გია ხუხაშვილი – “იქამდე მივედით, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს”

გია ხუხაშვილი - "იქამდე მივედით, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს"პარტიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის თქმით, ამ განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ივანიშვილის მასშტაბები სულ უფრო მცირდება.
გახდა თუ არა “ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძის ნების აღმსრულებელი, რატომ არის სამწუხარო ის მიზეზი, რისთვისაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა? – ამის შესახებ გია ხუხაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
– “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ის ღიად უჭერს მხარს ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ მთავარი მეოცნების პოზიციასთან დაკავშირებით?
– ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის მასშტაბები სულ უფრო მცირდება და ეს აშკარა გახდა. იქამდეც კი დავეშვით, რომ განცხადების ტექსტს ირაკლი კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს.
– რატომ ფიქრობთ, რომ ეს ტექსტი ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი?
– ის, რაც ივანიშვილის განცხადებაში წერია, რამდენიმე დღის ადრე ჰქონდა ნათქვამი პარლამენტის თავმჯდომარეს. საგანგებო განცხადება ბოლო დღეებში კობახიძის გაკეთებული განცხადებების კომბინაციაა და მეტი არაფერი.
– ამ ზომამდე რატომ მივედით, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს?
– რატომ მივედით ამ ზომამდე, ვერ გეტყვით. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ხდება. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თუ სხვა მომავალი სულერთი არ არის. აქედან გამომდინარე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დაკნინებულია.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად ის პარტიაში არსებულ ვითარებას ასახელებს და არა – სახელმწიფოებრივ პრობლემებს, რაზეც მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
ივანიშვილი ძალიან დაკნინებული და დაწვრილმანებულია. ადამიანს, რომელიც ქვეყნის პრობლემებზეა პასუხისმგებელი და მას ერთი დეპუტატის, ეკა ბესელიას, საკითხზე მანიფესტის გამოცემა უწევს, ძალიან მძიმედ აქვს საქმე.
– განცხადების შინაარსზე რას იტყვით?
– აშკარაა, რომ ის კმაყოფილია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობით, რომელიც თავის მხრივ ავგიას თავლად არის ქცეული და ეს კარგად ჩანს. “ოცნების” ლიდერი მათი საქმიანობით კმაყოფილია და სასამართლოში მიმდინარე პროცესებით ამაყობს.
ამ პროცესებით მას შემდეგ ამაყობს, რაც ლევან მურუსიძე უვადოდ გამწესდა მოსამართლედ. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეიძლება, ეს განცხადება მომწონდეს.
– კობახიძემ რანაირად მოიპოვა ივანიშვილზე ასეთი გავლენა? – “ოცნების” ლიდერი მისი ტერმინებით გველაპარაკება.
– მე ვერ ვიტყოდი, რომ კობახიძის გავლენის ქვეშ არის ივანიშვილი. ეს უფრო ტაქტიკური ალიანსია, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ივანიშვილს ასეთი ტაქტიკა აქვს არჩეული და ამ ტაქტიკის მიხედვით იმოქმედებს.
ამ ტაქტიკის ანალიზის თავი ნამდვილად აღარ მაქვს, სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე.
ახლა ჩვენ სახელმწიფოებრივი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი. ამ დროს პარტიის ლიდერი, რომელიც იშვიათად ჩნდება, ეკა ბესელიას უძღვნის მანიფესტს! ამაზე რა უნდა ვილაპარაკო.
– აშკარაა, რომ “ოცნებას” ქვეყნისთვის არ სცალია. არადა პრობლემა პრობლემას ემატება. ასეთ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას?
– აბა რა გითხრათ, კარგი იქნებოდა, ამ კითხვაზე პასუხი ბიძინა ივანიშვილს გაეცა.
– მას, როგორც თქვენ ამბობთ, საქვეყნო პრობლემებისთვის არ სცალია და ეკა ბესელიას უძღვნის მანიფესტებს.
– ივანიშვილს ქვეყნისთვის არ სცალია, მაგრამ ქვეყანას მაინც ეშველება. ამისთვის “ოცნება” უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის – პარტიის დეგრადაციის პროცესი გრძელდება. ივანიშვილი ამას ან არ, ან ვერ შველის. აქედან გამომდინარე, სხვა პარტიების მსგავსად, “ოცნებაც” ისტორიას ჩაბარდება. მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები ამით დასრულდება.
– იმისთვის, რომ “ოცნება” ისტორიას ჩაბარდეს, რაღაც ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს. ასეთი ძალა ჯერ არ ჩანს.
– ასეთი ძალა ადრე თუ გვიან თავისთავად გამოჩნდება. ამაზე ისტორიული კანონზომიერება მეტყველებს.
დღეს “ოცნებას” მთავარი საფრთხე გარედან კი არა აქვს, არამედ შიგნიდან. მმართველ პარტიას სუიციდუალური მიდრეკილებები გაუჩნდა, რაც მისი უცილობელი გარდაცვალებით დასრულდება.
“ოცნება” აუცილებლად დასრულდება, უბრალოდ, სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის არის აუცილებელი იმ ვაკუუმის შევსება რაც ამ პარტიის გაქრობის შემდეგ გაჩნდება.
ვაკუუმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს. ამას სხვადასხვა ნეგატიური პროცესები მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, ამ ვაკუუმის შესავსებად რაღაც გაკეთდება.
– კრიზისის დროს “ოცნება” სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების თემას იყენებს ხოლმე კარგად. ახლა არ გამოიყენებენ ამ თემას?
– მიშას თემა დამთავრდა. მურუსიძეზე ხელს რომ მოაწერ და იტყვი, ის კარგია, სააკაშვილი აღარ არის არგუმენტი. სასამართლოში მიმდინარე პროცესებით, “ოცნებას” მიშასთან თაფლობისთვე და მასთან მტერ-მოყვარეობის ეპოქა დაუმთავრდა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა