“ივანიშვილი კობახიძის კლანს იმიტომ აძლიერებს, რომ მოიშოროს”

"ივანიშვილი კობახიძის კლანს იმიტომ აძლიერებს, რომ მოიშოროს"რატომ აძლიერებს ივანიშვილი კობახიძის კლანს, ვინ ჩაანაცვლებს “ოცნებას”, როდის შეიცვლება მთავრობა, რა შეცდომა დაუშვა გახარიამ, რა გარიგებას სთავაზობდნენ ეკა ბესელიას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს “ოცნების” ე.წ. ახალ გვარდიას უჭერს. რატომ აქცია მან ზურგი ძველ თანამებრძოლებს?
– მას ძველი თანამებრძოლებისთვის ზურგი არ უქცევია და არც ახალ გვარდიას უჭერს მხარს. ის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე და მისი დაჯგუფება პარლამენეტს მოაჯდნენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ გაიმარჯვეს. ჩემი აზრით, მათი საქმე ძალიან ცუდად არის.
საერთოდ, როცა რაღაც ჯგუფის მოშორება უნდათ, მათ ხელოვნურად აძლიერებენ. გაძლიერებული გუნდი იჯერებს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, ასეთ დროს შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ეს შეცდომები მათ რეპუტაციას ლახავს და მათი მოშორება შემდეგ უკვე ძალიან იოლია.
დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ეს გეგმა აქვს. ის კობახიძის გუნდს უბიძგებს, რომ მან რაიმე სერიოზული დააშავოს. ამის მერე მათი მოშორება ძალიან მარტივად მოხდება.
იგივე ხდებოდა რესპუბლიკელებთან დაკავშირებით. აბა გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მოწვევის პარლამენტში. მაშინ რესპუბლიკელები კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შედიოდნენ. ივანიშვილმა ძალიან დიდი ძალაუფლება ჩაუგდო მათ ხელში. რესპუბლიკელები ამბიციური ტიპები იყვნენ. ამ ამბიციებმა და ძალაუფლებამ მათ ბევრი შეცდომა დააშვებინა, რის შემდეგაც ივანიშვილმა ისინი მარტივად ჩამოიშორა.
დაიმახსოვრეთ, ძალიან მალე კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის გუნდს ჩახსნიან “ოცნების” მატარებლიდან. ამის შანსი ჰქონდა არჩილ თალაკვაძესაც, მაგრამ ის თავად ამ გუნდს ჩამოეხსნა.
– ბოლო დროს თალაკვაძე მართლა არსად ჩანს. მისი გაუჩინარების მიზეზი რა უნდა იყოს?
– თალაკვაძეს თავისი მიზნები აქვს, ის საკმაოდ ეშმაკია. მას ღიად არ სურს თავისი პოზიციის დაფიქსირება, ის ჩუმად არის, მაგრამ ამ სიჩუმით ახლების ჯგუფს დაუჭირა მხარი.
– ეკა ბესელიას წინააღმდეგ რატომ დაიწყო ასეთი შტურმი?
– ამას ბევრად სერიოზული მიზეზები აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მე ბესელიას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ის ამ ბრძოლაში დამარცხდება. მას საკანონმდებლო ორგანოში ზურგი არ აღმოაჩნდა. მას მხარს სულ რაღაც 4 კაცი უჭერს. ამ 4 კაცით კი ვერაფერს გახდება.
– ვინ უჭერს ბესელიას მხარს?
– დავით ჭიჭინაძე, გედი ფოფხაძე, პოღოსიანი და, თუ არ ვცდები, წიკლაურიც ეხმარება. ბექა ნაცვლიშვილმაც ამათი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. სხვები ხმას არ იღებენ. ისეთი სახეები აქვთ, თითქოს არაფერი ხდება. გია ვოლსკი საერთოდ ისეთ განცხადებებს აკეთებს, ვერ გაიგებ, რა უნდა – ორივე დაჯგუფებას უჭერს მხარს. თამარ ჩუგოშვილიც მიჩქმალულია, საერთოდ ხმას არ იღებს. ეგ გინდ ყოფილა, გინდ არა.
მათ არ უნდათ იმ ომში ჩართვა, რომელიც პარლამენტში გაჩაღდა. აშკარაა, რომ ივანიშვილი ამ ხალხს ერთმანეთს აჯიჯგნინებს.
ამ მომენტისთვის უპირატესობა კობახიძის ფლანგის მხარესაა, მათ თავიდანვე უნდოდათ ეკა ბესელიას მოშორება და იურიდიული კომიტეტის ხელში ჩაგდება.
– კომიტეტი ისედაც მათი არ იყო?
– არ იყო. ბესელია რაღაც კანონებს უბლოკავდა.
– მაგალითად, რა კანონებს?
– თუნდაც მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ კანონს. ამ მხრივ ახლა კობახიძის ფრთას კარტ-ბლანში მიეცა. ეტყობა, მან პირობა დადო, რომ მთელ დარტყმას თავის თავზე აიღებს და ამ კანონს გაიტანს. ამის სანაცვლოდ პარლამენტზე სრული კონტროლი მოითხოვა.
– აქამდე ვერ აკონტროლებდა მთელ პარლამენტს?
– ვერა. ბესელია იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მთელ რიგ საკითხებს უბლოკავდა. ახლა ჩაიგდებს ამ კომიტეტს ხელში და გაჯეჯილდებიან. ვიცი, რომ ეს საზოგადოებას აღიზიანებს, მაგრამ მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ – ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ შემდეგ კობახიძის გუნდი მთლიანად მოისროლონ.
ძალიან მალე ესენი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან. კობახიძეს კიდევ რა უჭირს, პარლამენტის სპიკერია და ხალხს ცოტა ხანი მაინც ემახსოვრება, მდინარაძის და ზარდიაშვილის გვარებიც კი არ ემახსოვრებათ მალე.
ძალიან საინტერესო თამაშს თამაშობს კახა კალაძე, ის საერთოდ გაერიდა გუნდში მიმდინარე პროცესებს.
– გაერიდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის და კობახიძე ერთ გუნდს წარმოადგენენ.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებაში მათ უჭერს მხარს. კალაძე ელოდება, ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში და მერე დააფიქსირებს თავის პოზიციას.
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ვერც ერთი ამბოხებული მეოცნებე ვერ ბედავს იმის გაკეთებას, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ის ღიად დაუპირისპირდა “ოცნებას”. მასთან დაკავშირებითაც საინტერესო ამბავია, ის რამდენიმე თვის წინ შევიდა პატრიოტთა ალიანსში და ახლა იქედან გამოსვლას აპირებს.
– ჩვენთან ინტერვიუში ჭიჭინაძემ თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსში მხოლოდ რამდენიმე თვით იყო შესული.
– არა მგონია, რომ მთლად ეს იყოს მისი წამოსვლის მიზეზი. აქ სხვა რამე ხდება. მან, “ოცნებაზე” განაწყენებულებთან ერთად, შეიძლება ახალი ფრაქცია შექმნას.
– ნატო ჩხეიძეც ამათთან იქნება?
– ნატო ჩხეიძე, მგონი, ყველამ გარიყა, მაგრამ უმრავლესობა უფრო შავ დღეშია. მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მაგრამ შეიძლება კანონების გატანაც კი გაუჭირდეთ. ძალიან მალე 76 ხმასაც ვერ მოაგროვებენ.
– ასე მძიმედ არის ვითომ საქმე?
– მძიმედ კი არა, უმძიმესად. აქ ისეთი ბზარია გაჩენილი, რომელიც მთელ “ოცნებას” დაანგრევს.
რიგმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ კობახიძის გუნდი ისევე განუდგება ივანიშვილს, როგორც თავის დროზე სააკაშვილი-ჟვანია განუდგა შევარდნაძეს. ამბობენ, რომ მთავარ მეოცნებეს რევოლუციასაც კი მოუწყობენ. დამიჯერეთ, ეს არ მოხდება.
– რატომ, კობახიძის გუნდს რევოლუციის მოწყობის თავი არ აქვს თუ არ იკადრებენ ამას?
– აქ სხვა რაღაცაშია საქმეა. შევარდნაძისგან განსხვავებით, ივანიშვილი საქმოსანი კაცია.
– მისი საქმოსნობა რას წყვეტს?
– ძალიან ბევრ რამეს. მან კარგად იცის, რას ნიშნავს ფულის ძალა.
– ამის გარდა, ხალხის დაბოლებაც კარგად გამოსდის.
– ხალხის დაბოლება შევარდნაძემაც კარგად იცოდა.
– იცოდა, მაგრამ ბოლოს ეს უნარი დაკარგა. ივანიშვილი ჯერ კიდევ აბოლებს.
– ვერც ეგ ვეღარ აბოლებს. გაიხსენეთ, როგორ ეხვეწებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ძველ გვარდიას, დამეხმარეთო. ჯერ გვერდით დადგომა სთხოვა და ახლა მათ ჭირხვნის, რაც ალოგიკურია. ყველაზე დიდი ალოგიკურობა კი ისაა, რომ “ოცნება” აქამდე არ ჩამოიშალა.
პირადად ჩემთვის გაუგებარია, როგორ არ ტოვებს ბესელია “ოცნებას”. ამდენი რაღაც დაუშავეს, ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს და ეს კიდევ გაიძახის, გუნდში ვრჩებიო.
არ მესმის, როგორ შეიძლება იმ გუნდში დარჩე, რომელიც მურუსიძეს უვადო მოსამართლედ ირჩევს.
– ბესელია ახსენეთ და გაირკვა, რომ ის თურმე სექტემბერში ვიცე-სპიკერად გადაჰყავდათ, ეს ახალი ზღაპარია?
