“გახარია თავს მოიკლავს და პრემიერობას არ დათანხმდება”

"გახარია თავს მოიკლავს და პრემიერობას არ დათანხმდება"რატომ ტრიალებს ქვეყანაში ამდენი უბედურება, რას ვერ იყოფენ “ოცნებაში”, რა დავალებები აქვთ მიღებული რუსეთიდან ჩამოსულ მინისტრებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.
მეგი გოცირიძე:
– ლაპარაკიც კი მიჭირს, იმდენი საშინელება მოხდა ქვეყანაში. კარგს რას ელოდებით, როცა პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს – მე ფრანგი პენსიონერი ვარ და რაც ქვეყანაში ხდება, არ მეხება.
ანალოგიური პოზიცია აქვს ხელისუფლებას. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს სისხლიან 9 წელს აბრალებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასაც 9 წელს არ დააბრალებენ.
– მთლად ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით, მეოცნებეებმა უკვე ახსენეს 9 წელი.
– ზღვარგადასული ცინიზმია. კორპუსი, სადაც ამხელა ტრაგედია დატრიალდა, სულ ახლახანს აშენდა და მას ნაციომალების მმართველობის პერიოდთან არანაირი საერთო არ აქვს.
ერთ რამეს შევეგუოთ, საქართველო აღარ არის სახელმწიფო. აქ ყველა მიმართულებით არის საცობი და დაღმართზე მივექანებით. ხელისუფლება საერთოდ არ გვყავს. ყველაფერზე პასუხს 9 წელი აგებს.
იმის ნაცვლად, რომ ყაზტრანსგაზმა თავისი საქმე აკეთოს, ხელისუფლებასთან ერთად არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობს. ჩემს მეზობლებს 20-25 წლის წინ აქვთ ბინები გაყიდული. რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა კიდევაც. აქ სხვა ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ გაზის ქვითრები ისევ ძველი მეპატრონეების სახელზე მოდის.
– ახალ მეპატრონეებს არ მისდით ქვითრები?
– მათაც მოსდით და ძველ მეპატრონეებსაც. საინტერესო ისაა, რომ ძველი მეპატრონეების სახელზე მოდის უწყებები, რომ ისინი არჩევნებზე წავიდნენ. ეს ადამიანები ახალი მისამართზეც აძლევენ ხმას და ძველზეც. ძველზე მათ ნაცვლად სხვა აძლევს. საამისოდ წულუკიანს ყალბი პირადობები აქვს დაბეჭდილი.
– 9 წლის ხსენება არ მოგწონთ, მაგრამ მეც უნდა გიხსენოთ 9 წელი. იმ 9 წლის მანძილზე თუ მოდიოდა ამ ადამიანების სახელზე ქვითრები?
– ეგ არ მახსოვს, ახლა ნამდვილად მოდის. მაშინ თუ მოდიოდა, მაშინაც დანაშაული იყო.
მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც იმას ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დორს ყველაფერი კარგად იყო. ეს 9 წელი ხომ დამთავრდა და როდემდე უნდა ილაპარაკონ ქოცებმა ამაზე? იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, სულ 9 წელზე ლაპარაკობენ.
ყაზტრანსგაზი სრულიად არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. პროფესიონალები გაუშვეს და ქოცაქტივისტები დაასაქმეს, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა უნდა გააკეთონ. ამიტომაც ხდება ამდენი ტრაგედია. დღე არ გავა, ან გაზი არ აფეთქდეს, ან არ გაჟონოს.
ერთ მხარეს დგას განათლებული და კულტურული ხალხი და მეორე მხარეს შავბნელი წარსულის მქონეები და ჩაცუცქულები. და ეს გარეწრები ხალხს მიშას დაბრუნებით აშინებენ. იმდენიც კი არ იციან, რომ წესიერ ადამიანებს სააკაშვილის დაბრუნების არ ეშინიათ.
იცით, რატომ არ ეშინიათ? იმიტომ, რომ მიშას დროს კანონი კანონობდა და მანქანით ვერ გაივლიდი, ღვედი თუ არ გეკეთა. ახლა ღვედიც აწყვეტილი აქვთ და სხვა ყველაფერიც.
მთელმა საქართველომ ნახა, როგორ ავიდა ერთი ტიპი პოლიციის მანქანაზე და როგორ მოშარდა იქ. ეს არის პირველ რიგში სახელმწიფოს შეურაცხყოფა. რაც ქოცები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ათზე მეტი პოლიციელია დაჭრილი და გარდაცვლილი. პოლიციელებს პოლიციის ეზოში ხოცავენ.
ამ დროს რას მიკეთებს რუსი გახარია? იმის ნაცვლად, რომ კრიმინალებს სდიოს, ერთი თვე სამეგრელოში იჯდა და იქ კრიმინალებთან ერთად ცდილობდა არჩევნების მოგებას. ცდილობდა, მაგრამ წააგო.
– რანაირად წააგო, მეორე ტური მოიგო “ოცნებამ”.
– არა გენაცვალე, ქოცებს არაფერი არ მოუგია. ჩვენს მომხრეებზე ნამდვილი დევნა მიდიოდა, გახარია და კრიმინალები დაგვდევდნენ, მაგრამ ზუგდიდი მხოლოდ რამდენიმე ხმით მოგვიგეს. ის შედეგი რაც მაგათ დადეს, იყო წაგება.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ მის პრემიერად გადაყვანაზე. მისი გაპრემიერება არის გამორიცხული.
– რატომ არის გამორიცხული?
– იმიტომ, რომ ეს მისი დაქვეითება იქნება. ივანიშვილის ხელისუფლებაში პრემიერობა დაქვეითებაა და მეტი არაფერი. გახარია თავად იტყვის პრემიერობაზე უარს და მეორე, ამას კრემლი არ დაუშვებს.
– კრემლს ვინ ეკითხება?
– ვინ და გახარია. კრემლმა ის, ივანიშვილის მსგავსად, აქ სპეცდავალებით გამოგზავნა. გახარია ქვას თავს შეუშვერს და მთავრობის მეთაური არ გახდება. დამიჯერეთ, დღეს პრემიერს ქოცაქტივისტზე მეტი უფლებები არა აქვს.
– მთლად ასეც არ უნდა იყოს დაკნინებული პრემიერის პოსტი.
– ამაზე მეტი დაკნინება რად გინდა, არაფრის უფლება მაგათ არა აქვთ და როცა ივანიშვილი უბრძანებს, მაშინ წავლენ. ასე იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში. ივანიშვილის ბრძანებით წავიდა კვირიკაშვილიც. გაურკვეველი ბავშვი ბახტაძეც ეგრევე წავა. გახარიას არ უნდა, რომ უუფლებო იყოს.
ეს რა დღეში ვართ, მთავარსარდალი ჰქვია იმ ქალს, რომელიც ამბობს, პოლიტიკოსი არა ვარო. დარწმუნებული ვარ, არც თავად უნდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ უბრძანეს და ისიც დათანხმდა ამ უუფლებო პოსტს.
– ვინ უბრძანა?
– ვინ და პუტინმა. ის რუსეთის მთავარი მოწმე იქნება ჰააგის სასამართლოში. პრეზიდენტი რომ მისცემს ჩვენებას, ამას სულ სხვა რეზონანსი ექნება.
ამ მოღალატეზე ხმას არავინ არ იღებს, სამაგიეროდ, დავით კირკიტაძე ჩასვეს ციხეში, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია. იმაზე, რაც კახეთში მოხდა, ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი.
მათ გზა ჩაგვიხერგეს გაურკვეველი წარმოშობის ავტობუსით. დათო იქ ავიდა იმიტომ, რომ ავტობუსი გადაეყენებინა. ეს ბიჭი ციხეშია, სამაგიეროდ, კრიმინალები დადიან თავისუფლად.
კახეთი გავიხსენე და გომბორში მიხდა საინტერესო ფაქტი. ვიღაცებმა მაღაზია გაძარცვეს და წერილი დატოვეს ხელისუფლების სახელზე – ამხელა სანახაობას რომ გვაჩვენებთ, პური ხომ უნდა მივატანოთო.
გაიგეთ, ხალხო, ივანიშვილის სახით ქვეყანაში სატანა გამეფდა. ის ხელისუფლებაში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის შეკვეთილი მკვლელობით მოვიდა. ბოლო არჩევნების წინ 9 წლის ბავშვი მოკლეს და აწამეს. ეს რიცხვი 9 ცუდად აქვთ ამოჩემებული.
ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ წყვდიადში სიკვდილია გამეფებული, რომელიც ყველა ჩვენგანს თავზე გვაზის.
ახლა კანაფის პლანტაციები ამოიჩემა ამ სატანამ. თავის დროზე მიშამ სტადიონები იმიტომ ააშენა, რომ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ეცხოვრათ. ადრე იქ ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, ახლა 7-8 წლის ბავშვები სტადიონის კუთხეებში არიან ჩაცუცქული, ბოთლები უკავიათ და რაღაც უბედურებას ეწევიან.
პირველი გიმნაზიის სკოლაში უფროსკლასელები პატარა ბავშვებზე თავისუფლად ყიდიან მოსაწევს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მშობლები წერდნენ.
ათასი ჭირი სჭირს ამ ქვეყანას, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც ქოცების აქტივისტი ქალები არიან. ქოცების კოორდინატორ ქალებთან შედარებით, ყველაზე დაუნდობელი ტერორისტიც კი ანგელოზია.
– რას სჩადიან ამას?
