“ივანიშვილი კობახიძესაც ისე მოისვრის, როგორც ძველები მოიშორა”

"ივანიშვილი კობახიძესაც ისე მოისვრის, როგორც ძველები მოიშორა"“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის წერილმა სიცხადე შეიტანა ამ მოვლენებში?
– ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობ იმ 10-კაციან სიას, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, გულწრფელი კითხვები აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და ეს კითხვები სავსებით სამართლიანია.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, ბესელიას გულწრფელობაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. ის მშვენივრად იყენებდა ამ პოზიციას და ამ მოსამართლეებს 6 წლის განმავლობაში. მიზეზები რაღაც სხვა არის. ეკა ბესელიას “ქართულ ოცნებაში” გავლენები შეერყა. მოსამართლეების საკითხი მან კარგად გამოიყენა, შესაძლებლობა ნახა, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს და ამ ტალღას გაჰყვეს, აჩვენოს, რომ დიდი ქომაგია სამოქალაქო ღირებულებების.
– რეალურად რა გამოდის?
– რეალურად კი შიდა კლანურ დაპირისპირებებთან გვაქვს საქმე.
– ეს შიდა კლანური დაპირისპირებები ივანიშვილის მიღმაა თუ მისი ავტორობით არის?
– ივანიშვილი ამ ყველაფრის მთავარი დირიჟორია, არავითარ შემთხვევაში ის არ არის ამ ყველაფრის მიღმა, პირიქით, ივანიშვილი ჯერ ვიღაცეებს იახლოვებს, შემდეგ მოიცილებს. შემდეგ ვიღაცეებს ერთმანეთთან აპირისპირებს.
– რა შეიძლება ამ მოვლენების ფინალი იყოს? პარტიის გაყოფა?
– “ქართული ოცნება” ადრე თუ გვიან მარტივ მამრავლებად დაიშლება და პოლიტიკაში აღარ იქნება, რადგან ამ პარტიას არ აქვს ღირებულებითი, პრინციპული ერთობა და არც ის თანამებრძოლეობრივი სულისკვეთება გააჩნია, რაც ამ დროს აუცილებელია.
ეს ადამიანები ერთმანეთს არანაკლებ მტრობენ, ვიდრე ოპონენტებს. თუმცა, როდის მოხდება ეს ყველაფერი? როდესაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები დასრულდება. მანამდე ეს პროცესები ასე გაგრძელდება. ვიღაც ახლა გამოაკლდება, ვიღაც ცოტა მოგვიანებით და ა.შ.
ამ ეტაპზე ბესელია შეეცდება, ახალი პოლიტიკური სუნთქვა მიიღოს. შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან საქმეც ჩააწყოს.
– ამ ყველაფრის მერე?
– დიახ, არ არის გამორიცხული. შეიძლება იმ დონეზე ჩააწყოს, რომ ბიძინა ივანიშვილს მთლად ბოლომდე მისი გაშვება არ მოუნდეს. შეიძლება პირიქით, სულ მოიცილოს და კიდევ უფრო მეტი რამ თქვას ბესელიაზე. ვნახოთ, ჯერ ბოლომდე არ არის ამ თამაშის ფინალი ცნობილი.
ბესელია ამბიციურია და შეიძლება ფრაქცია შექმნას ან საერთოდ “პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანდეს, ესეც არ არის გამორიცხული. თუმცა, რომ გითხრათ, რომ ბესელიას პოლიტიკური მომავალი მაინცდამაინც მადარდებს, მოგატყუებთ.
– ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლების სასარგებლოდ დებს ფსონს, რატომ როგორ ფიქრობთ?
– ამ ეტაპზე ნამდვილად ასე ჩანს. რატომღაც მოიძულა ძველები, მაგრამ ადრე თუ გვიან ზუსტად ასე მოიძულებს იმ ახლებსაც, კობახიძეს და სხვებს. მერწმუნეთ, ეს მისი სტილია.
– მოსამართლეთა სიაზე რას იტყვით?
– სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან სწორი პოზიცია აქვს. ამ ადამიანების მიმართ კითხვები არის, ეს ადამიანები შემჩნეულნი არიან ზოგადად ხელისუფლების მსახურებაში და არა – სამართლის მსახურებაში. ასე იყო ეს 9 წლის მანძილზეც და ასე არის 6 წლის მანძილზეც. შესაბამისად, მათ მიმართ არის კითხვები და მათ მიმართ სამართლიანად არის ნდობა დაკარგული.
თუმცა, მთელ ამ ამბავში მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ადამიანები, ეს ხალხი ურჩევნია. ეს აჩვენებს, თუ რამდენად სულერთია მისთვის ღირებულებები, ფასეულობები, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ა.შ.
– პარლამენტმა ვადა აიღო, რასაც ივანიშვილი მიესალმება. სია გაწვეული იქნება?
– ეს პროცესი მაშინ დასრულდება, როდესაც ივანიშვილის ეს კონგლომერატი არჩევნებზე დამარცხდება. მანამდე დაუსრულებელი პროცესი იქნება, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურებზე არის დამოკიდებული.
დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე ჭიდილი სამოქალაქო საზოგადოებასა და ივანიშვილის მმართველობას შორის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა