გიგლა ბარამიძე – “ოცნების” ჩინოსნებმა მოსკოვში მასობრივად დაიწყეს ბინების შეძენა”

გიგლა ბარამიძე - "ოცნების" ჩინოსნებმა მოსკოვში მასობრივად დაიწყეს ბინების შეძენა"უარყო თუ არა პრეზიდენტმა ივანიშვილი, სად გაუჩინარდა შს მინისტრი, რა ხდება ქვეყანაში, რატომ ყიდულობენ “ოცნების” ჩინოსნები მოსკოვში სახლებს, რა სჭირს საზოგადოებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
– თქვენ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაცხადეთ “ახალ თაობასთან”, რომ თუ ზურაბიშვილს გაიყვანდნენ პრეზიდენტად, ძალიან მალე ის ივანიშვილს და “ოცნებას” განუდგებოდა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტება არცერთი გუნდის დამსახურება არ არის. დაიწყო თქვენ მიერ დაანონსებული განდგომის პროცესი?
– ვიცით რა ამ ქალბატონის სწორხაზობრივი ფსიქოტიპი, ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რა ნაბიჯებს გადადგამდა დასაწყისში და რა ნაბიჯებს გადადგამს შემდეგში. საერთოდ, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა გენერალიტეტმა პოლიტიკურად ისე გააუპატიურა პრეზიდენტის სტატუსი, რომ პრეზიდენტის განცხადებების კომენტარიც კი არ ღირს.
ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ დასავლეთის დიპლომატიურ წრეებში ამ ქალს არა პრეზიდენტად, არამედ მილიარდერ ივანიშვილის პოლიტიკურ გელფრენდად მოიხსენიებენ.
ძალიან სიმბოლური იყო მისი პირველი პრესკონფერენცია. მინდა მივმართო მას – ჩვენო კლარნეტის ჰანგებივით ტკბილო, პარიზელო პენსიონერო, აბა რა კომენტარი სჭირდება შენს დუმილის უფლებას და შიგადაშიგ სისულელეების ბჟუტურს. თუ მარტო გორჯისტანის პრეზიდენტი ხარ, პოლიტიკოსობა არ მოგეთხოვება, მაგრამ თუ მაინც ბედკრული საქართველოს პრეზიდენტად მიგაჩნია თავი, პოლიტიკოსობა არ უნდა უარყო, სამზე მეტჯერაც რომ იყივლოს მამალმა.
სრულებით არ გამიკვირდა, როდესაც ამ ქალმა უარყო “ქართული ოცნება” – არავის დამსახურება არაა ჩემი გაპრეზიდენტებაო. ეტყობა, დაავიწყდა, საარჩევნოდ მისი პლაკატების ნაცვლად ივანიშვილის და კობახიძის სურათები რომ გააკრეს. ეს თუ დაავიწყდა, წარმომიდგენია რა პენალტებს შემოგვთავაზებს უახლოეს ხანებში. ჯერ სიტუაციას უყურებს და როცა “ოცნება” ძალიან დასუსტდება, მერე გამოაჩენს თავის კბილებს.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ძალიან მალე გაუჩნდება პოლიტიკოსობის მადა და ლიდერობის სურვილი. ჯერ კოხტაპრუწობით და მაღაზიებში სიარულით არის დაკავებული. მეგობრებთან სვეცკაობა რომ მოსწყინდება, მერე გამოუკეტავს მათ კარებს და დაიწყებს პოლიტიკოსობას.
რა საზოგადოებაც ვართ, ისეთი პრეზიდენტი, ისეთი პარლამენტი, ისეთი მთავრობა და ისეთი მოსამართლეები გვყავს. აღარაფერს ვამბობ ქურუმთქურუმზე.
– მოსამართლეები ახსენეთ და ამ ფრონტზე მიმდინარე ამბებს როგორ აფასებთ?
– შემთხვევით არ ვახსენე საზოგადოება, რომელიც ხმას არაფერზე არ იღებს. ხელისუფლება ამას კარგად იყენებს და ხალხს თავის ნებაზე ათამაშებს. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების ქვაკუთხედი ინკვიზიციური რეჟიმის გამამართლებელი და დამამკვიდრებელი სასამართლო კოჰორტის შეცვლა იყო.
მეშვიდე წელი დაიწყო და ყველა სისხლიანი მოსამართლე თავის ადგილზეა. ნაწილი უვადო მოსამართლე გახდა, ნაწილმა იუსტიციის საბჭოში გადაინაცვლა. ისე გატუტუცდნენ და გათავხედდნენ, რომ ახლა თავად გვთავაზობენ ასარჩევი მოსამართლეების სიას.
აქ ეკა ბესელია და მისთვის კაბინეტის გარემონტება არაფერ შუაშია. აქ მთავარი ისაა, რომ “ოცნება” ხელისუფლებაში ხალხის მოტყუებით მოვიდა და ნაციონალებისგან თითქმის ყველაფერი დაიტოვა.
– სააკაშვილის და რამდენიმე ადამიანის გარდა, მართლა ყველა დაიტოვა “ოცნებამ”.
– ყველა უკეთურობა დაიტოვეს, მერე როცა გაუჭირდათ, ნიანგის ცრემლები ღვარეს, ოღონდ ახლა მოგვეცით ხმა და ყველაფერს შევცვლითო. ხალხი კიდევ ერთხელ მოტყუვდა, “ოცნებამ” კი მაჟორიტარების გაუქმებასა და საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე უარი თქვა.
საუკუნის გამყალბებელი ქალბატონი ჟვანია, რომელიც გამოცდილებას ეგზოტიკურ კუნძულებზე იმაღლებს, მეორე ვადით დაგვისვეს ცესკოს თავმჯდომარედ.
ყველა სხვა უბედურებასთან ერთად ეს ხელისუფლება ფულზეა გაწუწკებული. გადავხედოთ ჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს – საოცარ რამეებს აღმოვაჩენთ. სად გაგონილა, რომ საქართველოში ადამიანები ნათესავს 4 ბინას ჩუქნიდნენ. “ოცნების” ჩინოსნების დეკლარაციების თანახმად, შესაძლებელი ყოფილა 4 ბინის ჩუქება. ამავე დეკლარაციებით, ჩინოსნებს 150.000 დოლარს, მიწის ნაკვეთებს და სასახლეებსაც ჩუქნიან თურმე.
ამ სისულელის არავის სჯერა, მაგრამ “ოცნების” წარმომადგენლები ამას უპრობლემოდ წერენ ქონებრივ დეკლარაციაში. ასე თამამად იმიტომ არიან, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და ამათ ყველაფერი გასდის.
აბა, დავითვალოთ, რა ქონებას ფლობდნენ, სანამ ხელისუფლებაში დადებდნენ და რა ქონება აქვთ ახლა? ის ნათესავები სად ჰყავდათ მაშინ? მაშინ რატომ არ ჩუქნიდნენ ბინებს და სასახლეებს? ამათი საქმეების შესასწავლად ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაა საჭირო.
– სუსში ხომ არის ანტიკორუფციული ბიურო, ის ვერ შეისწავლის ასეთ საქმეებს?
– ამ საქმეების შესასწავლად ცალკე ანტიკორუფციული ბიურო უნდა შეიქმნას. რომელიც 1,5 თვიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ბიუჯეტს სულ მცირე 1.5 მილიარდი დოლარის უძრავ-მოძრავ ქონებას დაუბრუნებს.
– კორუფციის მხრივ მართლა მძიმედ არის საქმე, მაგრამ კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით მთლად კატასტროფა ხდება. მსგავსი რამეები 90-იან წლებში თუ ხდებოდა.
– კრიმინოგენური ვითარება მართლა უმძიმესია. მივმართავ შს მინისტრს – გადმოგვხედე, დაგვეხმარე და გვასულდგმულე, ქართველო ფუშევ. კარგია სახელოაწეული სიარული და ბღვერა, მაგრამ კრიმინალებთან ბრძოლაც საჭიროა. ამას თვალის ჩაპაჭუნება არ შველის. ეს ერთი თვალის ჩაპაჭუნებას აღარ სჯერდება და უკვე ორივე თვალს აპაჭუნებს.
მისი მინისტრობის დროს დაიწყო მანქანებიდან საბურავების მოხსნა, მანქანების მინების ჩამტვრევა და იქედან საფულეების თუ ჩანთების ამოცლა. გახარიას გამინისტრების პერიოდს დაემთხვა ქუჩებში ადამიანებისთვის ყელსაბამების ჩამოგლეჯა. ქუჩურ გარჩევებზე და იარაღის ტრიალზე აღარაფერს ვამბობ.
მივმართავ შს მინისტრს, ცოტა გაინძერით და გამოინძერით. როცა დაგჭირდათ, ჯერ კიდევ არსებული ქუჩა კარგად გამოიყენეთ არჩევნებზე. ახლა რა გჭირთ? რატომ ვერაფერს უხერხებთ ამ კრიმინალებს, სურვილი არ გაქვთ თუ ოპერატიული ინფორმაცია? მეტი მუშაობაა საჭირო. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა.
– ხალხი კი არა, დენიკინის დროინდელი ქალებიც აღშფოთებულები არიან. ისე შეწუხდნენ კრიმინალების თავგასულობით, რომ გახარია აღარ ესიმპატიურებათ, არადა ერთი თვის წინ მასზე ეცემოდნენ.
– დენიკინის დროინდელებს მერყევი გემოვნება აქვთ. თუ დენიკინის დროინდელებზე აწყობს პოპულარობას. მინდა ვუთხრა, რომ ეს ქვიშაზე აწყობილ პოპულარობას ჰგავს.
ამათთვის თვალის პაჭუნს ჯობია, საქმეს მიხედოს – წაილეკა თბილისი იარაღით და ნარკოტიკებით.
– კრიმინალი როგორ უნდა ალაგმოს იმ ხელისუფლებამ, რომელიც ელემენტარულ გრიპს ვერ უმკლავდება. ისევ თავად ამბობენ, რომ საქართველოში ეპიდემია არ არის. თუ ეპიდემია არ არის. როგორ მოახერხეს, რომ სამედიცინო პირბადეები აღარ იშოვებოდა ქვეყანაში? გაციების საწინაათმდეგო წამლებზე აღარაფერს ვამბობ.
– წამლების და სამედიცინო პირბადეების გაქრობა “ქართული ოცნების” სააფთიაქო მაფიასთან არის პირდაპირ კავშირში. “ოცნების” სააფთიაქო მაფიაზე ჯერ კიდევ როდის ვსაუბრობდი. ამ თემაზე მაშინ ავტეხეთ ხმაური, როცა აფთიაქებში ფსიქოტროპულ წამლებს ყიდდნენ. არაერთხელ მოვუწოდეთ სამართალდამცავებს, რომ მიეხედათ ამ საქმისთვის. ისინი ფარმაცევტებს დაერივნენ, წამლების შემომტანებს კი ხელი არ ახლეს. ან ვის ახლებდნენ ხელს, სააფთიაქო მაფიის წევრები პარლამენტში უსხედან და საბაჟოზე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ.
– რა განსაკუთრებულ უფლებებზე საუბრობთ?
– საბაჟოზე არავინ აკონტროლებს მათ ტვირთებს. კაცმა არ იცის, რა დევს ამ შეფუთულ ტვირთებში.
შსს-ს ხუთჯერ შეუერთეს და ამდენჯერვე გამოყვეს კრიზისების მართვის სამსახური. ამ გაჭირვებულებს კრიზისი მარტო ბომბის ჩამოგდება ჰგონიათ. ისიც არ იციან, რომ დასავლეთში, ვირუსული გრიპიც კრიზისების ჩამონათვალში შედის.
როგორ შეიძლება ყველაფერს მოუმზადებელი შეხვდეს ქვეყანა. როცა ხანძარია, სახანძრო მანქანები არ გვყოფნის, როცა მსოფლიო დონის ტერორისტი აქ იბუდებს და ლამის სამხედრო ბაზას აწყობს, ბოლო მომენტამდე ვერაფერს ვიგებთ. ვერ ვაკონტროლებთ საზღვრებს და საქართველოში უპრობლემოდ შემოდის ნარკოტიკები. ცოტა ხანში ნარკოტიკების შემოტანა შეიძლება აღარ იყოს საჭირო – ადგილზე აპირებენ კანაფის პლანტაციების გაშენებას.
ვირუსულ გრიპსაც ასე მოუმზადებელი შეხვდა ქვეყანა. ელემენტარულად სამედიცინო ნიღბები და გრიპის საწინააღმდეგო წამლების მარაგი არ აღმოჩნდა ქვეყანაში. ახლა ეს წამლები იყიდება, მაგრამ ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
საავადმყოფოები გაძეძგილია და პაციენტები დერეფნებში წვანან. სანამ 15 კაცი არ გარდაიცვალა გრიპით, ხმა არ ამოიღეს. ორსახოვანი იანუსი გამიგია, “ოცნებაში” ყველას ერთი სახე და ერთნაირი მეტყველება აქვს. ამ ერთსახოვანებს ვიღაცამ თავში ჩაუდო, რომ თურმე ამერიკაშიც არ აცხადებენ გრიპზე არაფერს თუ რამდენიმე ათასი ადამიანი არ გარდაიცვალა.
იმდენიც კი არ იციან, რომ ამერიკა 260 მილიონიანი ქვეყანაა, საქართველოში კი 3 მილიონი ადამიანიც აღარ ცხოვრობს. ჩვენისთანა პატარა ერისთვის 15 კაცის გარდაცვალებაც დიდი ტრაგედიაა.
რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამით იმართლებენ თავს. იმის აღიარება არავის სურს, რომ ვირუსს მოუმზადებლები შეხვდნენ. ელემენტარული გრიპის დროს სამედიცინო ნიღბები გაუთავდათ და რამე სერიოზული რომ მოხდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უბედურებაში ჩავვარდებით.
ესენი არიან ჩვეულებრივი ნახევარფაბრიკატები, რომელიც ერთმა კაცმა შეკრიბა და სკამებზე დადო. ისინი მხოლოდ ერთი რამისთვის არიან მზად – რაც შეიძლება მეტი მოიპარონ.
ყველაზე მეტად ქვეყანას კორუფცია რყვნის. ივანიშვილის ხელისუფლება ათჯერ უფრო კორუმპირებულია, ვიდრე გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის ჩინოსნები.
მათ შორის სხვაობა იმაშიცაა, რომ ძველები იპარავდნენ. ესენი იკანონებენ პარვას. შეუძლებელია 37.000 დოლარად სასახლეები აშენდეს, შეუძლებელია, სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხვიდე ხელისუფლებაში და რამდენიმე წელიწადში მილიონერი გახდე. ასევე წარმოუდგენელია, რომ რახან დეპუტატი გახდი, ვიღაცამ ბინები და სახლები გაჩუქოს.
სახლები ვახსენე და ამ თემაზე ძალიან საინტერესო ანალიზი გავაკეთეთ. ძველ უბნებში გამალებით მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. აქ ბინების 90%-ს ჩინოსნები ყიდულობენ. დანარჩენ 10% ირანელები არიან.
რა შემოსავლები აქვთ ჩინოსნებს, რომ ორ-ორ, სამ-სამ, ოთხ-ოთხ ბინებს ყიდულობენ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში და გუდაურში. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა მოსკოვში ბინების ყიდვა.
– ჩვენი ჩინოსნები ყიდულობენ მოსკოვში ბინებს?
– ივანიშვილის ჩინოსნები მოსკოვში, ტვერსკაიაზე ყიდულობენ უძრავ ქონებას. მოსკოვის გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც ყიდულობენ ბინებს. სახლების გარდა, მაღაზიებსაც ყიდულობენ საზღვარგარეთ. ამ საკითხებს ჯერ ისევ ვამუშავებთ და უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო ინფორმაციას გავასაჯაროებთ.
– მოდით, თემა შევცვალოთ და როგორც თეოლოგს, უკრაინის ავტოკეფალიაზეც მინდა გკითხოთ. ქართულმა ეკლესიამ უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას?
– მინდა ვთხოვო პოლიტიკოსების ნაწილს, როცა თეოლოგიის აზრზე არა ხართ, თქვენს ადგილზე დაეტიეთ. თეოლოგობაზე პრეტენზია იოანე ოქროპირსაც არ ჰქონდა, თქვენ კიდევ “თხა და გიგო” არ გაქვთ წაკითხული და თეოლოგობას იჩემებთ. რაკი არაფერი გესმით, მე გასწავლით, რომ საეკლისიო კრებების გადაწყვეტილებების მიღებას ზოგჯერ ათწლეულები ელოდებოდნენ. საქართველოს საპატრიარქოს და პატრიარქს უკეთესად მოეხსენება, როდის და რა თქვას ამ საკითხზე.
ან ის რომ დაუჩემებიათ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ვაღიაროთო, რომელი ვაღიაროთ? უკრაინის ეკლესია დღემდე სამ ნაწილად არის გახლეჩილი. ერთი ნაწილი რუსულ ეკლესიას ემორჩილება, მეორე ავტოკეფალიას უჭერს მხარს და სულ ახლახანს გამოჩნდა დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია.
ვთქვათ და ვაღიარეთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ ვფიქრობთ? უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას ის ხალხი ითხოვს, რომელიც მზადაა, სოხუმსა და ცხინვალზე უარი თქვას,. ოღონდ ნატოში შევიდეთ.
დავუბრუნდები სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. აქ მიმდინარე რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებთან დაკავშირებით რომ ატარებენ გამოკითხვებს, არ აინტერესებთ, რას ფიქრობს სასამართლოზე ხალხი? ამ თემაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა აუცილებელია.
– რა საჭიროა კვლევა? ისედაც ნათელია, რასაც ფიქრობს ხალხი.
– ესენი დღეში შვიდ ბრუნვაში რომ ატრიალო, იმდენად უღირსები არიან, რომ რეაქცია არ ექნებათ. მათ ერთი რამის ეშინიათ მხოლოდ – ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში. სასამართლოსთან დაკავშირებით სწორედ საზოგადოებას უნდა ჰკითხონ აზრი და არა – კობახიძეს და ჩუგოშვილს, რომლებსაც თავისზე გრძელი ენები აქვთ წამოგდებული და აქეთ-იქეთ ატყლაშუნებენ. კობახიძის და ჩუგოშვილის მიერ შედგენილი სია მურუსიძე-ჩინჩალაძის სიაზე უკეთესი არ იქნება.
იმედი მაქვს, რომ ხალხის აზრს გაითვალისწინებენ და მოსამართლეთა ამ შემადგენლობას არ დაამტკიცებენ. თუ დაამტკიცებენ, მოვა დრო და ხალხი მათ მაინც ასროლინებს კუდით ქვას.
ისევ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებას მინდა დავუბრუნდე. ხალხს დღისით-მზისით ყელსაბამებს გლეჯენ, სახლებს უწვავენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან, ამ დროს შს მიმისტრი არსად ჩანს. მაინცდამაინც სადა ხარ ჩემო სულიკო უნდა ვუმღეროთ, რომ გამოჩნდეს? წალეკა ქვეყანა კრიმინალმა.
და ბოლოს, ქართული სახელმწიფოს დღევანდელობის მრუმე შუქ-ჩრდილების ანატომია გრაფიკულად შეიძლება ასე ავსახოთ:
სათავეში ერთი მდიდარი კაცი;
მის ქვეშ ტიკინებივით მოფართხალე მთელი ხელისუფლება;
კიდევ უფრო მის ქვეშ ქვეყნის მოქალაქეები;
სულ ქვევით კი, უძირო ჭაში მახინჯი ზებუ, რომლის ზარის ჩამოკვრას ყველა ელოდება, თუმცა ამაოდ;
არა სტრატეგია, არა მიზანი, არა პრიორიტეტები, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ ჯერჯერობით გარდაუვალი და შეუქცევადი – როგორ შეინარჩუნოს სათავეში მყოფმა, იმ მდიდარმა კაცმა სიმდიდრე და მდგომარეობა.
ახლა არ დამიწყოს ვინმემ, ეს როგორ – ჩვენ ქართველები ვართ, ევროპა ვართ, დემოკრატები ვართ. ნუ ხტუნაობთ ბატონებო, თორემ როგორც ახტებით, კიდევ უფრო მძიმედ დახტებით.
ეს არის ჩვენი პრიმიტიული რეალობა და ვინმეს დასანახად ხელოვნურად ნუ თაკილობთ ამას.
გსურთ, შეიცვალოს რაიმე? მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ამოვშანთოთ ჩვენში ჩაბუდებულ ცნობიერებაში მონის ფსიქიკა, რომლის ოცნება თავისუფლების მოპოვება კი არაა, არამედ ის, რომ თავად ჰყავდეს ბევრი მონა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა