ხათუნა ბერინაშვილი – ”H1N1 გრიპის ზოგი გართულება, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში იყოს”

ქვეყანაში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მართალია, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეპიდემიის ზღვართან არ ვართ, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისა და დროული მკურნალობისკენ მოუწოდებს.

რა შემთხვევაში მიდიან ფატალურ შედეგებამდე ამ გრიპით დაავადებულები, როგორ უნდა მოვიქცეთ დაინფიცირების შემთხვევაში და რა არის საჭირო პრევენციისთვის _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, კარდიოლოგი-თერაპევტი, ხათუნა ბერინაშვილი საუბრობს.

_ ძირითადად რა ნიშნები ახასიათებს ამ გრიპს და როგორ უნდა გავარჩიოთ ის სხვა გრიპისგან?

_ გრიპი იწყება უეცრად და ამით ის განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან. ახასიათებს ცხელება, შემცივნება, ხველა, სახსრების და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე,ზოგ შემთხვევაში გულისრევა და დიარეა.

გრიპით დაავადების დროს სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება: სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, ტკივილი გულმკერდში ან მუცლის არეში, უეცარი თავბრუსხვევა, მრავალჯერადი პირღებინება. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, როდესაც უმჯობესდება გრიპის სიმპტომები, მაგრამ კვლავ იწყება მაღალი სიცხე ან იმატებს ხველის ინტენსივობა.

_ რას ურჩევთ მოქალაქეებს, თუკი ამგვარ ნიშნებს შეამჩნევენ, რა უნდა მოიმოქმედონ პირველადი დახმარების გასაწევად?

_ მოქალაქეებს მსგავსი ნიშნების აღმოჩენისთანავე  ვურჩევ, რომ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  ყოფნისაგან და პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს. დაუშვებელია თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების ემპირიულად დაწყება, უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციები და მკურნალობა დაწყებული იქნას ექიმის დანიშნულებით.

_ რა შემთხვევაში მიდიან ამ გრიპით დაინფიცირებულები ფატალურ შედეგებამდე?

_ H1N1  გრიპი შესაძლოა რამოდენიმე დღიდან დაახლოებით ერთ კვირამდე გაგრძელდეს და ზოგ შემთხვევაში გართულება გამოიწვიოს. გართულებებიდან ზოგიერთი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს და სიკვდილის მიზეზი გახდეს.

_ რა ასაკის ადამიანებშია ამ ვირუსით დაინფიცირების რისკი უფრო მაღალი და ამ ეტაპზე რა ასაკის ადამიანებში ვხვდებით ძირითადად?

_ გრიპით შეიძლება ნებისმიერ ასაკის სრულიად ჯანმრთელი ადამიანი დაავადდეს, რისკის ჯგუფებს კი მიეკუთვნებიან: 65 წლის ზევით მყოფი პირები, ორსულები, ბავშვები განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის,  ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები.

_ რა გავაკეთოთ პრევენციისთვის? თუკი რომელი ოჯახის წევრი დაინფიცირდა, როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის სხვა წევრები, რომ თავი დაიცვან. არსებობს რაიმე ბერკეტი?

_ გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა აცრა. აცრა არ იძლევა გრიპის თავიდან აცილების სრულ გარანტიას, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს იცავს გართულებებისგან.

უნდა მოვერიდოთ გრიპით დაავადებულ ადამიანს, აუცილებელია ხელის ხშირი დაბანვა, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის, ვიტამინებით მდიდარი საკვების და სითხეების მიღება, შენობის ხშირი განიავება.

_ დაინფიცირების შემთხვევაში, რამდენ ხანში უნდა დავიწყოთ მკურნალობა, რომ ეფექტური იყოს და როდისაა ის დაგვიანებებული?

_ დაინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს და დაწყებული იქნეს შესაბამისი მკურნალობა. როდესაც ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, ამ დროს ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ქრონიკული  დაავადებების მქონე პირებში, ითვლება დაგვიანებულ შემთხვევად.

ლელა მენაბდე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019