– ადამიანებს სახლში უვარდებიან და პირდაპირ ემუქრებიან, თუ ხმას არ მოგვცემთ, ამას და ამას გვიზამთო. ასე აშინებდნენ ხალხს, რომ იმ ტუტუცი ქალისთვის ხმა მიეცა, რომელიც თავის მხრივ მზადაა, კანაფის პლანტაციების სარეკლამო სახე გახდეს.
მის მხარდამჭერ კლიპში ძირითადად ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც წამლის ბარიგობაზე ან მოხმარებაზე იყო გასამართლებული, მათ შორის ამ ხელისუფლების მიერ. მე არაფერს არ ვიგონებ, ეს ტიპები თავად ყვებიან შოუებში, მომხმარებლები ვართო.
ქუჩის გარჩევები და “პერესტრეკლები” ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, პოლიცია უკვე აღარ რეაგირებს – ჯიბეში აქვთ ხელები ჩაწყობილი და სეირს უყურებენ.
– გახარიამ თქვა, ვინც დააშავებს, ყველას ჩავაგდებო.
– ჩააგდებს არა ის. ეგ ერთი ჩვეულებრივი რუსული გამოთქმაა. რუსი ემისარი აბა სხვას რას იტყოდა. ახლა პუტინის მოვლენილს სალაპარაკოდაც აღარ აქვს დრო.
– რას აკეთებს ამისთანას?
– რას აკეთებს და დიდი ამბებია საქოცეთში. გახარია ახლა ცდილობს, ღრმა ნდობით აღიჭურვოს. პოლიციური სახელმწიფო ხომ შეგვიქმნა და ახლა სუსის გაკონტროლებასაც ცდილობს.
– სუსის გაკონტროლებას ივანიშვილის კურთხევით ცდილობს?
– რა თქმა უნდა.
– მაგრამ გომელაური ივანიშვილის ახლობელი არ იყო? ყველაზე მეტად მას ენდობოდა.
– ენდობოდა, მაგრამ დრო და სიტუაცია შეიცვალა. რუსი ოლიგარქი სუსის უფროსს უნდობლობას უცხადებს.
– რა დაუშავა ამისთანა?
– რა დაუშავა და არჩევნებზე სუსმა სათანადოდ არ იმუშავა.
– რას გულისხმობთ?
– ივანიშვილი თვლის, რომ სუსმა საარჩევნოდ ხალხი სათანადოდ ვერ დააშინა.
– აბა ოპოზიცია რატომ ამტკიცებდით, ძალოვანებმა ხალხი დააშინესო?
– ხალხი დააშინა გახარიამ. სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნები დაარქვეს, მან ჩაატარა.
– ასეთი დამშინებელია გახარია?
– არც ისეთი. ძირითადად სოციალურად დაუცველ ადამიანებს აშინდნენ. იცით როგორ? დღეში მათ კვებაზე 1.18 თეთრი რომ იხარჯება. გახარიას ხალხი მათ ეუბნებოდა, რომ თუ სალომეს არ მისცემდნენ ხმას, დახმარებას მოუხსნიდნენ. ადამიანების გაჭირვებას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ ეს უნამუსოები.
– ეკონომიკის მინისტრს რომ ჰკითხო, საქართველოში გაჭირვება საერთოდ არ არის.
– ეგეც რუსეთიდან არის მოვლენილი. მოსკოვიდან ჩამოსულებს, ეტყობა, ასეთი დავალება აქვთ, რომ ან გაგვაგიჟონ, ან დაგვაშინონ.
– გახარია გვაშინებს, ხოლო ქობულია გვაგიჟებს?
– ყველას ვერ დააშინებენ. მე და ჩემს თანამოაზრეებს კარებთან თითო გახარია რომ დაგვიყენოს სატანა ივანიშვილმა არ გვეშინია.
დამიჯერეთ, აურა, რაც დღეს ქვეყანაშია, კარგს არაფერს მოგვიტანს, სატანა მეფობს ივანიშვილის სახით ქვეყანაში და ვერაფერი შეაჩერებს აქ გამეფებულ ჯოჯოხეთურ სიბნელეს და ამ სიბნელეში გამეფებულ სიკვდილს, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვიახლოვდება, ოღონდ არავინ ვიცით, საიდან და როდის.
აი, რა წერია ბიბლიაში:
ეფესელთა 4:27 – ადგილი არ მისცეთ ეშმაკს; 2 კორინთელთა 2:11 – რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.; 2 კორინთელთა 14:11 – თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს; 1 პეტრეს 5:8 – იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს; 1 იოანეს 3:10 – ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, ივანიშვილი არის სატანა. ის ათი მცნებიდან მხოლოდ ერთს ასრულებს – გიყვარდეს მტერი შენი.
– მტრის სიყვარულიც ხომ არაა პატარა საქმე?
– ეგ შესაყვარებელ მტერში პუტინს გულისხმობს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა