ხმელთაშუა ზღვაში 170 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში 170 მიგრანტი დაიღუპახმელთაშუა ზღვაში, 2 ნავის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, 170 მიგრანტი დაიღუპა.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

სამმა მიგრანტმა, რომლებიც გადარჩნენ, განაცხადეს, რომ ნავში 120 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა დასავლეთ აფრიკიდან იყო.

ნავმა ლიბიის სანაპირო ხუთშაბათს დატოვა და დაახლოებით, 10-11 საათის შემდეგ ჩაძირვა დაიწყო. ბორტზე 10 ქალი და 2 ბავშვიც იმყოფებოდა. ლიბიამ იმ რაიონში, სადაც ნავი ჩაიძირა, სავაჭრო გემი გაგზავნა, მაგრამ ვერავინ იპოვეს.

კიდევ 53 მიგრანტი, რომლებმაც მაროკო ნავით დატოვეს, სავარაუდოდ, ასევე დაღუპულები არიან. წინასწარი მონაცემებით, გემი, რომელზეც გადარჩენილები იმყოფებოდნენ, ალბორანის ზღვაში რაღაცას შეეჯახა.

გასული წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 2.297 მიგრანტი დაიღუპა, ევროპაში კი 116.959-მა მიგრანტმა მიაღწია.

ინტერპრესნიუსი