვრების წესი და მეთოდები,   რომლებმაც მას საოცნებო კი არა, ზღაპრულ-დაუჯერებელი წარმატება მოუტანა და მსოფლიო ოლიმპზე აიყვანა, გამოსადეგი აღმოჩნდა ძალაუფლების მოსაპოვებლად, მაგრამ არა პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებისთვის. მეტიც, სააკაშვილს რომ არ გადაეყვანა ქვეყანა პოლიტიკური ცხოვრების რელსებიდან, ივანიშვილი ვერც საძალაუფლებო ბრძოლაში იქნებოდა წარმატებული. სხვაგვარად რომ ვთქვა, 2012 წლის საარჩევნო კამპანიაც და არჩევნებიც უფრო ივანიშვილისთვის ნაცნობი „ან მე, ან შენ“ სტილის შეჯახება იყო, ვიდრე ცივილიზებული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი – „მე ამდენი, შენ იმდენი“.

ხელისუფლებაში მოსვლითანავე იჩინა თავი ივანიშვილის არსენალში არსებული მეთოდების შეუსაბამობამ დალაგებული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისათვის. მას მხოლოდ ბოლომდე კონტროლირებად სისტემაში შეუძლია ოპერირება. მან ვერ მოახერხა განსხვავების დანახვა „მის ბანკსა“ და „მის სამინისტროს“ შორის. როგორც მოეპყრობოდა „მისი ბანკის“ არასაკმარისად ერთგულ თანამშრომელს, ისევე ეპყრობოდა „მისი კოალიციის“, „მისი პარტიის“, „მისი სამინისტროს“ წარმომადგენელს, რომელიც „სხვა ღმერთსაც“ აღიარებდა. ასეთია „და სხვაგვარად არ ძალუძს“.

_ დაპირისპირებული მხარე ივანიშვილს მაინც არ აკრიტიკებს მწვავედ. აკრიტიკებენ გუნდს, უპირისპირდებიან მოსამართლეების საკითხს, მაგრამ ივანიშვილის ბოლომდე კრიტიკას მაინც ერიდებიან. რატომ?

_ 2014 წლის შემოდგომიდან, როდესაც ყველა არჩევნები ჩატარდა, ყველა კოჰაბიტაცია დამთავრდა და აღარ დარჩა არც ერთი არგუმენტი „ოცნების“ სადამფუძნებლო პრინციპებიდან გადახვევისთვის, კოალიციის წევრთაგან ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა – ზოგი გაემიჯნა კოალიციას; ზოგი დარჩა და შიგნით გააგრძელა ბრძოლა ამ პრინციპებისთვის; ზოგიც ბოლომდე ჩაბარდა „ბიძინურ-ოცნებური მიზანშეწონილობის“ დოქტრინას. ამ უკანასკნელთათვის ადვილი არ არის ამდენი წლის შემდეგ ივანიშვილთან მასშტაბური შეჯახება, გასაგები მიზეზების გამო.

_ თქვენ თუ გქონდათ რაიმე ტიპის კომუნიკაცია ბესელიასთან და იმ დეპუტატებთან, ვისაც პრინციპული პოზიცია აქვს ამ თემაზე?

_ კომუნიკაცია ბევრ დეპუტატთან მაქვს და საკმაოდ საინტერესოც. ეკა ბესელიასთან ბოლო მოვლენებზე არ მქონია საუბარი. ამ საკითხში დღეს გათამაშდა შარშან გაზაფხულზე გადადებული პარტია.

ბესელია უშიშროება-პოლიციის და პროკურატურა-მართლმსაჯულების სიტემის საყრდენი და, ამასობაში, კვალიფიციური ფიგურა იყო პარლამენტში, რომლის გარეშეც არც შესაბამისი საკანონმდებლო საკითხები წყდებოდა და არც საკადრო. როგორც ჩანს, ამ სფეროზე გავლენის ინტერესი სხვასაც გაუჩნდა. ალბათ იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც განიზრახეს მისი „უეპოლეტებო გენერლად“ ჩამოვიცესპიკერობა.

_ ივანიშვილმა ახსენა ბესელიაც და თქვა, რომ 1 წლის წინ გადაწყდა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება. ბესელია დეტალებზე ორშაბათს ისაუბრებს. რას ელოდებით? თანამოაზრეებთან ერთადოცნებიდანწავა?

_ ეკა საკუთარი ინტერესების დამცველი პოლიტიკოსია და მისგან არ ველი ემოციურ-იდეალისტურ აფეთქებებს.

_ თავის დროზე რატომაც კოალიცია დატოვეთ, ერთერთი მიზეზი მოსამართლეების მხარდაჭერა იყო. თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ივანიშვილი მურუსიძის მხარდაჭერას ითხოვდა. როგორ და რა ფორმის მოთხოვნა იყო ეს?

_ ივანიშვილი თვლიდა, რომ მურუსიძის და კიდევ რამდენიმე მოსამართლის კრიტიკით, მათ დაწინაურებაში ხელის შეშლით და მათ მიერ სათავისოდ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების უარყოფით ჩვენ სასამართლოს ვუთხრიდით ძირს.

მას არ შეეძლო ჩვენთვის რაიმეს აკრძალვის ან დაძალება, მაგრამ აქტიურად გვანამუსებდა და გვირჩევდა. ცხადია, ეს მისთვის დიდი დისკომფორტი იყო და ამიტომაც არჩია პოლიტიკური ცხოვრების უფრო კომფორტულად გაგრძელება.

_ პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა. რა გზავნილები დაინახეთ მისი განცხადებებიდან, რომლებიც საკმაოდ ფრთხილი იყო. არ გამოხატა პოზიცია ბევრ საკითხზე, სამაგიეროდ ისაუბრა ცილისწამების კანონის ინიციატივაზე. როგორია თქვენი შეფასება?

_ მოქმედი პრეზიდენტი ასე ყველა ძირითად სახელმწიფოებრივ საკითხზე თვითდისტანცირებდეს, ძალიან საოცარი და ძალიან სამწუხაროა. ღმერთმა ქნას, ეს იყოს მძიმე საარჩევნო კამპანიით გადაღლილი ყოფილი კანდიდატის და არა მომავალი 6 წლით სახელმწიფოს მეთაურის სტილი, სტანდარტი და როლი.

_ ოპოზიციის როლს როგორ ხედავთ? მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ვინმესთან?

_ „შენების მოძრაობა“ შეიქმნა და არსებობს მკაფიო გენეტიკური კოდით – საჭიროა ქვეყნის უკეთესად მართვის შემძლე მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმირება. ამ ამოცანას სჭირდება რამოდენიმე ათეული ისეთი პოლიტიკური ფიგურის ერთად დადგომა, რომელთაგან თვითეულს აქვს პოტენციალი, გაუძღვეს დღევანდელი ქართული სტანდარტის ცალკე პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ამის ნაცვლად ერთიანდება ბევრ ლიდერიან ორგანიზაციაში.

მხოლოდ ასე შეიძლება მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებების პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. სწორედ ამიტომ არ ვართ ჩვენ პარტიად ფორმირებული და ვრჩებით ასეთი სერიოზული პარტიის ერთ-ერთი კომპონენტობისთვის მზაობის რეჟიმში.

_ თანამშრომლობას ვისთან წარმოგიდგენიათ და რა ფორმატში?

_ მეც და ბევრ სხვასაც ამოცანად გვაქვს არა ჩემი და ჩვენი მხარდამჭერების შემოკრება, არამედ ისეთი ახალი და საშუალო თაობის პროფესიონალების პოლიტიკში ჩაბმა, ვისაც მე და ჩვენ დავუჭერთ მხარს ხვალინდელ არჩევნებში.

ამ საკითხებზე და ამ მიზნით ბევრთან მაქვს მუდმივი კომუნიკაცია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა