ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნებაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მისი გაყოფით დამთავრდება”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების თემაზე „ქართულ ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. რამდენად შორს წავა პროცესი და რამდენად რეალურია „ქართული ოცნების“ დაშლა, ან გაყოფა? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს:

_ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მორიგი ტალღაა. რეალურად ეს უკავშირდება უზენაესის მოსამართლეების კანდიდატებს, თუ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა ბესელიას ჯგუფმა კობახიძის ჯგუფის წინააღმდეგ?

_ ერთიც არის და მეორეც. თავისთავად მოსამართლეების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად გრძელვადიანი გავლენის მომხდენია ამ ქვეყნის მომავლისთვის და რამდენიმე თაობისთვის მომავალში, რომ მას სხვა რომელიმე საკითხის დანამატად ვერ განვიხილავთ.

ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვამბობდი, რომ პრეზიდენტზე გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურები. მით უმეტეს, რომ წევრები საერთოდ უვადოდ ინიშნებიან. ამავდროულად ვერც იმას გავექცევით, რომ „ოცნებაში“ ფაქტობრივად უკვე დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კერძოდ „ოცნების“ სიისთვის მზადება. ვერც დღევანდელი უმრავლესობის წევრები გაექცევიან იმას, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება.

_ ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო?

_ კი, ზუსტად ასეა. პოლიტიკურ მზისქვეშეთში ადგილის მოზომვა დაიწყეს „ქართულ ოცნებაში“ არსებულმა სხვადასხვა ჯგუფებმა. „ოცნება“ ერთიან მონოლითზე დაფუძნებული არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის იყო სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ნაკრები, მაგრამ ახლა ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ სიაში დღევანდელი უმრავლესობა ვერცერთი ლოგიკით ვერ მოხვდება. ამიტომ, რასაც ახლა ვუყურებთ, მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესების, რასაც ჰქვია „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის ბრძოლა. დიდი ალბათობით, ეს გაყოფით დამთავრდება.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მოსამართლეების თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ბუნებრივად აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი „ოცნებაში“ მიმდინარე ამბების გამოსაკვეთად.

ჯერ-ჯერობით სახეზე გვაქვს 2 ჯგუფის დაპირისპირება. პირობითად ძველების და შედარებით ახლების. ანუ იმ ჯგუფის, რომელიც „ოცნებას“ 2012 წლიდან მოყვება და მეორე ჯგუფის, რომელიც მმართველ პარტიას 2016 წელს შეუერთდა.

_ გია ვოლსკი საით არის, რომელიც პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. თქვენ საით ხედავთ მას?

_ საინტერესო კითხვაა და ამიტომ ვთქვი, რომ პირობითად ჩანს 2 ჯგუფი. დანარჩენები ამ დაპირისპირებაში ღიად არ ერევიან, თუმცა ვინც ზედაპირზე არ ჩანს, მათშიც შეიძლება სხვა ჯგუფები გამოიკვეთოს. ანუ ის ადამიანები გადაჯგუფდებიან ამ ორ ჯგუფში – კობახიძისა და ბესელიას ჯგუფებში, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავს არც ერთ და არც მეორე ჯგუფს არ მიაკუთვნებენ.

ამაზე რეპლიკები უკვე მოვისმინეთ, ხაზს ნუ ავლებთ ჩვენ მაგივრად და თუ არ გვაქვს გადაჯგუფების სურვილი, რატომ გვაიძულებთ ამის გაკეთებასო. პერსონალიებს თუ მივყვებით, რთული იქნება მომავალისა და ამ ადამიანების ადგილსამყოფელის განსაზღვრა, მაგრამ ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ამ ორ ჯგუფზე მეტი ინტერესთა ჯგუფია „ოცნებაში“.

_ ანუ შესაძლებელია, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ნაწილად დაიშალოს და მხოლოდ 2 ნაწილად არ გაიყოს?

_ არ არის გამორიცხული. გაფორმდება თუ არა დაშლა კიდევ უფრო მეტ ნაწილად, ამის პროგნოზირება გამიჭირდება, მაგრამ ესენი რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ „მოძოვენ“ ,ეს ცხადია.

_ ანუ გგონიათ, რომ ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს პარტია?

_ მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებათ.

_ დაპირისპირების ერთ-ერთმა ფიგურანტმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა „პალიტრანიუსის“ ეთერში, რომ ერთიანობის პრობლემა არ არის, მაგრამ მოსამართლეების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და პოზიციას არ დავთმობთო.

_ ლევან კობერიძემაც თქვა, ერთიანობის პრობლემა არ არსებობსო, მაგრამ ერთია, რას ამბობენ ღიად და მეორეა, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით.

_ დიდ ინტერესს იწვევს ივანიშვილის პოზიციაც. როდესაც ამხელა აჟიოტაჟია, მმართველი პარტიის ლიდერმა საკუთარი პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს?

_ მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამ წუთას „ოცნების“ შიგნით ძალთა დათვალიერებას ახდენს. თავისთავად ამ პროცესში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და საბოლოოდ ფორმირდება ინტერესთა ჯგუფები, რაც აუცილებელია მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

ამ ეტაპზე იკვეთება კობახიძის ჯგუფი თუ კლანი, რომლის დამახასიათებელი ნიშანი არის სიმპათიები იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციან სიასთან მიმართებაში, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და რითიც საზოგადოება უკმაყოფილოა, რადგან წინა ხელისუფლების მთავარი სადამსჯელო რაზმი იყო სასამართლო სისტემაში. ყველა დეპუტატი, ვინც კობახიძის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, ხაზგასმით ამბობს, რომ სწორედ კობახიძე წარმოადგენს ამ მოსამართლეების ინტერესს საქართველოს პარლამენტში.

ჯერ კიდევ დეკემბერში იყო ინფორმაცია იმაზე, რომ კობახიძეს გადააყენებენ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და მას გაუშვებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რაც წარმოუდგენელი რამე გახლავთ. პარლამენტის თავმჯდომარე თავის ფუნქციას ამოწურავს წელიწადნახევარში, მაშინ როდესაც უზენაესის თავმჯდომარეს 10 წლით ვირჩევთ.

თუ კობახიძე გადავა უზენაესის თავმჯდომარედ, 2012 წლის შემდეგ პირველად ქართულ პოლიტიკაში ჩვენ ვიხილავთ ერთი პოლიტიკური კლანის უპრეცედენტოდ გაძლიერებას. კონფიგურაცია იქნება ასეთი: კობახიძე უზენაესის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭო, რომელიც სასამართლოს წიაღში თავისი საცეცებით ფაქტობრივად რვაფეხაა და სასამართლოს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და პლუს კობახიძის ძალიან სერიოზული დაჯგუფება საქართველოს პარლამენტში და მისი ხალხი პარტიულ სტურქტურებში.

თუ ასეთი კონფიგურაცია დალაგდა, ეს იქნება ძალიან სერიოზული რაღაც, რაც ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს 2012 წლიდან დღემდე. ეს იქნება დაჯგუფება, რომელიც თავის პირობებს წაუყენებს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სხვა ფლანგებს, არამედ ბიძინა ივანიშვილსაც.

_ თუმცა, ივანიშვილის გარეშე ალბათ ეს ვერ მოხერხდება.

_ არა, ვერ მოხერხდება, მაგრამ თუ ეს მოხერხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ისეთი მორჩილები იქნებიან, როგორც მანამდე. არ მგონია, რომ ეს ივანიშვილის ინტერესებში იყოს, რადგან იგი გამოირჩეოდა „ოცნების“ შიგნით ძალთა ბალანსისა და ინტერესთა ჯგუფების ბალანსის შენარჩუნების ინიციატივით.

მეორეს მხრივ, თუ გვერდზე გაიწია ძველი თაობა, პარტიულ სტრუქტურებშიც წამყვანი ისევ კობახიძის ეს დაჯგუფება იქნება. აქედან გამომდინარე, არა მგონია, კობახიძეს ამგვარი გაძლიერების საშუალება მისცენ, მით უმეტეს საზოგადოებაში ასეთი განწყობების ფონზე.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, როგორი იქნება მეორე ჯგუფის, ე. წ. ძველების ტაქტიკა.

მათთან ასოცირებული ყველა დეპუტატი ღიად ადებს ხელს კობახიძეს ამ ლობირებასა თუ ლოიალობაში ამ ოდიოზური მოსამართლეების მიმართ. დეპუტატების ეს ნაწილი ცდილობს, რომ კობახიძეს მიეკეროს ამ ოდიოზური მოსამართლეების ლობისტის დამღა, რითიც კობახიძეს არამხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა გაუჭირდება, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნებაც.

ვინ მოიგებს ამ ბრძოლას. მოახერხებს თუ არა ეს ჯგუფი კობახიძის პოზიციების შესუსტებას და შემდეგ მის გაწევას პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, თუ კობახიძე მოახერხებს გაცილებით სასურველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას, უახლოეს ორ თვეში გამოჩნდება.

ივანიშვილი სწორედ ამ დაკვირვების რეჟიმშია, ვის რა შეუძლია დამოუკიდებლად ამ ორი ჯგუფიდან და ვინ უფრო შორს წავა. შეიძლება ასეც მივუდგეთ, ვინ რისი მკადრებელია. წმინდა პოლიტიკური მენეჯმენტის თვალსაზრისით ივანიშვილის მიდგომა სწორია, რათა შეაფასოს კრიტიკულ სიტუაციებში პოლიტიკური გუნდების სიცოცხლისუნარიანობა და მორალურობა. რამდენად მორალურები ან ამორალურები არიან.

მთავარია, ამ შერკინებისას საბოლოო ჯამში ქვეყანა არ დაზარალდეს. თორემ, ლოკალურად ასეთი სიტუაციები პოლიტიკურ პროცესს არ ვნებს, პირიქით დაკრისტალდება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაშია“.

არც ის გამოვრიცხოთ, რომ „ქართული ოცნება“ დაიშალოს და რამდენიმე პოლიტიკური პარტია ვიხილოთ. შეიძლება აქეთკენაც წავიდეს პროცესი, რომ „ოცნების“ ნიადაგზე ამოიზარდოს რამდენიმე პოლიტიკური ძალა.

_ „ოცნების“ შიგნით ამ რესურსს ხედავთ, რომ რამდენიმე პარტია შეიქმნას, თან ისე, რომ ეს ძალები პარლამენტშიც მოხვდნენ?

_ თუ ადამიანებს გადავთვლით, წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით ეს რესურსი არის, მაგრამ ინტელექტუალურ-იმიჯური თვალსაზრისით რესურსი „ქართულ ოცნებაში“ უმცირესია.

_ ამას ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ჟურნალისტებსაც გვიჭირს მოძებნა ისეთი დეპუტატის, ვისაც აზრიც მოეკითხება და გავლენაც აქვს პარლამენტში.

_ გეთანხმებით. ზუსტად ეს არის. „ქართული ოცნების“ რესურსი ხომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია! ამ შემთხვევაში საპარლამენტო ნაწილზე ვსაუბრობ. ივანიშვილი ვერ გაიყოფა და ის რომელიმე ჯგუფთან დარჩება ასოცირებული. დამოუკიდებლად პარლამენტში რომ მოხვდნენ, არცერთ ჯგუფს არ აქვს ამის რესურსი.

რამდენიმე გვარი შეიძლება დავასახელოთ, თუ ისინი სწორ კონფიგურაციას დაალაგებენ. არასდროს დამიმალავს ჩემი სიმპათია ლევან კობერიძის მიმართ, იგივე რომან კაკულია, ბექა ნაცვლიშვილი… რამდენიმე გვარია, რომლებიც ნათელი სახეებია ამ პარლამენტში, მაგრამ ამ გაწამაწიაში ყოველთვის იჩრდილებოდნენ ხოლმე. მათ აქვთ პოლიტიკურად ინდივიდუალური შანსი, მაგრამ რამდენად შეძლებენ ისინი ამის გადათარგმნას პოლიტიკურ პარტიად, ამაზე საუბარი გამიჭირდება. სხვა თუ არაფერი, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული.

პარლამენტს გარეთაც არის რესურსი. იგივე კახა კალაძე, გიორგი გახარია… ამათაც აქვთ რესურსი.

_ კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ გახარია ჩააჩოჩეს.

_ ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ.

_ ის ფაქტი, რომ შიდა დაპირისპირებაში მთავრობის წევრები ჩართულნი არ არიან, რაზე მიანიშნებს? ისინიც დაკვირვების რეჟიმში არიან თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე?

_ ეს აბსოლუტურად სწორია, აღამსრულებელი ხელისუფლება ამაში არ უნდა ერეოდეს. ეს პარლამენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაამტკიცოს, ან არ დაამტკიცოს მოსამართლეთა სია.

_ მაგალითად, თეა წულუკიანმა დააფიქსირა თავისი პოზიცია.

_ კი, თუმცა ეს იმიტომ, რომ ის არის ის ფიგურა, რომელიც სასამართლო რეფორმას წარმართავდა „ქართულ ოცნებაში“. ის, რომ იუსტიციის ასეთი საბჭო მივიღეთ, დიდწილად მისი დამსახურებაცაა. ამიტომ, ის ვალდებული იყო, პოზიცია გამოეხატა.

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არანაირად არ ეკუთვნით ჩარევა არც სასამართლო და არც საპარლამენტო ხელისუფლების უფლებამოსილებებში. ასე, რომ ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. თუნდაც დაიშალოს „ოცნება“, ივანიშვილისთვის წამგებიანი ესეც არ არის.

_ ვადამდელი არჩევნები რამდენად მოსალოდნელია და ხომ არ არის მომგებიანი ივანიშვილისთვის მისი ახლა გამართვა ძველი სისტემით, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება?

_ არა, ახლა ძალიან გაუჭირდება. ახლა პარტიულ სტრუქტურებში წამყვანი როლი „ოცნების“ ახალ ფრთას აქვს. ამიტომაც, სანამ არ გაირკვევა პოზიციები, იქამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრული კარტბლანშის მიცემა იქნება ამ ფრთისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ დღეს არ არის ის სიტუაცია, როცა ივანიშვილს აწყობს ვადამდელი არჩევნები და კობახიძისთვის კარტბლანშის მიცემა და ისეთი გუნდის წინა პლანზე წამოწევა, რისი მძევალიც შესაძლოა თავად იქცეს ბიძინა ივანიშვილი.

თუ ყველა ნაწილში კობახიძე იქნება წამყვანი, ივანიშვილს აღარ ეყოლება ძალა, რომელიც ამ ფრთას დააბალანსებს.

_ მოსამართლეების თემაზე ოპოზიციის ცალკეული განცხადებები კი გვესმის, მაგრამ მთლიანობაში გამოთიშულის შთაბეჭდილება რჩება. სად ხედავთ ამ პროცესში ოპოზიციის როლს?

_ გეთანხმებით, ოპოზიციის როლი ამ პროცესმა უკანა პლანზე გადაწია. დღეს ყურადღების ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ თავისი სხვადასხვა ფლანგებით. ყველაფერი ამ გადალაგებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პოლიტიკური ძალების გამოსვლა დღის წესრიგში არ იქნება.

ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მოსამართლეების თემა იქნება. დღეს კი უკანა პლანზეა ოპოზიცია, მაგრამ ასე იმიჯშერყეული „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე ვერ მივა თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხარით, „ოცნების“ შიგნით მტკივნეული პროცესები დაიწყებაო. სხვა თემებთან ერთად, ამ პროცესის დასაწყისსაც ხომ არ ვუყურებთ ახლა?

_ რა თქმა უნდა, ესეც არის.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019