მამა პეტრე – “სად ჩვენ და სად – ქრისტეს სარწმუნოება! მოვეშვათ ზღაპრებს!“

მამა პეტრე - "სად ჩვენ და სად - ქრისტეს სარწმუნოება! მოვეშვათ ზღაპრებს!“მამა პეტრე (კოლხი) სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ღმერთი არასდროს არჩევს ადამიანს ეროვნული ნიშნით. ის ყველას მიმართ თანაბრად სამართლიანია. სარწმუნოებას ეროვნულობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ასე რომ იყოს, მსოფლიოს ხალხთა შორის, ქრისტესთან ყველაზე ახლოს ებრაელები უნდა იდგნენ, რადგან მათ წიაღში იშვა…

ხშირად ვტრაბახობთ ,,რჩეული ერის” სტატუსით… ეს კი არასწორი, მეტიც, შეცდომაა…

საქართველოში ქრისტესთვის პირველი წამებული სპარსი რაჟდენი იყო… ვინაიდან რაჟდენი სპარსი იყო, მთელი სპარსეთი რჩეულია?! არა!.. ეს რაჟდენმა შეძლო… მისი თავისუფალი ნება იყო, ქრისტეს სიყვარულისთვის შეეწირა თავი…

ის, რომ ქართველი ერი დასაბამიდან მართლმადიდებელი ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, მარტო ეს არის საკმარისი… პირიქით, თუ რჩეულობის ამბიცია გვაქვს, იმის ამბიციაც უნდა გვქონდეს, რომ არა გარეგნული ნიშნებით – ტაძრების და მონასტრების შენებით და სანთლების აბრიალებით, არამედ შინაგანად უნდა მივბაძოთ ქრისტეს…

შიგნით კი, სიძულვილი, შური, ბოღმა, მკვლელობა, სადიზმი მეფობს…

დილით, ერთ-ერთ ტაძართან ახლოს ჩავიარე, ქვებით ჩაქოლილი ძაღლი ეგდო… ცრემლი მომერია, ძაღლს არა, ჩვენს გულისამრევ ილუზიას დავსტიროდი ,,რჩეული ერის” სახელით…

იტალიაში ქართველი ხელოვანი, ისევ ქართველისგან წამებით მოკლული რჩეული ერის მახასიათებელი ნიშანია?! ან კიდევ, ის პატარა ბავშვი, რომელიც მშობლებს ცემაში შემოაკვდათ…

საქართველოში მართლმადიდებლობა მხოლოდ სტატუსია… მისგან ჩვენში თითქოს აღარაფერი დარჩა… ისე, როგორც ძველი რომიდან, ძველი ბაბილონიდან!..

მოვეშვათ ზღაპრებს და რეალობას პირისპირ შევხედოთ – სად ჩვენ და სად – ქრისტეს სარწმუნოება?!“

ნიუპოსტი