– არა, ზღაპარი არ არის. ამ თანამდებობას ბესელია იურიდიული კომიტეტის დატოვების სანაცვლოდ მიიღებდა. როგორც უკვე გითხარით, ბესელია რაღაც კანონებს ბლოკავდა. იურიდიული კომიტეტის გარეშე კანონს ვერ მიიღებ. ამიტომ უნდოდათ ბესელიას მოშორება. აშკარაა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გატანა უნდათ. ეჭვი მაქვს, რომ კანაფის კულტივაციაზეა საუბარი.
– ბესელია ამის წინააღმდეგია?
– ეტყობა. ბესელიას გარდა, სხვებიც ეწინააღმდეგებიან. ისინი ხვდებიან, რომ კანაფის კულტივაციას თუ დაუჭერენ მხარს, ხალხი მათ საბოლოოდ შეიძულებს. ბესელია ამის წინააღმდეგი რომ არ წასულიყო, ახლა ვიცე-სპიკერის სავარძელში იჯდებოდა.
“ოცნებაში” ძალიან ბევრი დეპუტატი ეწინააღმდეგება მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას. ამ ადამიანებმა ერთ დღეს შეიძლება პროტესტის ნიშნად პარტია დატოვონ.
– დამტოვებლები აქამდეც დატოვებდნენ.
– მეც მეგონა, რომ აქამდე დატოვებდნენ, მაგრამ ეს დროც დადგება.
– როდის დატოვებენ, როცა საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება?
– ჩემი აზრით, ეს ბევრად ადრე მოხდება. ისეთი ბზარია გაჩენილი, “ოცნება” თავზე დაემხობათ. ამას მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებებიც ვერ უშველის.
– იქნება ეს ცვლილებები?
– ცვლილებები გარდაუვალია. აუცილებლად შეიცვლება პრემიერი.
– ვინ დაიკავებს ამ პოსტს? აქამდე გახარიაზე მიდიოდა საუბარი, მაგრამ ბოლოს მას არავინ ახსენებს.
– გახარიას კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა, მაგრამ მან სერიოზული შეცდომა დაუშვა და ჩაიჩოჩა.
– რა შეცდომა?
– ინაუგურაციის დღეს დაუშვა შეცდომები და პარლამენტში გამოსვლისას ვერ მოზომა სათქმელი. მას არ აპატიეს ის, რომ ნიკა მელია არ დაიჭირა.
– მელია დეპუტატია და როგორ უნდა დაეჭირა?
– შეეძლო მიემართა პარლამენტისთვის და მოეთხოვა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა. ის მხოლოდ კირკიტაძის დაჭერას დასჯერდა და ახლა მოუწევს შს მინისტრად დარჩენა. ისე, მშვენიერი მინისტრი იყო, ხალხის სიმპატიებიც მოიპოვა, მაგრამ მერე ყველაფერი გააფუჭა.
ჩემი აზრით, პრემიერის პოსტს ბიძინა ივანიშვილი ჩაიბარებს. მის გარდა, ამ სიტუავიას ვერავინ დააწყნარებს. დაწყნარება ახლაც შეუძლია, მაგრამ “ოცნების” წევრებს ერთმანეთს აჭმევინებს. მას აქვს ასეთი მიზანი – “ოცნება” უნდა დასუსტდეს.
– რატომ აკეთებს ამას?
– საქართველოში არცერთი პარტია ორზე მეტი ვადით არ ყოფილა ხელისუფლებაში. “ოცნება” მეორე ვადას ასრულებს. მას მესამედ მოსვლის შანსი არ აქვს. ივანიშვილს გავლენების შენარჩუნება უნდა, აჭმევინებს ამ გუნდის წევრებს ერთმანეთს და ვინც გაიმარჯვებს, იმათ წაახალისებს.
ამის გარდა, შექმნის სატელიტ პარტიებს. ერთ-ერთ მათგანს დაეყრდნობა. ამბობენ, რომ მესამე ძალას გია ხუხაშვილი და ალეკო ელისაშვილი შექმნიან. მესამე ძალად ლევან ვასაძე მოგვევლინება. ეს ივანიშვილის ხელდასხმით მოხდება.
– ივანიშვილი ხომ მესამე ძალის წინააღმდეგი იყო?
– ეგ ადრე, ახლა მესამე ძალა სჭირდება.
– რისთვის?
– იმისთვის, რომ ძალაუფლება გადააბაროს.
– ვასაძე შექმნის მესამე ძალასო და მას გადააბარებს.
– უკვე მიმდინარეობს ვასაძისთვის ხელისუფლების გადაბარება.
– ვასაძეს უნდა, რომ გადაიბაროს?
– რატომაც არ უნდა. მან რამდენჯერმე მიანიშნა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. ვასაძის პარტიის გარდა, პარლამენტში ივანიშვილი “ოცნების” იმ ფრთასაც შეიყვანს, რომელიც ამ ომში გადარჩება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა